იტალიური ენის ოცდამეექვსე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული უამრავი სხვადასხვა ინიციატივით აღინიშნა, მნიშვნელოვანი ღონისძიებით დასრულდა: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იტალიური ენის კვირეულის განმავლობაში ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას“ მიერ საქართველოს საჯარო და კერძო ქართულ სკოლებში ორგანიზებულ სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება გაიმართა. კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები იტალიის საელჩოსა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მიერ მომზადებული პრიზებით დასაჩუქრდნენ.
ღონისძიებაზე იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა საქართველოს ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნების ჩამონათვალში იტალიური ენის ჩართვის შესახებ გამოაცხადეს. ეს გადაწყვეტილება საქართველოში იტალიური ენის სწავლებისა და გავრცელების მნიშვნელობაზე მიუთითებს.
“ეს იმ ხანგრძლივი პროცესის შესანიშნავი შედეგია, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს სკოლებში იტალიური ენის (როგორც მეორე სავალდებულო უცხო ენის) სწავლების დანერგვით დაიწყო. პროგრამა იტალიის საელჩოს ძალისხმევით, ქართულ-იტალიური განათლების ცენტრ „მინერვასთან“ კოორდინირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. ამჟამად საქართველოს დედაქალაქისა თუ რეგიონების 65 საჯარო და კერძო სკოლაში იტალიურ ენას 9000-მდე მოსწავლე ეუფლება, 2027 წლიდან კი, მოსწავლეებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელ საგნებს შორის იტალიური ენის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ”.