იტალიის საელჩო მადლობას უხდის იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა (FIGC) და კოვერჩანოს ფეხბურთის მუზეუმს გამოფენისთვის “ფეხბურთის თავგადასავალი: მოგზაურობა იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში”, რომელიც 2023 წლის 2 ივნისს, იტალიის ეროვნული დღის აღნიშვნის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA).

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოს – ფეხბურთის ეროვნული ნაკრების (რომელიც ახალგაზრდულ და ასევე, ქალთა საფეხბურთო ნაკრებებსაც მოიცავს) – მეშვეობით იტალიის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ექსპოზიცია წარმოადგენს ფოტომასალების მდიდარ გალერეას და მოგვითხრობს იტალიის ეროვნული ნაკრების შექმნის, მისი გამარჯვებებისა და ტრიუმფის ისტორიას. საქართველოში (ქვეყანაში, სადაც იტალიურ ფეხბურთს თვალყურს დიდი ინტერესით ადევნებენ) გამოფენა 1000-მდე სტუმარმა დაათვალიერა და მას დიდი მოწონება ხვდა წილად.
ფოტოსურათებზე ასახულია იტალიური საფეხბურთო გუნდის პირველი ნაბიჯები, “სკუადრა აძურას” ლეგენდარული მწრთვნელის, ვიტორიო პოცოს თავკაცობით მოპოვებული ისტორიული წარმატებები (ზედიზედ ორჯერ მოგებული ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი და მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი), გამარჯვებები ჯერ 1982 წელს ესპანეთში გამართულ, შემდეგ კი 2006 წელს გერმანიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატებში.

ექსპოზიციაში ჩართულია სხვადასხვა ემოციური მომენტის ამსახველი ფოტოები: დამარცხება 1994 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის პენალტების სერიაში და გლოვა “გრანდე ტორინოს” გუნდის წევრთა ტრაგიკული დაღუპვის გამო; ასევე, 1968 წელს უეფა-ს მიერ ჩატარებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელსაც იტალიამ უმასპინძლა და 2021 წელს, პანდემიის შემდეგ პირველად გამართული ევროპის ჩემპიონატი, რომელიც რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით იტალიის საფეხბურთო ნაკრებმა მოიგო. ჩვენი ეროვნული ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამეულის უცვლელი წევრია, მისი ტრიუმფის ამსახველ მომენტებს კი არა მხოლოდ იტალიის, არამედ მსოფლიოს კოლექტიურ მეხსიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. #vivoazzurro