გუშინ, მუსიკის, როგორც ხალხებს შორის მეგობრობისა და კულტურათაშორისი გაცვლების ინსტრუმენტის დღესასწაულის ფარგლებში, იტალიის ქალაქ კატანიის ბელინის სახ. საოპერო თეატრში ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა “დაისი” შესრულდა.
ოპერა სამ მოქმედებად (ლიბრეტოს ავტორი: ვალერიან გუნია), რომელიც ზუსტად ასი წლის წინ შეიქმნა, პირველად აჟღერდა იტალიურ ენაზე (იტალიურენოვანი ტექსტის ავტორი: სირიო სკაკეტი). ქართული საოპერო სპექტაკლის იტალიური პრემიერა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქ. კატანიის მერიის თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და კატანიის ბელინის სახ. საოპერო თეატრის ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა. სპექტაკლს, რომლის დამდგმელი რეჟისორი გოჩა კაპანაძე, დირიჟორი კი მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილია, დიდი წარმატება ხვდა წილად. საოპერო მომღერლებმა კატანიის თეატრის სცენაზე ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა ბრწყინვალედ წარმოადგინეს.
იტალიის საელჩო თბილისში ულოცავს ამ წარმატებას ღონისძიების ორგანიზატორებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ასეთი შესანიშნავი სპექტაკლის შექმნაში.
