ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

სამცხე-ჯავახეთის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური მისია

დასრულდა სამცხე-ჯავახეთის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტის მეხუთე ეტაპი, რომელსაც ხელმძღვანელობენ პროფ. ვახტანგ ლიჩელი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/საქართველოს არქეოლოგიური ასოციაცია), თორნიკე ჩილინგარაშვილი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პროფ. რობერტო დანი (ISMEO, იტალიის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაცია).

იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაციის (ISMEO) მიერ დაფინანსებული არქეოლოგიური ექსპედიციის დროს (1-26 ივლისი) ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები ორ ლოკაციაზე და საველე კვლევითი სამუშაოები დიდ ნაცარგორასა და მეგრეკში (სამცხე-ჯავახეთი). ექსპედიციის მუშაობის შედეგები კიდევ უფრო ამდიდრებს არსებულ ცნობებს არქეოლოგიასა და მეთუნეობაზე ჯავახეთის ზეგანზე. დიდი ნაცარგორის გათხრებისას, მეცნიერებმა აღმოაჩინეს შუა და გვიანდელი რკინის ხანით დათარიღებული ქვის ნაგებობა და კერამიკული მასალა და, ასევე, ადრეული ბრინჯაოს ხანის (მტკვარ-არაქსის კულტურის) დროინდელი კერამიკის ფრაგმენტები.

რკინის ხანის სხვადასხვა პერიოდით დათარიღებული მნიშვნელოვანი არტეფაქტები აღმოჩნდა მეგრეკშიც, რაც ჯავახეთის რეგიონში რკინის ხანის აქამდე შეუსწავლელ კულტურულ ასპექტებზე მიუთითებს (მაგ. ერთ-ერთი საცხოვრისის კუთხეში ნაპოვნია ცენტრალური საქართველოსთვის დამახასიათებელი (“ხოვლეს” ტიპის) კერია კერამიკული მასალითა და დეკორირებული თიხის ფირფიტის ფრაგმენტებით).

არქეოლოგიური გათხრები ორივე ლოკაციაზე ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება.

თვალყური ადევნეთ ჩვენს სოც. ქსელებს იტალიურ არქეოლოგიურ მისიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად.