ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიის რეზიდენციაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარის თანდასწრებით, იტალიური ენის მასწავლებლებისთვის საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა გამოცხადდა

გუშინ იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ იტალიის რეზიდენციაში იტალიური ენის, როგორც მეორე და მესამე უცხო ენის სწავლების პროგრამაში ჩართული სკოლების მასწავლებლებს უმასპინძლა. ელჩმა ვალვომ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) დირექტორმა სოფიო გორგოძემ და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი “მინერვა”-ს ხელმძღვანელმა მაია ჯიჯავამ ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს და მნიშვნელოვანი სიახლე გააცნეს: იტალიის საელჩოს მრავალწლიანი ძალისხმევისა და ადგილობრივ ინსტიტუციებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, საჯარო სკოლების იტალიური ენის მასწავლებლებს ექნებათ საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა, რაც მათ პროფესიულ განვითარებას ხელს შეუწყობს.

იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ ისაუბრა სასკოლო განათლების სფეროში ქართული და იტალიური უწყებების ნაყოფიერ თანამშრომლობასა და ქართულ სკოლებში იტალიური ენის სწავლების პროგრამის წარმატებით განხორციელებაზე (ამჟამად იტალიურ ენას საქართველოს 62 სკოლის 7500-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება) და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საკუთარი ძალისხმევით ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იტალიური ენის სწავლების დანერგვასა და განვითარებაში წვლილი შეიტანა. ელჩმა ვალვომ, მასწავლებელთა საგამოცდო სქემაში იტალიური ენის გამოცდის ჩართვისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ გიორგი ამილახვარს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.