არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში პრესტიჟული იტალიური ჟურნალი "Domus"-ის ქართულმა გამოცემამ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის რეგიონის ქვეყნებში პირველი გამოცემაა, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართა პირველი შეხვედრა პლატფორმა "Futures"-ის ფარგლებში. ინტერაქტიული დიალოგისთვის შექმნილი პლატფორმის მიზანია, გააერთიანოს კულტურის, არქიტექტურისა და დიზაინის დარგების სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ინსტიტუციების წარმომადგენლები ურბანული სივრცისა და საცხოვრებელი გარემოს ტრანსფორმაციისა და მდგრადობის თემებზე სასაუბროდ.
ღონისძიების სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ და "სილქ როუდ ჯგუფისა" და "National Geographic Magazine-საქართველოს" დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა. ღონისძიება, რომელსაც ჟურნალ "Domus"-ის ქართული გამოცემის რედაქტორი ლენა კილაძე უძღვებოდა, მონაწილეობდნენ იტალიური ჟურნალის "Domus"-ის რედაქტორი ვალტერ მარიოტი, "National Geographic Magazine-საქართველოს" სამეცნიერო საბჭოს წევრი პროფ. დავით ლორთქიფანიძე, "Forbes Georgia"-ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე და "Euronews Georgia"-ს ხელმძღვანელი მარინა ვაშაყმაძე. იტალიის ელჩმა ხაზი გაუსვა ინიციატივის მთავარი თემების მნიშვნელობას, რომლებიც ეხმიანება 2030 წლის მსოფლიო გამოფენის უმთავრეს თემებს: "ადამიანები და ტერიტორიები: რეგენერაცია, ინკლუზიურობა და ინოვაცია". აღსანიშნავია, რომ 2030 წლის მსოფლიო გამოფენის მასპინძლობაზე წარდგენილია ქალაქ რომის კანდიდატურა.
პირველი შეხვედრა, რომელიც ჟურნალ "Domus Georgia"-ს მიერ იტალიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელებული პლატფორმა "Futures"-ის ფარგლებში გაიმართა
2022-11-08

Maeci
ადგილი:
Tbilisi