Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

შესაძლებლობები: დიზაინის კონკურსი „When Italian Design Meets Georgian Creativity“

თარიღი:

23/02/2022


შესაძლებლობები: დიზაინის კონკურსი „When Italian Design Meets Georgian Creativity“

არქიტექტურის, დიზაინისა და რესტავრაციის დარგებში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული ღონისძიების „იტალიური დიზაინის დღე საქართველოში - 2022" ფარგლებში, იტალიის საელჩო თბილისში, მილანის დიზაინის ევროპულ ინსტიტუტთან (IED) თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ კონკურსს „When Italian Design Meets Georgian Creativity". კონკურსში მონაწილეობის პირობებისა და პრემიებთან დაკავშირებული დეტალების სანახავად, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კონკურსის წესებს (ინგლისურ ენაზე).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს. მსურველებმა ელ. ფოსტის მისამართზე primosegr.tbilisi@esteri.it უნდა გააგზავნონ შენობების, ინტერიერისა და/ან ტანსაცმლის დიზაინთან დაკავშირებული ორიგინალური პროექტები, რომლებშიც ასახული იქნება ქართული კრეატიულობის, დიზაინის, ხელოვნების და კულტურის კავშირი იტალიურ დიზაინთან, ხელოვნებასა და კულტურასთან. პროექტების მხატვრული ღირებულება შეფასდება იტალიასა და საქართველოს შორის სახელოვნებო და კულტურული კავშირის კუთხითაც.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, პროექტთან ერთად, ზემოაღნიშნული ელ.ფოსტის მისამართზე უნდა გააგზავნონ მოკლე სამოტივაციო წერილი თემაზე: "Why do I want to win the contest and what design means to me".

საკუთარი ორიგინალური პროექტის გაგზავნა შესაძლებელია 2022 წლის 15 აპრილის 15:00სთ-მდე (საქართველოს დროით). გამარჯვებულ ნამუშევრებს დიზაინის ევროპული ინსტიტუტისა (IED) და იტალიის საელჩოს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს.

პირველი პრემიის სახით, გამარჯვებული მიიღებს დიზაინის ევროპულ ინსტიტუტის (IED) მიერ შემოთავაზებულ სტიპენდიას, IED-ის იტალიის ერთ-ერთ ფილიალში 2022/2023 აკადემიური წლის ინგლისურენოვან საზაფხულო კურსზე სასწავლებლად.

გარდა ამისა, გაიცემა ჟიურის პრემია, რომელიც იტალიურ ნაწარმთან იქნება დაკავშირებული. გამოგზავნილი პროექტები (ავტორის ვინაობის მითითებით), შესაძლოა გამოქვეყნდეს საელჩოს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე აღნიშნულ ვადებში პროექტის გამოგზავნა ნიშნავს თანხმობას მასალების გამოქვეყნებაზე იტალიის და ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად.


ადგილი:

Tbilisi

1383