ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური დიზაინის დღეები საქართველოში ბრუნდება

იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის ფარგლებში, იტალიის საელჩო საქართველოში იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE) თანამშრომლობით, 21-22 ივნისს გამართავს ღონისძიებას “Advancing on the Italian Design Days in Georgia”.

დატვირთული პროგრამა სამ ძირითად მიმართულებას აერთიანებს – რესტავრაცია, ინოვაცია და მდგრადი განვითარება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში იტალიური დიზაინის საუკეთესო მაგალითების წარმოჩენით საუბარი იქნება სწორედ ამ პრინციპებზე ხელოვნების, განათლებისა და წარმოების კუთხით. კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელთა დიდი ნაწილი ჩამოვა საქართველოში, მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ ინიციატივაში.

ედოარდო მალაჯიჯი, რომლის ნამუშევრები წარმოდგენილია თანამედროვე ხელოვნების ისეთ პრესტიჟულ საერთაშორისო საგამოფენო სივრცეებში, როგორიცაა ვენეციის ბიენალე და ბერლინის Abaco-ს თანამედროვე ხელოვნების სივრცე, ნარჩენებისა და გადამუშავებული მასალების გამოყენებით შექმნის ნამუშევარს “Cupola”, რომლის პროტოტიპია 1985 წელს ალდო როსის მიერ „Alessi”-სთვის შექმნილი და დროთა განმავლობაში იტალიური დიზაინის მაგალითად ქცეული ყავის მადუღარა.

22 ივნისს იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭო (CNAPPC) მონაწილეობას მიიღებს ვორქშოფში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ურთიერთობების დამყარებას არქიტექტურისა და დიზაინის დარგში მომუშავე იტალიურ და ქართულ კომპანიებს, ექსპერტებსა და ასოციაციებს შორის. ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელი იქნება, როგორც ფიზიკურად, ასევე, ონლაინ ფორმატში. იტალიის არქიტექტორთა ეროვნული საბჭოს მხარდაჭერით გამოიფინება ყოველწლიური პრემიით „იტალიელი არქიტექტორი” დაჯილდოებული ნამუშევრები.

ვორქშოფში მონაწილეობას მიიღებენ იტალიის რესტავრატორთა ასოციაცია (Assorestauro), ევროპის დიზაინის ინსტიტუტი (IED) და მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. იტალიის არქიტექტურული სტუდიები წარადგენენ კვლევას იმერეთში მდებარე ისტორიულ-კულტურული შენობის რესტავრაციის კონცეფციის თაობაზე და ისაუბრებენ წყალტუბოს ახლებურ ხედვაზე, რაც ამ ადგილს ტურისტული კუთხით კიდევ უფრო მეტად მიმზიდველს გახდის.

საქართველოს მხრიდან წარმოდგენილი იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდის პრეზენტაცია ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების შესახებ. ვორქშოფში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს არქიტექტორთა ასოციაცია და არქიტექტორთა კავშირი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიაში მარიამ ბოჭორიშვილი და სხვები.

ღონისძიების ფარგლებში დასახელდება ფოტოკონკურსის „იტალიურობა საქართველოში” გამარჯვებული, რომელიც მიიღებს მილანის ევროპის დიზაინის ინსტიტუტის (IED) მიერ გაცემულ სტიპენდიას IED-ის იტალიის ფილიალში 2022 წლის საზაფხულო ინგლისურენოვან კურსზე სასწავლებლად. ჟიურის ჯილდოს მფლობელს გადაეცემა იტალიურ ნაწარმთან დაკავშირებული საჩუქარი.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ამ დარგში იტალიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ყოველმხრივ გაფართოებასა და ქართულ საზოგადოებაში იტალიური დიზაინის ცნობადობის ამაღლებას.

design days poster