Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

იტალიური კინოს მეორე მსოფლიო კვირეული

თარიღი:

20/05/2019


იტალიური კინოს მეორე მსოფლიო კვირეული

დაიწყო იტალიური კინოს მეორე მსოფლიო კვირეული (2019 წლის 20-26 მაისი), რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანაშრომლობის სამინისტროს ინიციატივით იმართება და მისი მიზანია იტალიური კინემატოგრაფის პოპულარიზაცია უცხოეთში. კვირეული ეძღვნება ყველა იმ პროფესიის წარმომადგენლებს (მსახიობებს, რეჟისორებს, სცენარისტებს, ოპერატორებს, კომპოზიტორებს, მემონტაჟეებს და სხვ.), რომელთა გარეშეც რთული და კომპლექსური კინოსამყაროს არსებობა შეუძლებელია. კვირეული მსოფლიოს 100 ქალაქში იტალიური კინოპროდუქციისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიებებით, შეხვედრებითა და საჯარო ლექციებით აღინიშნება.

კვირეულის ფარგლებში ჩვენი საელჩო საინტერესო სემინარებსა და კინოჩვენებებს გთავაზობთ:

21 მაისს იტალიურ სკოლაში "ცისკარი" გაიმართება ორი მოკლემეტრაჟიანი იტალიური ფილმის ჩვენება. ესენია: ალექსანდრე სტევანონის "შტრიხი" (2017), თანამედროვე ზღაპარი მეგობრობაზე, რომელიც მოგვითხრობს თერთმეტი წლის ბიჭისა და ხანდაზმული სენეგალელი მხატვრის ამბავს; ტომაზო სანტის ფილმი "კრენკი" (2018), რომლის მთავარი თემაა სკოლაში ბავშვების ინტეგრირება და განსხვავებული ადამიანებისა თუ მოვლენების შიში.

23 მაისს, 20:00სთ-ზე, შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გელით შეხვედრა "Solinas" და "Sergio Amidei" პრესტიჟული პრემიებით დაჯილდოებულ იტალიელ სცენარისტთან მიკელე პელეგრინისთან, რომელიც კინოსცენარის წერის საიდუმლოს, წესებსა და მეთოდებს გაგიმხელთ და გიამბობთ, როგორ გარდაიქმნება იდეა ისტორიად, ისტორია კი - კინოსცენარად.

29 მაისს, 19:00სთ-ზე, შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ხათუნა ცხადაძის საჯარო ლექცია, რომელიც ეხება დინო ბუცატის რომანს „თათრების უდაბნო" (1940). ლექციის დასასრულს ნაჩვენები იქნება რომანის მიხედვით გადაღებული ფილმი (რეჟ. ვალერიო ძურლინი).


ადგილი:

Tbilisi

1156