ბაროკოს ეპოქის ხელოვნებასთან კიდევ ერთი შეხვედრა თბილისში: გამოფენის "ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო", რომელიც ღიაა მნახველისთვის 25 ნოემბრამდე, საქართველოს დედაქალაქს ბაროკოს ეპოქასთან კიდევ ერთი შეხვედრა ელის: წელს უკვე მეოთხედ ტარდება "თბილისის ბაროკო ფესტივალი", ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალი ამიერკავკასიის რეგიონში, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს სახელგანთქმულ მუსიკოსებსა და ანსამბლებს და მსმენელს სთავაზობს, ეზიაროს ბაროკოს პერიოდის მუსიკის ბრწყინვალე სამყაროს.
უკვე ტრადიციად იქცა ამ უმნიშვნელოვანეს ფესტივალზე იტალიელ შემსრულებელთა მონაწილეობა. გახსნით კონცერტზე, რომელიც 9 ნოემბერს გაიმართება, მსმენელის წინაშე წარსდგება უამრავი ეროვნული თუ საერთაშორისო პრემიის მფლობელი ფრანჩესკო ოლივერო (თეორბო). ევროპის მნიშვნელოვან ფესტივალებში (მათ შორის, ამსტერდამის, ბარსელონას, ჰელსინკის, ლონდონის, პარიზის, ვენისა და სხვ.) მონაწილეობისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გასტროლების შემდეგ, თბილისს, ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით, ანსამბლი Zefiro ესტუმრება, რომელიც შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე დარბაზში ორ კონცერტს გამართავს (22 და 25 ნოემბერს). ანსამბლი Zefiro 1989 წელს დაარსდა ძველებული მუსიკის საყოველთაოდ აღიარებული შემსრულებლების, ჰობოისტების ალფრედო ბერნარდინისა და პაოლო გრაცის და ფაგოტისტი ალბერტო გრაცის მიერ.
შესანიშნავი მუსიკოსების მიერ ავთენტური საკრავებით შესრულებული მუსიკა ქართველი მსმენელისთვის ნამდვილი საჩუქარი იქნება, არ გამოტოვოთ!
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ან შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალაროებში.