ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

მარადიული რომი. გამოფენილი ნამუშევრები

გამოფენილი ნამუშევრები

 

roma 1 busto maschile

რომაელი მოქანდაკე
მამაკაცის ბიუსტი
ახ.წ. I-II სს. (გვიან ფლავიუსთა – ადრე ტრაიანელთა ხანა)
საშუალომარცვლოვანი თეთრი მარმარილო

მამაკაცს მოსავს ტუნიკა და ტოგა, რითაც ის რომაელ მოქალაქედ წარმოგვიდგება. იგი გამოსახულია მარჯვნივ მიმართულ მკვეთრ მოძრაობაში. რეალისტურადაა გადმოცემული მამაკაცის მოწიფული ასაკი, ხაზგასმული სახესა და კისერზე აღბეჭდილი ჩაღარული ნაოჭებით. ფიგურის ნაკვთების რეალიზმი, სახის ნებისყოფიან გამომეტყველებასთან ერთად, გამოარჩევს მას გვიანრესპუბლიკური ხანის პორტრეტთაგან, რომელთა ნიმუშებიც კვლავ გვხვდება ფლავიუსთა ეპოქაში. ფიგურა შესაძლოა წარმოგვიდგენს გავლენიან რომაელ პოლიტიკოსს, სავარაუდოდ მაგისტრატს, რომელმაც სიცოცხლე მიუძღვნა იმპერიას და რომლის კარიერის დასასრულისკენაც შეიქმნა ალბათ ეს პორტრეტი.

 

 

roma 2 ritratto virile 2

რომაელი მოქანდაკე
მამაკაცის პორტრეტი
ახ.წ. დაახლ. 240 წ.
წვრილმარცვლოვანი თეთრი მარმარილო

პორტრეტი წარმოგვიდგენს ახალგაზრდა მამაკაცს მოკლე წვერითა და თხელი თმით, რომელიც გამოქანდაკებულია წვრილპირიანი საჭრეთელით; კისრის სოლისებური დაბოლოება გვაფიქრებინებს, რომ თავი აგვირგვინებდა სრული სახით წარმოდგენილ სხეულს და რომ ის ცალკე იყო გამოქანდაკებული. მსუბუქი ჩაღარვით შესრულებული კვეთის ეს ტექნიკა შესაძლებელს ხდის ძეგლის საკმაო სიზუსტით დათარიღებას ახ.წ. 240 წლით, ვინაიდან ის ხშირად გამოიყენებოდა იმპერატორთა პორტრეტებში.

 

 

roma 3 ritratto di cleopatra

ელინისტური ეპოქის მოქანდაკე
კლეოპატრა VII-ის პორტრეტი
ძვ.წ. I საუკუნის მესამე მეოთხედი
წვრილმარცვლოვანი თეთრი მარმარილო

იდეალიზაციის მიუხედავად, კლეოპატრას პორტრეტი გამოირჩევა ნატურალიზმით, რაც ვლინდება სახის გამომეტყველებასა და ფაქიზად დამუშავებულ ნაკვთებში, რომლებშიც კისერზე არსებული ნაოჭებიც იგულისხმება. მარჯვნივ ოდნავ მობრუნებულ სახეს პატარა პირი, სავსე ტუჩები, ნუშისებრი და არც მთლად ასიმეტრიული თვალები და მრგვალი ლოყები, სახასიათო გამომეტყველებას სძენს. ყურები გახვრეტილია ლითონის საყურის სატარებლად.

 

 

roma 4 busto di ulpia felicitas

რომაელი მოქანდაკე
ულპია ფელიციტას ბიუსტი
ახ. წ. II საუკუნის დასაწყისი
წვრილმარცვლოვანი თეთრი მარმარილო

ქალის ბიუსტი ეყრდნობა სწორკუთხა პარალელიპეპედის ფორმის მქონე ბაზისს წარწერით Ulpia Felicitas. ფიგურას მოსავს ტუნიკა და მოსასხამი (palla). მრგვალი პირისახე შეწეული ნიკაპით, პატარა პირი სავსე ბაგეებით, კეხიანი ცხვირი და სქელ ქუთუთოებიანი თვალები მომრგვალებური წარბებით, სახეს სახასიათო იერს სძენს. თავს გარს ევლება ნაწნავთა წყება, რომლებიც უკან, კეფაზე იკვრება. ბიუსტის ზურგი გულდასმითაა დამუშავებული მთელ სიმაღლეზე, რამდენადაც ის თავდაპირველად ალბათ კედელზე მისამაგრებლად იყო განკუთვნილი. ქალის ეს ბიუსტი სავარაუდოდ, საფლავის ფილის ბარელიეფს წარმოადგინდა.

 

 

roma 5

რომაელი მოქანდაკე
ქალის პორტრეტი
ძვ.წ. I საუკუნის შუა წლები
წვრილმარცვლოვანი თეთრი მარმარილო

მაღალმხატვრული ღირებულების მქონე ქალის ეს პორტრეტი გამოირჩევა ოვალური ფორმის მქონე პირისახის ნატიფი მოყვანილობით, სავსე ბაგეებით, სწორი ცხვირით, თხელ ქუთუთოებიანი თვალებით, მორკალული წარბებითა და ფართო შუბლით. თმის ტალღოვან ხვეულებს, რომლებიც კეფასთან იკვრება, ნაწილობრივ ფარავს მოსასხამი (palla). ქანდაკება სავარაუდოდ, საფლავის ძეგლი უნდა ყოფილიყო.

 

 

roma 6 busto di giovane

რომაელი მოქანდაკე
ახალგაზრდა კაცის ბიუსტი
ახ.წ. I საუკუნის დასაწყისი
პაროსის მარმარილო

ბიუსტი წარმოგვიდგენს ახალგაზრდა კაცს სავსე ლოყებითა და ბაგეებით, მკვეთრად გამოხატული სფეროსებური ფორმის თავის ქალითა და ოთხკუთხა ღრმულით თავზე, სავარაუდოდ, თაბაშირისგან ნაძერწი დეკორატიული ელემენტის ჩასასმელად, რომელიც, მისი მდებარეობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნაწნავი (შეკრული თმის კუდი) იქნებოდა. ეს დეტალი შესაძლებელს ხდის ამ ახალგაზრდა კაცის ასოცირებას ყმაწვილთა იმ პორტრეტებთან, რომლებიც ქალღვთაება ისიდას უკავშირდება და იწოდება “ჰორუსის ნაწნავად” (ჰორუსი – ისიდას ვაჟი).

 

 

roma 7 busto virile

რომაელი მოქანდაკეები
მამაკაცის ბიუსტი
ახ.წ. დაახლ. 220-235 წწ.
პენტელიკის მთის თეთრი მარმარილო (თავი), ეგვიპტური პორფირი (ბიუსტი)

ბიუსტი, რომელიც ტანჟერიდანაა, კლაუს ოტტო პრეისის კოლექციის ნაწილი იყო. მისი უწინდელი ადგილსამყოფელი ყოფილა მაროკოს ქალაქი ვოლიუბილისი. მოგვიანებით, ჟაკ პეტიტორის (1929-1992წწ.) მიერ ქანდაკების შეძენის შემდგომ, მას დაემატა თეთრი მარმარილოსგან გამოქანდაკებული თავი და ჩამოსხმული სერპანტინისგან დამზადებული კვარცხლბეკი.
დახვეწილი ოსტატობით შესრულებული ბიუსტი წარმოგვიდგენს ახალგაზრდა კაცს მარჯვნივ მიმართული მკვეთრი მოძრაობით, გულდასმით კვეთილი წვერითა და ულვაშით და ღრმა მზერით, რაც ხაზგასმულია თვალის სკლერითა და გუგებით.

 

 

roma 8 statua di cavaliere orientale

ბერძენ-რომაელი მოქანდაკე
აღმოსავლელი რაინდის ქანდაკება
ახ.წ. I-II სს.
საშუალომარცვლოვანი თეთრი მცირეაზიური მარმარილო

უიშვიათესი იკონოგრაფიის მქონე ეს ქანდაკება წარმოგვიდგენს ცხენზე ამხედრებულ რაინდს, რეალურზე უფრო მცირე ზომის მასშტაბით. ცხენი გამოსახულია levade – ეს პოზაში, წინა ფეხებით დაყრდნობილი ამობურცული ფორმის მქონე ფარზე, რომელიც ოთხ ნაწილადაა დაყოფილი და შემკულია pelta-ს (ფარის მსგავსი ორნამენტი) მოტივებით. რაინდს მოსავს შარვალი, მოკლესახელოიანი ტუნიკა და უხვნაკეციანი მოსასხამი, რომელიც მკერდზე წრიული ბალთით იკვრება. მისი მკერდის გასწვრივ არის balteo, ქამარი, რომლის მარჯვენა მხარეს სატევარის ქარქაშია მიმაგრებული. ფიგურის ფეხებთან სანდლებია ზონრებით, რომლებიც არ ეხება ფეხის თითებს. პროპორციულად აღნაგი ცხენის უნაგირის ქვეშ ჩანს ველური ცხოველის, პუმასა თუ ავაზის ტყავი, სახით ცხენის მკერდზე და უკანა ფეხებით, დაყრდნობილით ცხენის კიდურებზე.

 

 

roma 9 sacerdote palmireno

რომაელი მოქანდაკე
პალმირელი ქურუმი
ახ.წ. III საუკუნის პირველი ნახევარი
კირქვა

ფიგურის თავი გამოქანდაკებულია ფრონტალური ხედვის კუთხით აღსაქმელად, რასაც გვაფიქრებინებს მისი ზურგი, რომელიც დასრულებული არ არის. სავარაუდოდ, ქანდაკება საფლავის ძეგლი უნდა ყოფილიყო. ის წარმოგვიდგენს უწვერო მამაკაცს მოგრძო ოვალის მქონე სახით, მრგვალი ლოყებით, საკმაოდ პატარა პირით, ხორციანი ბაგეებითა და სწორი ცხვირით, გამოკვეთილი გუგების მქონე ნუშისებრი თვალებით მკვეთრ ქუთუთოებს ქვეშ და პატარ-პატარა ჩაღარვებით დამუშავებული წარბებით. შუბლს ზემოთ ჩანს modius — პალმირელ ქურუმთა თავსაბურავი, რომელიც სამ ვერტიკალურ ზოლად იყოფა და რომლის სარჩულიც განირჩევა.

 

 

roma 10 ritratto di giovane

რომაელი მოქანდაკე
ახალგაზრდა კაცის პორტრეტი
ახ.წ. გვიანი IV საუკუნის – V საუკუნის ადრეული ათწლეული
წვრილმარცვლოვანი თეთრი მარმარილო

ახალგაზრდა მამაკაცის პორტრეტი სტილიზებული ნაკვთების მქონეა. ოვალური ფორმის სახეს გამოარჩევს გამოკვეთილი ნიკაპი, პატარა პირი სავსე ბაგეებით, სწორი ცხვირი და სქელი ქუთუთოებით აქცენტირებული დიდრონი თვალები, მსუბუქი კვეთით გამოყოფილი გუგები და თითქმის დეკორატულ მოტივამდე შემცირებული, მკვეთრად მორკალული წარბები. დაბალი შუბლი და თმა ზოგადი შტრიხებითაა დამუშავებული.

 

 

roma 11 bacco

რომაელი მოქანდაკე
ბახუსი
ახ.წ. I ს., XVII საუკუნის დანამატებით
წვრილმარცვლოვანი თეთრი მარმარილო

ქანდაკება წარმოგვიდგენს ახალგაზრდა ბახუსს ქიასტურ (contrapposto-ს შესატყვისი ტერმინი რენესანსამდელ ხანაში) პოზაში: ის დგას მარცხენა ფეხზე და ეყრდნობა პატარა სვეტს, შემკულს ვაზის სპირალური მოტივებით, ერთ ხელში მტევანი უჭირავს, მარცხენა მკლავი გაწვდილი აქვს და იდაყვში მოხრილი და ხელით ღვინის ჭიქა უპყრია. მისი მარჯვენა ფეხი ოდნავ მოხრილია.
ამ ქანდაკების რომაული ნაწილი არის ტორსი, რომელიც თავდაპირველად ალბათ აპოლონს გამოსახავდა, იდეალიზებული სახის ნაკვთებითა და მხრებზე დაშვებული ორი კულულით.

 

 

roma 12 testa di satiro

რომაელი მოქანდაკე
სატირის თავი
ახ.წ. II ს.
წვრილმარცვლოვანი თეთრი მარმარილო

ახალგაზრდა სატირის თავი იშვიათი ოსტატობის ნიმუშია. ოვალური მოყვანილობის სახეს მომღიმარი სავსე ბაგეები, სავსე ლოყები და ტუჩის კუთხეებთან არსებული ფოსოები გამოარჩევს; პატარა მომღიმარი თვალები მომრგვალებულ წარბებქვეშ ამოკვეთილი ქუთუთოებიდან იმზირება. ფართო შუბლს ასრულებს თმის ძირთან ამოზრდილი, ხაოიანი ზედაპირის მქონე ორი პატარა რქა, რომელსაც იმაგრებს გირჩების გვირგვინი. თავს ასრულებს წაწვეტებული ყურები.

 

 

roma 13 erma bifronte

რომაელი მოქანდაკე
ორსახიანი ჰერმი
ახ.წ. I-II სს.
თეთრი მარმარილოს ქანდაკება

ორმაგი ჰერმი ორი ახალგაზრდა კაცის სახის მქონეა, მეტად მსგავს ნაკვთებიან თავებს დაფნის გვირგვინი ამკობს. სახეები ერთმანეთისგან რამდენიმე დეტალით განსხვავდება: პირველს უფრო გამოკვეთილი ოვალი აქვს, სავსე ბაგეები და სწორი, მოგრძო ცხვირი, ღრმად ჩამჯდარი თვალები და მომშვილდული წარბები. მეორე სახე უფრო მომრგვალებული მოხაზულობით გამოირჩევა, სავსე ბაგეებითა და უფრო პატარა ცხვირით, სქელქუთოთოებიანი თვალებითა და სწორი წარბებით. თმა უწესრიგოდ ფენილი ხვეულების სახითაა გადმოცემული.

 

 

roma 14 busto virile entro corona di alloro

რომაელი მოქანდაკე
დაფნის გვირგვინიანი მამაკაცის ბიუსტი
ახ.წ. დაახლ. 140 წ.
წვრილმარცვლოვანი თეთრი მარმარილო

ქანდაკება მოწიფული ასაკის კაცის ბიუსტს წარმოგვიდგენს. მამაკაცს მოსავს ტუნიკა და მოსასხამი (paludamentum) ლითონის ნაკეცებით, რომელიც მარჯვენა მხართან ბალთით იკვრება. აქვს ოვალური სახე და წინ გამოწეული წვერი, რომელიც ირიბკვეთილი მსუბუქი წანაკაწრებითაა გამოსახული. სახასიათოა ფართო ცხვირი და ბაგეთა ნაოჭები, ჩავარდნილი ლოყები, მძიმე ქუთუთოები მუქი წრეებითაა შემოსაზღვრული. თვალის გუგები და სკლერა ძნელად განირჩევა. შუბლს გარს ევლება კულულები, საფეთქლები შებერილია და ბურღით დამუშავების კვალი ემჩნევა.

 

 

roma 15 angelo annunciante

გაჯინის სახელოსნო
ხარების ანგელოზი
XVI საუკუნის პირველი ნახევარი
მარმარილოს ქანდაკება

ანტიკვარიატის ბაზარზე შეძენილი ქანდაკება წარმოგვიდგენს მთავარანგელოზ გაბრიელს, რომელიც მუხლმოდრეკითაა წარმდგარი ღმრთისმშობლის წინაშე და მას ღმრთაებრივი დედობის შესახებ აუწყებს. სამხრეთ იტალიელი ოსტატის მიერ შექმნილი ძეგლის თარიღი XVI ს-ის პირველი ნახევრით განისაზღვრება. ფიგურა სამ მეოთხედშია გამოსახული, რაზეც მიუთითებს ქანდაკების დაუმთავრებელი და დაფარული ნაწილი, ასევე მისი წარმოსახვითი მიმართება ხარების ქანდაკების დაკარგულ ნაწილთან.

 

 

roma 16 tabernacolo eucaristico

გაჯინის სახელოსნო
ევქარისტიის ტაბერნაკულუმი
XVI საუკუნის პირველი ნახევარი
მარმარილოს ქანდაკება

ეს ჰორელიეფი იყო ევქარისტიის ტაბერნაკულუმის ედიკულას (ნიშის) ნაწილი, ჩამკეტი კარების გარეშე, სავარაუდოდ, საკურთხევლის გვერდითა კედელზე. ის ითავსებდა კიბორიუმს, ჭურჭელს საზიარო პურითა და ღვინით. XIV საუკუნიდან, ამ არქიტექტურული ფორმის მქონე ტაბერნაკულუმებმა ფართო გავრცელება და საყოველთაო გამოყენება ჰპოვა XVIს-ის შუახანებამდე, მანამ, სანამ ტრენტოს საბჭოს მეშვეობით არ შეიცვალა ლიტურგიული მსახურების წესი.

 

 

roma 17 spellato

რომაული სახელოსნო
გატყავებული
XVII საუკუნის მეორე ნახევარი
მარმარილოს ქანდაკება

ქანდაკება წარმოგვიდგენს ადამიანის ნახევარფიგურას მარცხნივ მიტრიალებული თავითა და მარჯვენისკენ გადაწეული მარცხენა ხელით. მეორე ხელით უჭირავს ქსოვილი, რომელიც მხრიდან მუცლისკენ ეშვება. ეს გამორჩეული ნიმუში იმ იკონოგრაფიული ტრადიციის გაგრძელებაა, რომელმაც XVI საუკუნის მეორე ნახევარში იჩინა თავი პირველ სამეცნიერო პუბლიკაციებთან ერთად, და რომელიც ადამიანის სხეულის ანატომიას იკვლევდა.

 

 

roma 18 busto del cardinale marzio ginetti

ალესანდრო რონდონი
(რომი, დაახლ. 1644 წ. – 1710 წლის შემდეგ)
კარდინალ მარციო ჯინეტის ბიუსტი
დაახლ. 1673 წ.
პორფირი და ქანდაკების მარმარილო

1673 წლით დათარიღებული და გადახდის ქვითრისა და ჯინეტების ოჯახისათვის შექმნილ ნამუშევართა 1675 წელს შედგენილი ნუსხის მიხედვით, მარციო ჯინეტის ამ პორტრეტის ავტორი ალესანდრო რონდონია. მარციო ჯინეტი კარდინალად პაპ ურბან VIII-ის მიერ 1627 წელს დაინიშნა. ჯოვანი ლორენცო ბერნინის მიერ შექმნილმა ურბან VIII ბარბერინის ცნობილმა პორტრეტმა, როგორც ჩანს, შთააგონა ამ ქანდაკების ავტორი კარდინალის თავისთვის მარმარილო, მანტიისთვის კი პორფირი გამოეყენებინა. თავდაპირველად რონდონი ჯინეტების ოჯახის მიერ მიწვეულ იქნა ძველ ქანდაკებათა სარესტავრაციოდ და ალეგორიული სკულპტურების შესაქმნელად.

 

 

roma 19 torso femminile

რომაელი მოქანდაკე
ქალის ტორსი
ახ.წ. I ს.
ეგვიპტური ალებასტრი (cotognino)

ეს ძვირფასი ქანდაკება ლითონის სარჭებით შემაგრებული ალებასტრის ოთხი სეგმენტისაგან შედგება. ფიგურას აკლია კიდურები და თავი, რომელიც ოდესღაც შესაბამის ღრმულებში იყო ჩამაგრებულია. ის წარმოგვიდგენს ქალის მდგომარე ფიგურას მარჯვენა მოხრილი ფეხითა და მოსილს დორიული პეპლოსით. მდიდრულად დრაპირებული ღრმა ნაკეცები ანაწევრებს სამოსს, განსაკუთრებით შუა ნაწილში, ეშვება რა ქამრის ირგვლივ. ამის საწინააღმდეგოდ, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ნაკეცებად წყობილი ქსოვილი ფეხებს ირგვლივ, ელეგანტურობასა და მოძრაობას ანიჭებს სხეულს.
ისეთი ძვირფასი მასალის გამოყენებამ, როგორც ეგვიპტური წარმოშობის აღმოსავლური ალებასტრია (cotognino), რომში გავრცელება ძვ.წ. I საუკუნიდან ჰპოვა.

 

 

roma 20 vestale

ახ.წ. I-II საუკუნეების რომაელი მოქანდაკე; XVII საუკუნის რომაელი მოქანდაკე
ვესტას მსახური ქურუმი ქალი
ახ.წ. I-II სს., ახ.წ. XVII ს.
მწვანე ალებასტრი და მოოქროვილი ბრინჯაო

ქანდაკება წარმოგვიდგენს ქალის ფიგურას, რომელიც ეყრდნობა მარცხნივ მდებარე პატარა სვეტს. მას მოსავს გრძელი ქიტონი, მხრებს კი ჰიმატიონი, ბერძნულ-რომაული მანტია უფარავს. მარცხენა ხელით უჭირავს პატერა (ღმერთებისათვის ღვინის შესაწირი ფიალა). ამ დეტალმა განაპირობა ფიგურის იდენტიფიკაცია ქალღვთაება ვესტას კულტის მსახურ ახალგაზრდა ქურუმ ქალთან. ალებასტრის გამოყენებასა და ტექნიკას ახ.წ. I ან II საუკუნის რომაელი მოქანდაკისკენ მივყავართ, ვინაიდან ცნობილია, რომ ეს ეგვიპტური ქვა რომში სწორედ ამ საუკუნეებში გავრცელდა.

 

 

roma 21 madonna con bambino 
გრეგორიო დი ლორენცო
(ფლორენცია, დაახლ. 1436 – ფორლი, 1504 წწ.)
მადონა ყრმით
XV ს.
მარმარილოს ქანდაკება

რელიეფი წარმოგვიდგენს სამ მეოთხედში გამოსახულ, ტახტზე დაბრძანებულ ღვთისმშობელს. მას ხელში უჭირავს მარცხენა ფეხზე მჯდომარე ყრმა, რომლის მაკურთხებელ მარჯვენასაც ღმრთისმშობლის მეორე ხელი ეხება. მარცხენა ხელით ყრმას globus cruciger (სფერო და ჯვარი) უჭირავს. ძირს ორი რგოლით შეკრული გირლანდები ამკობს.
ნამუშევარი ფლორენციის კოლექციიდანაა. მოგვიანებით ის ჯ. პიერპონტ მორგანმა, ნიუ-იორკში რენესანსის ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციის მფლობელმა შეისყიდა. რელიეფის ავტორად ბოლოხანს მიჩნეულ იქნა ფლორენციელი მოქანდაკე გრეგორიო დი ლორენცო, რომელიც XVს-ის მეორე ნახევარში იტალიის ცენტრალურ-სამხრეთ რეგიონებში, მოგვიანებით კი უნგრეთსა და დალმაციაში მოღვაწეობდა.

 

 

roma 22 busto di moro

რომაელი მოქანდაკე
მავრის ბიუსტი
XVIII საუკუნის მეორე ნახევარი
მარმარილოს ქანდაკება

მცირე ზომის ბიუსტი წარმოგვიდგენს მავრს, ტიპური აფრიკული სახის ნაკვთებით: დიდი და წინგამოწეული ბაგეებით, ფართო ცხვირით, ხვეული თმით და დიდი ყურებით, რომლებიც თავის მოუხეშავობით ასოცირდება ფავნის ყურებთან და რომლის იკონოგრაფია XVIII საუკუნემდე მისი ველური ბუნების მაუწყებლად მოიაზრებოდა. განსაკუთრებით ეფექტურია კონტრასტი სახის ნაკვთების მკვეთრი აქცენტირებით ხაზგასმულ სახის მუქ ფერსა და თეთრ მარმარილოს შორის, რომელსაც მოქანდაკე განსაკუთრებული სირბილით იყენებს სახის ცალკეული დეტალების, ბეჭებისა და მკერდის კონტურებისა და შუქჩრდილის დამუშავებისას.

 

 

roma 23 busto di magistrato

რომაელი მოქანდაკე
მაგისტრატის ბიუსტი
XVII საუკუნის მეორე ნახევარი
მარმარილოს ქანდაკება

ბიუსტი წარმოგვიდგენს მდიდრულად მოსილ მამაკაცს, რომელიც ფუნჯებით მორთულ რბილ ბალიშს ეყრდნობა. მისი მარჯვენა მკლავი მოხრილია მკერდთან, ხელი კი მიმართულია გულისკენ. მარცხენა იდაყვით ეყრდნობა ბალიშს, ხოლო ხელით უჭირავს კრიალოსანი, რომლისგანაც მხოლოდ რამოდენიმე მარცვალიღაა შემორჩენილი. ეს სავარაუდოდ საფლავზე აღსამართი პორტრეტია, რომელიც უწინ მთლიანი მონუმენტის ნაწილი უნდა ყოფილიყო, რაზეც მიუთითებს ბაროკოსთვის სახასიათო თეატრალური გარემო. ბერნინი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილი იყო იმით, რომ მან კაპელები დაანაწევრა ცალკეულ საფეხურებად, რომელთა ნიშებშიც სხვადასხვა კუთხით განათავსა მთელი ტანით ან ბიუსტის სახით გამოქანდაკებული პორტრეტული სკულპტურები, ყველა მათგანი მიმართული საკურთხევლისკენ.

 

 

roma 24 torso femminile con testa di dionisio

II საუკუნის რომაელი მოქანდაკე; XVII საუკუნის რომაელი მოქანდაკე
ქალის ტორსი დიონისეს თავით
ახ.წ. II – XVII სს.
პორფირი, ანტიკური წითელი მარმარილო, წითელი ბრეჩია (ტორსი), თეთრი მარმარილო (თავი)

ქანდაკება წარმოგვიდგენს პორფირის ქვისგან გამოქანდაკებულ ქალის ტორსს, რომელსაც შეუსაბამო თავი – მამაკაცის მარმარილოს თავი ადგას. ეს ძვირფასი არტეფაქტი სხვა ნიმუშის მიბაძვის შედეგად სავარაუდოდ, XVII საუკუნეში შეიქმნა. ეს სამუშაო მოიცავდა რესტავრაციას წითელი პორფირის ტორსისა ელეგანტურად წყობილ ნაოჭიანი მოსასხამით, რომელიც მხრებთან ორი წრიული ფიბულით იკვრება. განსაკუთრებული მოძრაობა სამოსისა, რასაც თითქოსდა ქარი არხევს, ასევე წრიული ფიბულები ქმნის საფუძველს, რომ ქანდაკება მივიჩნიოთ ნიკეს, გამარჯვების ქალღვთაების ტორსად, რამდენადაც ის ყოველთვის გამოისახება როგორც გაშლილი ფრთებით მფრინავი ქალი.

 

 

roma 25 testa di serapide

რომაელი მოქანდაკე
სერაპისის თავი
ახ.წ. II ს.
ძველი რუხი მარმარილო

წვეროსანი მამაკაცის თავი გამოქანდაკებულია ანტიკური ხანის რუხი მარმარილოსგან, რომელსაც ცენტრალურ ნაწილში აქვს მოგვიანებით ჩაჭრილი ღრმული. მასში უნდა ჩამაგრებულიყო ეს თავი შადრევნის დეკორატიულ კომპლექსში ჩასასმელად. სახის კონტურები აქცენტირებულია თმისა და სქელი წვერის ძლიერი და ღრმა კვეთით, რაც მიგვანიშნებს ახ.წ. II ს-ის რომაელი ოსტატის ხელწერაზე.
შესაძლებელი გახდა სახის იდენტიფიცირება სერაპისთან, ღვთაებასთან, რომლის კულტის თაყვანისცემა განსაკუთრებით გავრცელდა ძვ.წ. III საუკუნიდან, ელინისტურ ეპოქაში.

 

 

roma 26 ritratto di didio giuliano

რომაელი მოქანდაკე
დიდიო ჯულიანოს (?) პორტრეტი
XVII ს.
თეთრი მარმარილოს ქანდაკება

ქანდაკება წარმოგვიდგენს შუახნის მამაკაცს მარჯვნივ მოტრიალებული თავითა და სქელი ხუჭუჭა წვერით, რომლის ხვეულები ბურღითაა დამუშავებული. ასეთივე კულულები ეფინება ფიგურის შუბლსა და საფეთქლებს. გულდასმით ნაქანდაკარი კისერი მიგვანიშნებს, რომ მამაკაცის თავი ბიუსტის ნაწილი უნდა ყოფილიყო. სანტარელის კოლექციის ეს ნიმუში ერთ-ერთია იმ ოთხ თანამედროვე ასლთაგან, რომელთა ორიგინალები ბაროკოს ეპოქაში შეიქმნა და რომლებიც ტიპოლოგიურად განეკუთვნებიან ახ.წ. II საუკუნის ბოლო დეკადის რომაულ იმპერიულ პორტრეტებს, როგორიცაა დიდიო ჯულიანოს, კლოდიო ალბინოსა ან სეტიმიო სევეროს პორტრეტები.

 

 

roma 27 ritratto femminile

რომაელი მოქანდაკე
ქალის პორტრეტი
ახ.წ. I საუკუნის მიწურული
წვრილმარცვლოვანი თეთრი მარმარილო

მოწიფული ასაკის ქალის პორტრეტა გამოარჩევს დახვეწილი მოყვანილობის მქონე სახის ოვალი, სავსე ბაგეები, სწორი ცხვირი, თხელქუთუთოიანი თვალები, მომრგვალებული წარბები და „ვენერას რგოლებით” დაღარული ყელი. მარჯვენა ყური გახვრეტილია ლითონის, ალბათ ძვირფასი, საყურის გასაყრელად. თმა დამუშავებულია ფაქიზად შვერილი ხვეულების სახით, გამოკვეთილი წვრილი ნახვრეტებით, რომლებიც ხვეულების ექვსი პარალელურ მწკრივს გაუყვება, თმა შეკრულია კეფაზე. ორი გრძელი ხვეული ყურს უკანა მხრიდან ეშვება კისრის გასწვრივ.

 

 

roma 28 oscillum

რომაული ქანდაკება
OSCILLUM (დიონისეს/ბახუსის ნიღაბი)
ძვ.წ. I – ახ.წ. I სს.
წვრილმარცვლოვანი თეთრი მარმარილო

ეს ნიმუში, რომელზეც არსებული ნახვრეტები გამიზნული იყო ფილის სატრიალოდ და დღემდე დაუზიანებელია, ორივე მხრიდანაა დეკორირებული: ერთ მხარეს გამოსახულია დიონისური სცენა მოცეკვავე შიშველი მენადით, რომელსაც მარჯვენა ხელში გირჩიანი ჯოხი, ხოლო მარცხენაში მოსასხამი უჭირავს. მის ორსავე მხარეს არიან სატირები, მოსილნი ლომის ტყავით. მარცხენა მხარეს მყოფი ჩართულია ცეკვაში ორმაგი სალამურით ხელში, ხოლო მარჯვნივ მყოფი უფრო ასაკოვანი, მენადას ეცეკვება. ამ სცენის დიდი რეალიზმი ფიგურათა თავებით ვლინდება, რომლებიც აღწევენ და არღვევენ კიდეც ჩარჩოს და სამგანზომილობიანობის ეფექტს ქმნიან. მეორე მხარეს გამოსახულია ცხენზე ამხედრებული ეროსი, რომელიც ზღვის ტალღებს ორი ზღვის ცხენის მეშვეობით მიაპობს. Oscillum, რომელიც გამოიყენებოდა დიონისური თიასოსის (ძველბერძნულ კულტურაში ექსტატური პროცესია, რომელიც რომელიმე ღვთაებას, განსაკუთრებით – დიონისეს კულტს უკავშირდებოდა) გამოსასახავად, ტერაკოტას ან კერამიკის ნაწარმი იყო, გამიზნული რომაული ვილების პერისტილებსა ან ბაღებში დასაკიდად. იშვიათ შემთხვევაში (ისევე, როგორც ეს ნიმუში) მარმარილოსი იყო და შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო სავენტილაციო არხების ჩასაკეტად.

 

 

roma 29 busto di tritone

რომაელი მოქანდაკე
ტრიტონის ბიუსტი
ახ.წ. II ს.
წვრილმარცვლოვანი თეთრი მარმარილო

ტრიტონის შიშველი ფიგურის ტორსს ძლიერი და კუთოვანი მხრები აქვს. სქელი წვერი ფართო ხვეულებით შუაზეა გაყოფილი; ქვედა ნაწილი არის შედეგი ძველი, ალბათ XVIს-ის რესტავრაციისა, რისი კვალიც წვერის ხვეულების სხვადასხვაგვარ დამუშავებაში შეინიშნება. გარდა ფართოდ გაღებული პირისა, რომელიც შემდგომ დამუშავებულ იქნა მისი, როგორც შადრევნის ელემენტის ჩასასმელად, სახისთვის სახასიათოა გამოწეული ყვრიმალები და სქელქუთუთოიანი თვალები საცრემლე ჯირკვლითურთ. წარბები სქელია და წინ გამოწეული. ყურები ველური არსების, მაგალითად კენტავრის ან სატირის ყურებს მოგვაგონებს. შუბლსუკან თმა დამუშავებულია უწესრიგოდ ფენილი კულულების სახით, რომელთაგან ორი ცენტრალური (მათგან მარცხენა დაკარგულია) უფრო დიდ ხვეულად ლაგდება. ზურგს თმები ეფინება მხრების გასწვრივ და თავს ფიგურის ცენტრისკენ იყრის.

 

 

roma 30 statuetta di cane sdraiato

რომაელი მოქანდაკე
მწოლიარე ძაღლის სტატუეტი
ახ.წ. I-II სს.
ძველი ყვითელი მარმარილო

ქანდაკება წარმოგვიდგენს მრგვალ ბაზისზე გაწოლილ ძაღლს მომლოდინე პოზაში. ის დრუნჩით ეყრდნობა თავის მარცხენა თათს. სამკუთხედის ფორმის წაწვეტებული თავზე, მეტად გამომსახველი თვალები სევდიანი მზერით იპყრობს ყურადღებას. სხეული მეტად ნატურალისტურია და ჩანს კანის ნაკეცებიც, რომლებიც ნეკნების ძვლებს ზემოთ დაჭიმულ კუნთებს შემოსაზღვრავს. კუდი მოკეცილია მარცხენა უკანა ფეხს ქვემოთ. მარმარილო, ძველი ყვითელი ან სხვაგვარად, marmor numidicum, თავდაპირველად ტუნისიდან ჩამოჰქონდათ და რომის კარიერები, რომლებშიც ძვირფას ნედლეულს მოიპოვებდნენ, მალე გადავიდა იმპერატორის მფლობელობაში. ძაღლი, და ალბათ ეს მონადირე ძაღლია, შეიძლება შევადაროთ თავისი ელეგანტურობით ორ სხვა ნიმუშს: ქალცედონზე მწოლიარე პატარა ძაღლს, დათარიღებულს ახ.წ. I საუკუნით (ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი), უფრო მეტად კი – ძვ.წ. 520 წლით დათარიღებულ მონადირე ძაღლს ათენის აკროპოლისის მუზეუმიდან.

 

 

roma 31 cinghiale frammentario su capitello

რომაელი მოქანდაკე
კაპიტელზე გარეული ტახის გამოსახულების ფრაგმენტი
ახ.წ. II ს.
წვრილმარცვლოვანი თეთრი მარმარილო

ქანდაკება წარმოგვიდგენს გარეული ტახის თავს ნახევრად ღია დრუნჩით, სადაც კბილები და მომტვრეული ეშვების ნაწილი უჩანს. ჯაგარი გამოსახულია ხვიარების სახით და აქცენტირებულია ნახვრეტებით. სქელ ქუთუთოებიანი ირიბი თვალები თავის ქალის გვერდებზე აქვს დასმული ღიობების სახით, გუგების უკეთ გამოკვეთის მიზნით. მომრგვალებული ყურები ასრულებენ თავის ფორმას. ცხოველის დანარჩენი ნაწილი კარგად გაპრიალებულია და ზემოთ მიმართული ირიბხაზოვანი ფორმის მქონეა. ტახი ეყრდნობა მრგვალ კორინთულ კაპიტელს. მთელი თავი გამოქანდაკებულია მკაცრად ნატურალისტური, ახ.წ. II საუკუნისთვის სახასიათო მანერით.

 

 

roma 32 clipeo con testa di medusa

რომაელი მოქანდაკე
კლიპეუსი (ფარი) მედუზის თავით
ახ.წ. II საუკუნის მიწურული – III საუკუნის დასაწყისი
თეთრი მარმარილო

კლიპეუსის ამ ფრაგმენტში წარმოდგენილია ქალის თავი, რომელიც მედუზას გამოსახულება უნდა იყოს. ფრაგმენტი უხვადაა შემკული სხვადასხვა მოტივით, რომლებიც შემოსაზღვრულია კონცენტრული წრეებით და დანაწევრებულია მარგალიტის თვლებისა და აკანთის ფოთლების მონაცვლეობით; გამოქანდაკებულია კვეთის რთული ტექნიკითა და შემდგომ, დახვეწილია ბურღის გამოყენებით. გორგონა წარმოდგენილია ტიპური საიდენტიფიკაციო ატრიბუტით – თმის მაგივრად გველებით. სახე ფრონტალურია, ოდნავ შებერილი ლოყებით, მკვეთრი ნესტოებით, ამოკვეთილი გუგებითა და ოდნავ ღია პირით, რითაც ხაზგასმულია მისი სახის შიშისმომგვრელი გამომეტყველება. მედუზას ფიგურა ხშირად გვხვდება ძველ ხელოვნებაში, არა მარტო რომაულ, არამედ ბერძნულსა და ეტრუსკულ სამყაროშიც; გარდა იმისა, რომ იყო ათენას ცნობილი ატრიბუტი, ის იქცა აპოტროფულ მოტივად ურჩხულის მსგავს არსებებთა გამოსასახავად, რომელთაც შეეძლოთ ყოველგვარი ნეგატიურის განდევნა და ამდენად, ამავე დატვირთვა ექნებოდა მას ჩვენს ფარზეც.

 

 

roma 33 torso di barbaro

რომაელი მოქანდაკე
ბარბაროსის ტორსი
ახ.წ. II ს.
ძველი ყვითელი მარმარილო

ქანდაკება, რომელსაც არ აქვს თავი და აკლია ფეხების დიდი ნაწილი, წარმოგვიდგენს ბარბაროს ტუსაღს მდგომარე პოზით, ტრადიციული აღმოსავლური სამოსით მოსილს. მოსასხამი მხოლოდ ზურგს ფარავს. მკლავები თავისებურადაა გამოსახული: მარცხენა ჰორიზონტალურად გაუყვება წელს, ხოლო მარჯვენა, ფრაგმენტულად შემორჩენილი, მკერდზე დიაგონალურად უდევს ზემოთკენ მიმართული, რითაც გვაგონებს უჩვეულო იკონoგრაფიას ზოგიერთი ქანდაკებისა, რომლებიც დაკიელ ტუსაღებს წარმოგვიდგენს და რომელშიც იგულისხმება კონსტანტინეს თაღსა და ეფესოში აღმოჩენილი გამოსახულებები. მცირე ზომები და მასალა, კერძოდ, ყვითელი უნიკალური მარმარილო, ან, სხვაგვარად, Marmor Numidicum ვერ შეედრება რომელიმე კოლოსალურ ქანდაკებას დაკიელებისა, რომლებიც ამკობდნენ ტრაიანეს ფორუმს და სადაც ეს ტიპი ფართოდ გავრცელებულ იყო. ბარბაროსის სახემ მეტად სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა, რამდენადაც ის მოწმობდა რომის იმპერიის ძალასა და ექსპანსიას.