ოვიდიუსი ამბობდა: “იყავი წმინდა, სუფთა; ყავისფრად იბზინოს შენმა კანმა კაპიტოლიუმზე ჭიდაობისას; ტოგა ტანზე გშვენოდეს და არ ემჩნეოდეს ლაქები. ენა გქონდეს მუდამ წმინდა, კბილები თეთრი და მთელი. ნუ ჩაიცვამ მეტისმეტად ფართო ფეხსაცმელს. თავს ნუ მიანდობ გამოუცდელ დალაქს, რომელიც თმას ჯოხებად გიქცევს. თმა მოხდენილად უნდა გქონდეს შეჭრილი და წვერი წმინდად გაპარსული. ფრჩხილი ზომაზე გრძელი და ჭუჭყიანი არ უნდა იყოს, ნესტოებიდან თმის ღერები არ გიჩანდეს, პირიდან ცუდი სუნი არ გიდიოდეს, შენი სუნთქვა სხვის ნესტოებს არ უნდა აწუხებდეს და თხის სუნად არ უნდა ყარდე” . („ტრფობის ხელოვნება”, 1, 510). მსგავსი შინაარსის ცნობილი გამონათქვამი ეკუთვნის იუვენალისსაც, რომლის თანახმადაც „ჯანსაღი გონება, ჯანსაღი სხეულის საწინდარია” („სატირები”, 10, 356).
ყოველდღე ბანაობის ტრადიცია, ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში იმკვიდრებს ფეხს, საჯარო აბანოების – „ბალნეების” გახსნის შემდეგ, რომლებსაც იმპერიულ ხანაში „თერმებს” უწოდებდნენ. აბანოში ყოველდღიურად სიარულის ჩვევა საშუალო ფენის მოსახლეობაშიც გავრცელდა. ამ დროიდან საზოგადოებრივი აბანოებს არა მხოლოდ ჰიგიენის მიზნით სტუმრობდნენ, არამედ ეს სტრუქტურები მოსახლეობის ყველა ფენის თავშეყრის ადგილებად იქცა.
აბანოებში დადიოდნენ გრძელი სამუშაო დღის შემდეგ, დასასვენებლად და ასევე ერთმანეთის მოსანახულებლად, საქმეებზე სასაუბროდ და უბრალოდ სალაყბოდ. აბანოებში შესვლა ერთი კვადრანტის ფასად შეიძლებოდა. ამ სტრუქტურებს ჯერ საჯარო ნაგებობათა მაგისტრები, შემდეგ კი საგანგებოდ მიჩენილი პირები განაგებდნენ, რომლებსაც რომში „თერმის კურატორებს” უწოდებდნენ.