ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

რესპუბლიკის 70 წელი: თავისუფლების, სტილისა და შემოქმედების ისტორია, რომელსაც ჟურნალი “არილი” გვიყვება

იტალიის საელჩო საქართველოში და ჟურნალი “არილი24 ოქტომბერს, 19:00სთ-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში წარმოგიდგენთ “არილის” სპეციალური ნომერს, რომელიც მთლიანად ეძღვნება იტალიასა და იტალიის რესპუბლიკის დაბადებას. აი, ასე ლამაზად დასრულდება იტალიური ენის მეთექვსმეტე მსოფლიო კვირეული.
ჟურნალის ეს ნომერი, რომელიც საელჩოსთან თანამშრომლობით მომზადდა, მოგითხრობთ იტალიურ გენიაზე და მკითხველს სთავაზობს წარმოსახვით მოგზაურობას დანტეს უსიერი ტყიდან ეკოს საიდუმლოებით აღსავსე შუასაუკუნეებამდე, ფოს ჯამბაზის ნიღბებიდან პისტოლეტოს სარკეთა სამყარომდე, პაზოლინის კინემატოგრაფიული ხელოვნებიდან ბენედეტი მიკელანჯელის მუსიკის დახვეწილ ინტერპრეტაციამდე.
პავეზეს იტალიის ფარგლებს გარეთ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი არაჩვეულებრივი ლექსები (რომლებიც ქართულად პირველად ითარგმნა!); ფერნანდა პივანოს როლი, რომელიც მთარგმნელის როლზე გაცილებით დიდია; Slow Food-ს ფილოსოფია და ახალი განსტრონომიის პრინციპები; იტალიელი არქიტექტორების თავგადასავალი, რომელთა ხელოვნებამ საქართველოს დედაქალაქს თავისი განუმეორებელი ხიბლი შემატა; რისორჯიმენტოსა და ერთიანი იტალიური სახელმწიფოს დაარსების ისტორია – ასეთია ამ წარმოსახვითი მოგზაურობის ეტაპები. თქვენ გელით კრეატიულობის ნიშნით გამორჩეული პერსონაჟებისა და შედევრების მთელი გალერეა.
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!

 

1 arili orive

 

იტალიის სახელმწიფოს დაბადება:
რესპუბლიკის არსებობის სამოცდაათი წელი, ისტორიისა და კულტურის ათასწლეულები

1946 წლის 2 ივნისი, იტალიის რესპუბლიკის დაბადება. მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებულია. საყოველთაო რეფერენდუმში, რომელშიც, იტალიაში პირველად ქალებიც მონაწილეობენ, მონარქია მარცხდება. 25 მილიონი მოქალაქე, ქალი და მამაკაცი, კენჭისყრის ყუთებთან საკუთარ (ხალხის და არა მმართველის!) ნებას გამოხატავს. ეს ისტორიული მომენტია: იტალია ხელახლა იბადება.
მიღებულია ახალი კონსტიტუცია, რომელზეც წელიწადნახევარზე მეტ ხანს მუშაობდა გამორჩეული პოლიტიკოსი ქალებისა და მამაკაცებისაგან შემდგარი საკონსტიტუციო ასამბლეა. ფაშიზმის შავ-ბნელი წლების შემდეგ, ეს სრულიად ახალი კანონმდებლობაა. რესპუბლიკის შექმნა ეფუძნება იტალიის მისწრაფებებს მშვიდობისაკენ და სხვა ქვეყნებისა და ხალხების მიმართ გახსნილობისაკენ. თავისუფლება, თითოეული ადამიანის ღირსება და სოლიდარობა – ეს ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენი კონსტიტუციისა და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს.
მაშასადამე, წელს აღვნიშნავთ რესპუბლიკის დაარსების 70 წლისთავს. ეს უმნიშვნელოვანესი გადასახედია, საიდანაც შეგვიძლია წარსულს ჩავუღრმავდეთ და თვალი მომავალს შევავლოთ. გადასახედი, რომელიც გაგვახსენებს, რომ ის პრინციპები, რომლებმაც წლების წინ ჩვენი არჩევანი განსაზღვრა, დღესაც აქტუალური და მოქმედია. ისინი ჩვენს არჩევანს მიმართულებას აძლევს და ჩვენი ეროვნული ერთიანობის ფუნდამენტს წარმოადგენს. ხელახლა მოპოვებულ თავისუფლებასა და რესპუბლიკის დაარსებას მალევე მოჰყვა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და, ასევე, კულტურული აღმავლობა.
დღეს, ჟურნალ „არილის” მეშვეობით, აღვნიშნავთ რესპუბლიკის დაარსების 70 წლისთავს და მკითხველს ვთავაზობთ იტალიური კულტურის ზოგიერთი თვალსაჩინო ფიგურის შემოქმედების მიმოხილვას. აქ თავმოყრილია თეატრი, კინემატოგრაფი, ლიტერატურა, მხატვრობა, არქიტექტურა, მუსიკა, ენოგასტრონომია და, თავისი კრეატიულობით, ტრადიციებისა და ინოვაციების შერწყმის განსაკუთრებული უნარით განთქმული იტალიური კულტურის სხვა მრავალი ასპექტი…
აქ იხილავთ მასალებს, რომლებიც ეძღვნება იტალიურ გენიას, ჩვენი ცხოვრების სტილს, ათასწლეულების განმავლობაში შექმნილ და სათუთად შენახულ კულტურულ საგანძურს, რომელიც ერთი ცალკეული ერის კი არა, მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა.
მაშ ასე, დავიწყოთ ეს მოგზაურობა – მეტაფორულად რომ ვთქვათ, – დანტეს უსიერი ტყიდან. გავიგოთ, დღეს როგორ აღიქმება დანტეს შედევრი, რას წარმოადგენს კაცობრიობისათვის ეს უდიდესი პოეტი და რამდენად აქტუალურია მისი გზავნილი თანამედროვეობისათვის.
ბენედიქტელების მონასტერი იტალიაში, დანტეს გარდაცვალებიდან რამოდენიმე წლის შემდეგ, მელქელი ადსოს და უილიამ ბასკერვილელის თავგადასავალი. ჩვენ ვიკარგებით უმბერტო ეკოს რომანის „ვარდის სახელი” თხრობის მომაჯადოებელ ლაბირინთში, რომანის, რომელიც 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და 50 მილიონიანი ტირაჟით გამოიცა.
ჩვენი კულტურის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სახელი, ნობელის პრემიის ლაურეატი დარიო ფო, რომელმაც თავისი თეატრალური შემოქმედება დაუკავშირა შუასაუკუნეების დროინდელი ჯამბაზის ფიგურასა და უფრო გვიანდელ კომედია დელ’არტეს, სადაც შთაგონება და რეალობა ნიღბების გარშემო ტრიალებს. დარიო ფოსთვის იუმორი სამყაროს აღქმის გასაღებია, რომლის მეშვეობით დრამატურგი გარესამყაროს ნიღაბს ხსნის და მის ნამდვილ სახეს წარმოაჩენს.
მაგრამ როგორია ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ? როგორ აღვიქვამთ მას და როგორ აირეკლება ის სარკეში? რას ვხედავთ ამ სარკის მიღმა? ჩვენი გამოსახულება ამ სარკეში უფრო რეალისტურია, თუ ეს მხოლოდ ჩვენი წარმოსახვითი ხედვაა? მიქელანჯელო პისტოლეტოს ნამუშევრები გვეხმარება ამ კითხვებზე პასუხის მოძიებაში, ჩვენი დროისათვის დამახასიათებელი ქაოსის გარკვევაში, რომელშიც „imago” (გამოსახულება) ყველაზე მნიშვნელოვანია.
„იკითხეთ” – იტალიური ლიტერატურისა და წინააღმდეგობის მოძრაობის პერიოდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, ჩეზარე პავეზეს მთავარი მოწოდებაა ფაშისტური იდეოლოგის წინააღმდეგ ბრძოლაში. კითხვა ხომ მხოლოდ ცოდნის წყარო, ან მხოლოდ გაგება არ არის, კითხვა თავისუფლებაა. აზრისა და ქმედების თავისუფლება, რომელსაც მმართველთა ხელიდან წყალობის სახით ვერ მიიღებ. თავისუფლება უნდა მოიპოვო, გაუფრთხილდე და დაიცვა.
სწორედ ამ იდეით იცხოვრა პიერ პაოლო პაზოლინიმ. თავისუფლების მაძიებელი, საკუთარი თავის გამოხატვას ყველანაირი ფორმით ცდიდა: პოეზიისა და პროზის, ჟურნალიზმისა და კინოს მეშვეობით. პაზოლინი ხშირად უბრუნდებოდა თავისუფლების, ექსპრესიულობისა და სიკვდილის ურთიერთკავშირის თემას: “შენი თავი ან სიკვდილით უნდა გამოხატო, ან უკვდავი იყო და ვერასდროს გამოხატო, სიცოცხლის ბოლო წუთამდეც კი”.
ვინც ფიქრობს, რომ კულინარია ხელოვნება არ არის, Slow Food-ის დამფუძნებლის, კარლო პეტრინის აზრით, ძალიანაც ცდება. “აუჩქარებლად სმა-ჭამის” კონცეფცია, რომელიც თავის დროზე ფილოსოფიურ და, ცოტა არ იყოს, ჰედონისტურ საუბრებში გაჩნდა, ნელ-ნელა ხელოვნების ფორმას იძენს. ხარისხიანი კერძის შექმნისთვის მხოლოდ საუკეთესო ინგრედიენტები არ კმარა, ისევე, როგორც მხატვრისთვის შედევრის შესაქმნელად მხოლოდ ფუნჯები და საღებავები საკმარისი არ არის.
ეს მშვენივრად იცის იმან, ვინც „სხვისი ფუნჯის” მეშვეობით, ავტორის ნაფიქრი და ნააზრევი სხვა ენაზე უნდა გადმოსცეს. ჟურნალი „არილი” სტატიას უძღვნის შეუდარებელ მთარგმნელს, ფერნარდა პივანოს, რომელმაც იტალიელ მკითხველს ამერიკული ლიტერატურა გააცნო, გიგანტებით – ჰემინგუეითა და ფოლკნერით დაწყებული, „დაღლილი თაობის” წარმომადგენლებით დამთავრებული.
თარგმნა და ინტერპრეტაცია, სხვა თუ არაფერი, ემოციების გადაცემას ნიშნავს. არტურო ბენედეტი მიქელანჯელიმ მუსიკის მისეული ინტერპრეტაცია და საკუთარი სულის ნაწილი დაგვიტოვა. და, თავისი უნაკლო შესრულების მანერის მეშვეობით, მუსიკალური ექსპრესიის უმაღლეს მწერვალს მიაღწია. ნებისმიერ ქმნილებაში ჩაქსოვილი გული და სული, დახვეწილ ოსტატობასთან ერთად, იტალიკური გენიის მთავარი შემადგენელი ნაწილებია.
ეს იმ ერის გენიაა, რომელიც თავს ყოველთვის „იტალიელად” გრძნობდა, მაგრამ ერთიან სახელმწიფოდ (როგორც ამას გრიგოლ გეგელია გვიხსნის) სულ რაღაც საუკუნენახევრის წინანდელი ისტორიული მოვლენების შედეგად ჩამოყალიბდა. სახელმწიფოს შექმნას მონახაზი, ხოლო ერთიანი და მუდმივად ევოლუციის გზაზე მყოფი სახელმწიფოს შენებას – ერთი ან მეტი ხელოვანი (ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსი) სჭირდება.
დაბოლოს, გავიხსენოთ ის იტალიელი არქიტექტორები, ვინც თავისი წარუშლელი კვალი დაუტოვა კავკასიის ყველაზე ევროპულ დედაქალაქსაც. სკუდიერი, მორეტი, ფუქსასი – ეს ის სახელებია, ვინც წვლილი შეიტანა ამ ქალაქის უნიკალური იერ-სახის შექმნასა და მისთვის დამახასიათებელი მრავალკულტურული და მრავალწახნაგოვანი იდენტობის წარმოჩენაში.
„არილის” ამ სპეციალურ ნომერში მოთხრობილი წარმოსახვითი მოგზაურობა იტალიაში ჟურნალის ბოლო ფურცლით არ მთავრდება, მისი ბოლო სიტყვიდან იწყება იტალიასა და საქართველოს შორის არსებული უსაზღვრო შესაძლებლობების სამყარო. მათი განვითარება კი ჩვენ უნდა შევძლოთ, ნიჭით, სიყვარულითა და მეგობრობით.
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ!

ანტონიო ენრიკო ბარტოლი
იტალიის ელჩი საქართველოში