ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

პირველად საქართველოში: გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

1

7 ნოემბერს თბილისის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის საგამოფენო სივრცეში გაიხსნა გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა“, რომელიც ეძღვნება ისტორიულ კავშირს კინემატოგრაფსა და მოდას შორის და, ასევე, მოდისა და დიზაინის თვალსაჩინო ფიგურების ნიჭსა და პროფესიონალიზმს.

გამოფენა, რომლის იდეის ავტორი და კურატორია “Made in Italy“-ს (“იტალიური ნაწარმის”) დესპანი მსოფლიოში სტეფანო დომინელა, ორგანიზებულია საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ კომპანია Mariotto-სთან თანამშრომლობით. გამოფენის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მირკო ტონდიმ, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის სპეციალურმა წარგზავნილმა იტალიური მოდის პოპულარიზაციის საკითხებში.

ექსპოზიცია დამთვალიერებელს იტალიური მოდისთვის დამახასიათებელი ელეგანტურობისა და კრეატიულობის სამყაროში ამოგზაურებს და სახელგანთქმული დიზაინერების საკულტო ნამუშევრებს აცნობს. გამოფენაზე წარმოდგენილია იტალიური მოდის ყველაზე პრესტიჟული ბრენდების სამოსის ექსკლუზიური კოლექცია, რომლის თითოეული ექსპონატი მოგვითხრობს ოსტატობაზე და გვაჩვენებს იტალიის გავლენას მსოფლიო მოდის განვითარებაზე.

ექსპოზიცია მოიცავს 35 უნიკალურ სამოსს, რომლებიც სხვადასხვა დროს შეიქმნა კინოსა და პოპ-მუსიკის ისეთი ვარსკვლავებისთვის, როგორიცაა სოფია ლორენი, ოდრი ჰეპბერნი, ინგრიდ ბერგმანი, ანიტა ეკბერგი, ჯულია რობერტსი, მონიკა ბელუჩი, სკარლეტ იოჰანსონი, მადონა, ბიონსე და სხვები.

მნახველს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს ლეგენდარული კინოკოსტიუმები, რომლებმაც კინოსა და მოდის ისტორია შექმნეს, გლობალურ ტრენდებად იქცნენ და ხელი შეუწყეს შეუდარებელი იტალიური სტილის დამკვიდრებას მთელ მსოფლიოში.

“მოდა უნივერსალური ენა და მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც სამკერვალო ოსტატობის, ქსოვილისა და ნაქარგის მეშვეობით ყვება დღევანდელობაზე და გადმოსცემს სამყაროს ხედვას, მისი მზერა კი მომავლისა და ინოვაციებისკენაა მიმართული”, – განმარტა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, – “ჩვენი დიდი სურვილი იყო, საქართველოში – ქვეყანაში, სადაც იტალიური კულტურა და კრეატიულობა ძალიან უყვართ – ჩამოგვეტანა გამოფენა, რომელიც შესანიშნავად გადმოსცემს იმ ოსტატობასა და სტილს, რომლებმაც იტალიურ ნაწარმს (Made in Italy) სახელი მთელ მსოფლიოში გაუთქვა”.

გამოფენის გახსნით ღონისძიებაზე აჟღერდა მუსიკა კინოფილმებიდან, რომელიც იტალიელმა პიანისტმა და დირიჟორმა, სხვადასხვა პრესტიჟული ჯილდოს მფლობელმა კომპოზიტორმა და არანჟირების ავტორმა პაოლო ვივალდიმ შეასრულა.

გამოფენის ფარგლებში ჩატარდა სტეფანო დომინელას მასტერკლასი, რომელიც კინოსა და მოდას მიეძღვნა და თბილისის დიზაინის ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა.

გამოფენა, რომელიც ტარდება იტალიის საელჩოს 2026 წელს ორგანიზებული კულტურული ღონისძიებების სპონსორის, თიბისი ბანკის დახმარებით, მნახველისთვის ღია იქნება თბილისის ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2026 წლის 23 ნოემბრამდე. არ გამოგრჩეთ!

#DiplomaziaCulturale