იტალიური სამზარეულოს მე-11 მსოფლიო კვირეულის აღნიშვნა საქართველოში 3 ოქტომბერს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული იტალიური სამზარეულოს სიყვარულით გაჯერებული, ხალისიანი და ხალხმრავალი ღონისძიებით დაიწყო.
იტალიის საელჩოს მიერ ჩაფიქრებული და What About Georgia-სთან თანამშრომლობით ორგანიზებული პირველი ღონისძიება მიეძღვნა პულიის რეგიონის მდიდარი კულინარიული ტრადიციებითა და ავთენტური რეცეპტებით გამორჩეულ სამზარეულოს.
პულიის სურნელითა და გემოებით აღსავსე ორი დღე: 3 და 4 ოქტომბერს, საქართველოს დედაქალაქის საშემოდგომო დღესასწაულის, თბილისობის ფარგლებში, ქალაქის ისტორიული ცენტრის ერთ-ერთი ქუჩა იქცა ადგილად, სადაც სტუმრებს შეეძლოთ, გაცნობოდნენ პულიის გასტრონომიულ კულტურასა და ტრადიციულ კერძებს.
„უკვე რამდენიმე წელია, რაც იტალიის საელჩო ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია იტალიის რეგიონების პოპულარიზაცია საქართველოში. გადავწყვიტეთ, წლევანდელი სამზარეულოს კვირეული პულიის რეგიონისთვის მიგვეძღვნა, რომელიც ენოგასტრონომიული მრავალფეროვნებითა და უმაღლესი ხარისხის მქონე ინგრედიენტებით გამოირჩევა. რეგიონისთვის, სადაც თითოეული კერძი საკუთარი ტერიტორიისა და წარმომავლობის ამბავს გვიყვება“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, – „სამზარეულო, რომელიც გემოების მეშვეობით ხალხზე, ადგილებსა და ტრადიციებზე მოგვითხრობს, ერთგვარი ხიდია განსხვავებულ კულტურებს შორის“.
ღონისძიების სტუმრებს იტალიური კულინარიის ნამდვილი ზეიმი დახვდათ, გარდა ამისა, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ცნობილი იტალიელი შეფ-მზარეულისა და რესტორან „Osteria del Borgo Antico di Gioia del Colle“-ს მფლობელის, ოტავიო ჯულიო სურიკოს მასტერკლასსა და კულინარიულ შოუს დასწრებოდნენ.
#DiplomaziadellaCrescita