30 ივნისს, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის წარმოდგენა “Voyager”-ის პრემიერა გაიმართა. მარიამ ალექსიძის მიერ დადგმულ სპექტაკლში, რომელიც საბალეტო დასის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა და საქართველოს იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა, გამოყენებულია „ოსკარისა” და „ოქროს გლობუსის” პრემიებით დაჯილდოებული სახელგანთქმული იტალიელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის მუსიკა.
დავით მაზიაშვილის კონცეფციით შექმნილი და გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის შესანიშნავი მოცეკვავეების მიერ წარმოდგენილი დადგმა იტალიელ კომპოზიტორსა და ქართულ საბალეტო დასს შორის რიგით მეორე თანამშრომლობაა (პირველი თანამშრომლობის შედეგად, 2021 წელს, იტალიის საელჩოს ხელშეწყობით შეიქმნა წარმოდგენა „ბეატრიჩე“, რომელიც დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავს მიეძღვნა).
სპექტაკლში გამოყენებულია დარიო მარიანელის სავიოლინო კონცერტი “Voyager”, რომელიც შორეულ 1977 წელს დედამიწიდან გაშვებულ კოსმოსურ ზონდებს (Voyager 1 და Voyager 2) ეძღვნება. წარმოდგენამ, რომელსაც მუსიკის ავტორიც ესწრებოდა, მოაჯადოვა მაყურებელი და გაუძღვა მას წარმოსახვით მოგზაურობაში უსასრულო სამყაროსკენ.
#DiplomaziaCulturale