იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო ესტუმრა მდიდარი ტრადიციებისა და კულტურის მქონე ქისტებით დასახლებულ და ულამაზესი ბუნებით გამორჩეულ პანკისის ხეობას, რომელიც კახეთში მდებარეობს.
ელჩი დ’ანტუონო პანკისის ხეობას ეწვია როდი სკოტის ფონდის მოწვევით, რომელიც ჩეჩნეთის ომის დროს მოკლული ახალგაზრდა ბრიტანელი ჟურნალისტის, როდი სკოტის სახელს ატარებს. ფონდის მასწავლებლები პანკისის ხეობაში მცხოვრებ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ინგლისურ ენას უფასოდ ასწავლიან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მათ კულტურათაშორის აღზრდა-განათლებაში.
ელჩის ვიზიტი დაიწყო ფონდის მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მოხალისეებთან შეხვედრით, რომელზეც გაიმართა საინტერესო დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა იტალიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები, იტალიის როლი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა ინიციატივებში, კულტურული გაცვლები და სწავლის შესაძლებლობები უცხოეთში. ელჩმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და დიპლომატის პროფესიასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.
ელჩის ვიზიტი გაგრძელდა პანკისში ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელ პირველ ქალ უხუცესთან შეხვედრით, რომელზეც მხარეებმა ადგილობრივი თემის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და მის განვითარებაზე ისაუბრეს. ელჩი შეხვდა პანკისის ხეობის პირველ ქალ ადგილობრივ რწმუნებულს, რომელთანაც ისაუბრა პანკისის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ადგილობრივი განვითარებისთვის გამიზნულ ინიციატივებზე.
პანკისის ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულების შემდეგ, ელჩი ეწვია ხეობის უძველეს მეჩეთს, სადაც მას ადგილობრივი რელიგიური თემის წარმომადგენელმა უმასპინძლა.
დღის ბოლოს ელჩი ეწვია ადგილობრივი მეწარმის ლუდსახარშს, სადაც გაეცნო ტრადიციული უალკოჰოლო ქისტური ლუდის დამზადების პროცესს და მონაწილეობა მიიღო დეგუსტაციაში.
“თუ კულტურული მრავალფეროვნება ადამიანებს უნიკალურებას სძენს, კულტურათაშორისი დიალოგი სამყაროს უფრო გახსნილად და ინკლუზიურად აქცევს”, – აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, – “ვიზიტი პანკისის ხეობაში უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა განსხვავებული ისტორიული, კულტურული და რელიგიური კონტექსტის გასაცნობად, გამოცდილების გასაზიარებლად და ადამიანთა შორის კავშირების გასაღრმავებლად”.