იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული ინიციატივის ფარგლებში, რომელიც იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ, იტალიის კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით წელს უკვე მეათედ ტარდება, 28 თებერვალს, თიბისი კონცეპტის გალერეაში თბილისის ქალაქგამოსახულების კვლევის ცენტრი „უბანის“ მიერ, საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა.
გამოფენა „თბილისი — ლანდშაფტის აღმოცენება“, რომელიც ცნობილი იტალიელი არქიტექტორისა და ვენეციის IUAV უნივერსიტეტის პროფესორის, რენატო რიცის სემინარით შარშან დაწყებული პროექტის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს, მნახველს სთავაზობს თბილისის გეოლოგიის სიღრმისეულ რეპრეზენტაციას სამგანზომილებიანი ხელნაკეთი მოდელების საშუალებით. ეს მოდელები შეიქმნა ლანდშაფტის მოდელირების სემინარის განმავლობაში, რომელიც „უბნის“ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რენატო რიცის, სუზანა პიშიელას, ჯორჯია ანტონიოლი და დავით ბროდსკის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მონაწილეობა 100-მდე სტუდენტმა მიიღო.
“ეს არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც ლანდშაფტზეა მორგებული. პეიზაჟი ცოცხალი ცნებაა, ცოცხალი იდეა ცოცხალი გულისცემით”, – განმარტა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის, შორის, დეპეროს მუზეუმის (ქ. როვერეტო) რესტავრაციისა და დიდი ეგვიპტური მუზეუმის (ქ. კაირო) დაგეგმარების პროექტების ავტორმა რენატო რიციმ.
გამოფენა გახსნა საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზემ, რომელმაც “იტალიური დიზაინის დღეზე” ისაუბრა. “წლევანდელი „იტალიური დიზაინის დღის“ თემა – „Re-Design. სივრცის, ობიექტებისა და იდეების რეგენერაცია“ – შესანიშნავი შესაძლებლობას გვაძლევს, ვიმსჯელოთ იტალიის გამოცდილებასა და ცოდნაზე ურბანული რეგენერაციის დარგში და ასევე, იმ როლზე, რომელსაც დიზაინი და არქიტექტურა თამაშობს ადამიანთა საყოფაცხოვრებო სივრცეებისა და კოლექტიური კეთილდღეობის გასაუმჯობესებაში“, – აღნიშნა ელჩის მოადგილემ.
გამოფენის გახსნას არქიტექტურისა და დიზაინის დარგების სპეციალისტები, ექსპერტები და სტუდენტები დაესწრნენ, ღონისძიების დასასრულს კი, რენატო რიცის ლექცია გაიმართა.
გამოფენა ღიაა მნახველისთვის 2026 წლის 24 აპრილამდე.