იტალიური ენა და კულტურა საქართველოში განსაკუთრებული ყურადღებისა და მზარდი დაინტერესების საგანია.
2018 წლიდან საქართველოს სკოლებში იტალიური ენის (როგორც მეორე სავალდებულო უცხო ენის) სწავლების დანერგვის შედეგად, ამჟამად საქართველოს დედაქალაქისა თუ რეგიონების 63 საჯარო და კერძო სკოლაში იტალიურ ენას 9000-მდე მოსწავლე ეუფლება.
1996 წლიდან თბილისში არსებობს სკოლა “ცისკარი”, სადაც 250-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. „ცისკარი“ ერთადერთი სკოლაა, სადაც იტალიური ენა ისწავლება, როგორც პირველი უცხო ენა ყველა სავალდებულო საგნისთვის. 2017-18 სასწავლო წლიდან სკოლის VIII-XII კლასებისთვის მოქმედებს ორენოვანი (იტალიურ-ქართული) სექტორი, რომლის კურსდამთავრებულებს იტალიის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული დიპლომი შესაძლებლობას აძლევს, ჩაირიცხონ იტალიურ სასწავლებლებში სწავლისთვის აუცილებელი იტალიური ენის გამოცდის ჩაბარების გარეშე.
ინტენსიურია საუნივერსიტეტო თანამშრომლობაც. წლიდან წლამდე იზრდება იმ იტალიური უნივერსიტეტების რიცხვი, რომლებიც შეთანხმებებს აფორმებენ ქართულ უნივერსიტეტებთან. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს თავისი წვლილი ამ სექტორშიც შეაქვს და, იტალიის საელჩოს მეშვეობით, ქართველ სტუდენტებს უამრავ სხვადასხვა სტიპენდიას ანიჭებს. აღნიშნულ სტიპენდიებს ემატება სხვა იტალიური ორგანიზაციების მიერ გაცემული სტიპენდიებიც.
საქართველოს უმთავრეს სახელმწიფო უნივერსიტეტებში არსებობს იტალიანისტიკის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. გარდა ამისა, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ მოვლენილი იტალიელი ლექტორი.
იტალიური ენა და კულტურა საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების 14 უმაღლეს სასწავლებელში ისწავლება. ესენია:
- ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ილიაუნი)
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ)
- საქართველოს უნივერსიტეტი
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)
- კავკასიის უნივერსიტეტი
- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია
- ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი
- საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
დაბოლოს, საქართველოში არსებობს უამრავი ცენტრი და ასოციაცია, რომლებიც ხელს უწყობენ იტალიური ენისა და კულტურის პოპულარიზაციას. მათ შორისაა “დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტი”, სადაც სხვადასხვა კურსებზე შესაძლებელია იტალიური ენის შესწავლა და ასევე, PLIDA-ს სასერტიფიკატო გამოცდისთვის მომზადება; განათლების ცენტრი „მინერვა“, რომელიც საქართველოს სკოლებში იტალიური ენის სწავლების კოორდინატორია და, ასევე, ილიას უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრი.