იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღე, რომელიც იტალიელი გენიოსის ლეონარდო და ვინჩის დაბადების დღეს ეძღვნება, საქართველოში ყოველწლიურად აღინიშნება და იტალიასა და საქართველოს შორის მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში თანამშრომლობის ჭრილში იმართება. წლევანდელი ღონისძიება 21 აპრილს, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA) ჩატარდა.
წლევანდელ კონკურსში "STEM Study Visits to Italy" გამარჯვებული ორი ქართველი ინოვატორი, მარიამ ზენაიშვილი და თომა ფირცხელიანი, სასწავლო სტიპენდიებით დაჯილდოვდნენ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გაიმდიდრონ გამოცდილება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ციფრული ტრანსფორმაცია, წარმოების დაგეგმვა და სტარტაპები. გამარჯვებულებს იტალიაში უმასპინძლებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და IT სერვისების მენეჯმენტის სფეროებში მომუშავე და კამპანიის რეგიონის ინოვაციების ხელშემწყობი კომპანია "Innovaway" (სათაო ოფისით ქ. ნეაპოლში), რომელიც ქართველი ინოვატორების პროფესიულ ზრდაზე მორგებულ პლატფორმას წარმოადგენს.
იტალიის ელჩის ენრიკო ვალვოს თქმით, "ამ ინიციატივამ საზოგადოების სიმპათია და მხარდაჭერა მოიპოვა. შარშანდელი პროგრამის დასკვნით ღონისძიებას, რომელიც დეკემბრის თვეში ქ. ნეაპოლში გაიმართა, საპატიო სტუმრად ხვიჩა კვარაცხელია დაესწრო (https://www.esteri.it/en/sala_stampa/archivionotizie/retediplomatica/2022/12/grande-successo-per-stem-study-visit-to-italy/?fbclid=IwAR2OirzWELSNqJDR-j1j4fQHiqYWbTekwVjWV9HKMe0AhbC1xP80Hyr9Pug), რაც ამ პროგრამის მთავარი მიზნის - იტალიაში ქართული ნიჭის დაფასების - სიმბოლური, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი გახლდათ".
ღონისძიებაზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდის (COTEC) პრეზიდენტმა ლუიჯი ნიკოლაისმა ხელი მოაწერეს იტალიასა და საქართველოს შორის ინოვაციების დარგში მჭიდრო თანამშრომლობის ახალ შეთანხმებას. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა ამ ინიციატივის მტკიცე მხარდაჭერას მთავრობის მხრიდან და გამოთქვა იმედი, რომ საქართველოში წარმოდგენილი, მაღალი ტექნოლოგიების დარგში მომუშავე იტალიური კომპანიების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
"იტალიას შეუძლია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორად იქცეს და გაუზიაროს საუკეთესო გამოცდილება შრომითი რესურსების ცოდნისა და უნარების გასაუმჯობესებლად საჭირო გადაწყვეტების შემუშავებისა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების კუთხით. ცხადია, იტალია ორივე მიმართულებით იმუშავებს", - აღნიშნა საქართველოში იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ, რომელმაც ისაუბრა იტალიური უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევითი ცენტრების როლზე და ასევე, იტალიური წარმოების მიღწევებზე ავტომატიზაციის, კიბერუსაფრთხოებისა და კოსმოსური ინდუსტრიის დარგებში (შეგახსენებთ, რომ იტალიური წვლილი მნიშვნელოვანია სატელიტების წარმოებაში და, ასევე, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის გამართვასა და მუშაობაში).
ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კერძო სექტორს დაეთმო: ინოვაციების დარგში მომუშავე იტალიური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა, სტივენ მუჩოლიმ და ვახო თურნავამ ინოვაციებისა და IT სერვისების მენეჯმენტის სფეროებში საკუთარ გამოცდილებასა და წარმატებაზე ისაუბრეს.
სტატიები და სიუჟეტები:
Agenda.Ge - სტატია, 21.04.2023
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) - სიახლე, 21.04.2023
Georgia Today - სტატია, 21.04.2023
The Messenger - სტატია, 24.04.2023
AISE - სტატია, 26.04.2023
საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო - სიახლე, 27.04.2023