ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

#SLIM2022, იტალიური ენის ოცდამეორე მსოფლიო კვირეული

17-22 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის ოცდამეორე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა.

იტალიური ენის მსოფლიო კვირეული დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში იმართება კონფერენციები, გამოფენები, თეატრალური წარმოდგენები, სიმპოზიუმები და საჯარო ლექციები. წლევანდელი კვირეულის თემაა “იტალიური ენა და ახალგაზრდები” და ის ციფრული ტექნოლოგიების გავლენას ახალგაზრდების წერითი და სამეტყველო კომუნიკაციის ფორმებზე და ამ გავლენის შედეგად, იტალიური ენის ცვლილებასა და განვითარებას ეძღვნება.

კვირეულთან დაკავშირებით კრუსკას აკადემიამ, გამომცემლობა goWare-თან თანამშრომლობით, გამოსცა ანალიზა ნეზის მიერ მომზადებული წიგნი, რომელიც უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი მთელი კვირეულის განმავლობაში.

ღონისძიებები, რომლებიც კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება:

19 ოქტომბერს, 11:00სთ-ზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (სტუ) გაიმართება “თბილისის დანტე ალიგიერის საზოგადოებასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის” ხელმოწერის ცერემონია და ერთობლივი პროექტის პრეზენტაცია (პროექტი ითვალისწინებს სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის იტალიური ენის უფასო სასწავლო კურსების ორგანიზებას).

20 ოქტომბერს, 16:00სთ-ზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის “მინერვას” მიერ ორგანიზებული სემინარი იტალიის უმაღლესი განათლებისა და კვლევების ფონდის ინსტიტუტი “Teseo”-ს პროფესორების, სტეფანო ამოდიოსა და მელინა ალეგროს მონაწილეობით.

იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის “მინერვას” თაოსნობით, საქართველოს იმ საჯარო და კერძო სკოლებში, სადაც იტალიური ენა ისწავლება, ჩატარდება კონკურსები კვირეულის თემისადმი მიძღვნილი ნახატებისა და კომიქსების შექმნაზე, გაკვეთილები და ინტერაქტიური ღონისძიებები. 21 ოქტომბერს, 16:00სთ-ზე, ქ. თბილისის 128-ე საჯარო სკოლაში გაიმართება სასკოლო აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება – კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება, რომლებსაც ელით იტალიის საელჩოს მიერ მომზადებული ჯილდოები (მაისურები და ჩანთები იტალიური ენის ოცდამეორე კვირეულის ლოგოთი), კონკურსების ყველა მონაწილე კი სამახსოვრო საჩუქარს მიიღებს.

კვირეული დასრულდება იტალიური ენის საუკეთესო მასწავლებლის დაჯილდოებით, რომელსაც იტალიის საელჩო, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი “მინერვა” ერთობლივად გამოავლენს. დაჯილდოების ცერემონია 31 ოქტომბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართება.

settimana della lingua