ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური დიზაინი საქართველოში ბრუნდება

საქართველოში იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით, 30-31 მაისს თბილისში იტალიური დიზაინისა და არქიტექტურის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიება გაიმართება.

ქართულ საზოგადოებას ელის სამეცნიერო, აკადემიური და სამეწარმეო წრეების ფართო ჩართულობით მომზადებული უამრავი საინტერესო ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს იტალიური დიზაინის სილამაზის წარმოჩინებას.

საქართველოში იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ერთობლივად გახსნიან სამ გამოფენას, რომლებიც ღია იქნება მნახველისთვის 2022 წლის 3 ივნისამდე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. იტალიის არქიტექტორთა ეროვნულ საბჭოსთან ერთად მომზადებული ექსპოზიცია უკავშირდება დიზაინის დღის მთავარ თემას „რე@გენერაცია: დიზაინი და ახალი ტექნოლოგიები მდგრადი მომავლისთვის“. სახელგანთქმული ჟურნალი „Domus“-ის ქართული გამოცემა (რომელიც ამ ჟურნალის პირველი და ერთადერთი გამოცემაა აღმოსავლეთ ევროპასა და ევრაზიაში) დამთვალიერებელს შესთავაზებს გამოფენას „შესაძლოა თუ არა ისტორიის და მომავლის კოჰაბიტაცია?“ გარდა ამისა, გამოცხადდება იტალიის საელჩოსა და დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) მიერ ჩატარებულ კონკურსში „When Italian Design Meets Georgian Creativity” გამარჯვებული ახალგაზრდა ქართველი დიზაინერების ვინაობა და გაიმართება მათი საავტორო პროექტების ექსპოზიცია. პირველი პრემიის სახით, გამარჯვებული ავტორი მიიღებს დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) სტიპენდიას IED-ის იტალიის ერთ-ერთ ფილიალში სასწავლებლად. მეორე პრემია გულისხმობს დიზაინის ევროპული ინსტიტუტის (IED) მიერ შეთავაზებულ ონლაინ კურსს „Smart Creativity“, ხოლო იტალიის საელჩო საქართველოში გასცემს ჟიურის სპეციალურ პრემიას.

31 მაისს გაიმართება ვორქშოპი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არქიტექტურისა და დიზაინის დარგებში მომუშავე ისეთი კომპანიებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, როგორიცაა: ფლორენციის უნივერსიტეტი, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დაარსებული ცენტრი „Poli.design“, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, თბილისის არქიტექტურის, დიზაინისა და კრეატიული ინდუსტრიების ცენტრი, დიზაინის ევროპული ინსტიტუტი (IED) და ჟურნალი „Domus-საქართველო“.

მონაწილეები ისაუბრებენ მიმდინარე პროექტებზე და იმსჯელებენ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროში გამოყენებული მოწინავე ტექნოლოგიები და ცნობილი ბალნეოლოგიური კურორტის, წყალტუბოს პოტენციალის ახლებური ხედვა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის.

ასეთი გახლავთ ინიციატივებით მდიდარი კალენდარი, რომლის მიზანი მარტივია: საქართველოში იტალიური დიზაინის ცნობადობის ამაღლება და ხელმისაწვდომობა, შესაბამისი დარგების წარმომადგენლებს შორის კავშირების გაძლიერება და ამ სფეროებში საქართველოსთან მრავალმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

სტატიები და სიუჟეტები:

გენუის არქიტექტორთა კავშირი – სტატია, 29.05.2022
საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო – სიახლე, 30.05.2022
AISE – სტატია, 30.05.2022
ExclusiveNews – სტატია, 31.05.2022
Georgia Online – სტატია, 30.05.2022
Georgia Today – სტატია, 31.05.2022
Agenda.Ge – სტატია, 31.05.2022
The Messenger – სტატია, 01.05.2022