ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და იტალიის დიპლომატიური ქსელი უერთდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიას "Orange the World: End Violence against Women Now!", რომელიც ძალადობის ყველანაირი ფორმის პრევენციას, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერასა და დისკრიმინაციული სოციალური ნორმების დაძლევას ეძღვნება.
კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ და მისგან გამომდინარე შეზღუდვებმა კიდევ უფრო გაართულა არსებული ფაქიზი მდგომარეობა და ხელი შეუწყო შეიარაღებული კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კრიზისის დროს ოჯახში ძალადობისა და ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შემთხვევათა ზრდას.
ამ შემაშფოთებელი მონაცემების ფონზე, იტალია კიდევ ერთხელ გამოხატავს და ადასტურებს თავის მტკიცე პოზიციას ნებისმიერი ფორმით დისკრიმინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის, ადამიანის უფლებებით სრულად სარგებლობისა და თვითრეალიზაციისთვის.
დღევანდელ დღემდე მსოფლიოს ვერცერთმა ქვეყანამ ვერ შეძლო მიეღწია სრული გენდერული თანასწორობისთვის: მთელმა საერთაშორისო თანასაზოგადოებამ უნდა განაგრძოს ძალისხმევა ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად.
ქალთა მიმართ ძალადობის ნებისმიერი ფორმის აღმოფხვრა და ქალთა გაძლიერება იტალიის საგარეო პოლიტიკისა და თანამშრომლობის მთავარი საკითხებია და პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო დონეზეც, როგორც "დიდი ოცეულის" იტალიის თავმჯდომარეობის, ასევე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის იტალიის თავმჯდომარეობის მანდატის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც იტალია მტკიცედ უჭერს მხარს "კონვენციას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ" ("სტამბოლის კონვენციას").
ეს ძალისხმევა აისახა, ასევე, ავღანეთის კრიზისის დროს იტალიის აქტიურ როლში ავღანელი ქალებისა და გოგონების უფლებების, მათ შორის, განათლების, გადაადგილების თავისუფლებისა და ქვეყნის ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით.
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს შიდა საქმიანობის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის განმტკიცების მიზნით, 15 ოქტომბერს სამინისტრომ შეიმუშავა ცირკულარი n. 3/2021, რომლის თანახმად იცავს სქესთა თანასწორობის ყველაზე მაღალ სტანდარტებს და ადასტურებს ყოველდღიურ საქმიანობაში გენდერული თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპის დაცვას, როგორც დისკრიმინაციის აკრძალვის, ასევე, თანასწორობის ხელშეწყობის კუთხითაც.
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე
2021-11-25

Maeci
ადგილი:
Tbilisi