გაიმართა იტალიური ენის ოცდამეერთე მსოფლიო კვირეულის განმავლობაში იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის "მინერვას" ორგანიზებით განხორციელებული სასკოლო აქტივობების დასკვნითი ღონისძიება.
იტალიის ელჩი ენრიკო ვალვო და საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე ესტუმრნენ ქ. თბილისის 126-ე საჯარო სკოლას, რომელიც აქტიურად არის ჩართული იტალიური ენის სწავლების პროგრამაში - დანტე ალიგიერის ენას ამ სკოლის 625 მოსწავლე ეუფლება.
იტალიური ენის მსოფლიო კვირეულის განმავლობაში, რომელიც წელს დიდ იტალიელ პოეტს ეძღვნებოდა, 126-ე სკოლის მოსწავლეებმა დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით მიიღეს მონაწილეობა ისეთ ინტერაქტიურ შემეცნებით აქტივობაში, როგორიცაა: "ბუმბერაზების შეხვედრა" (წარმოსახვითი დიალოგი დანტე ალიგიერისა და დიდ ქართველ პოეტს შოთა რუსთაველს შორის) და "ნახატისა და კომიქსის შექმნა "ღვთაებრივი კომედიის" თემებზე". ღონისძიების სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის საერთო სივრცეში გამოფენილი ნამუშევრები.
მოწაფეებმა წარმოადგინეს სახალისო მუსიკალურ-თეატრალური პროგრამა იტალიურ ენაზე, რის შემდეგ იტალიის ელჩმა ენრიკო ვალვომ კვირეულში მონაწილეებს სამახსოვრო სერთიფიკატები დაურიგა.
იტალიური ენის კვირეულის განმავლობაში ჩატარებული სასკოლო აქტივობების დასკვნითი ღონისძიება
2021-11-05

Maeci
ადგილი:
Tbilisi