"Doctorate Lab მომავალი დოქტორანტებისთვის" იტალიის მნიშვნელოვანი უნივერსიტეტების წარმომადგენელთა მონაწილეობით
20 - 23 იანვარი
განათლების საერთაშორისო ცენტრი (IEC)
იტალიურ უნივერსიტეტებსა და ქართველ სტუდენტებს შორის პირდაპირი დიალოგით, შეხვედრებითა და პრეზენტაციებით სავსე ოთხი დღე: იტალიის საელჩოს ინიციატივით, რვა იტალიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა იტალიაში სწავლის მსურველებს გააცნეს დეტალური ინფორმაცია შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლების სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების, ამ პროგრამებზე ჩარიცხვის პირობების, გამოცდებისა თუ სწავლის შესახებ.
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე
27 იანვარი
დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტი
ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩვენმა საელჩომ, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტთან თანამშრომლობით, გამართა კინორეჟისორ მერი მირკა მილოს დოკუმენტური ფილმის „მიტელბაუ დორას ჯოჯოხეთის“ ჩვენება.
გაეტანო დონიცეტის ოპერა "სიყვარულის ნექტარი" თბილისში
26, 27, 29 თებერვალი და 1 მარტი
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
საქართველოს დედაქალაქში წარმოდგენილი იქნა გაეტანო დონიცეტის ოპერა „სიყვარულის ნექტარი“, სპექტაკლი, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, Auditorio de Tenerife-სა და ბოლონიის Teatro Comunale-ს თანაპროდუქციაა და პროექტის "Opera(e)Studio" ფარგლებში, ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა" თანადაფინანსებით და „შემოქმედებითი საქართველოსა" და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით შეიქმნა.
ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას დაბადების ასი წლისთავი
3 – 10 ოქტომბერი
სიმონ ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი
ორი დიდი კინოხელოვანის, ფედერიკო ფელინისა და ტონინო გუერას დაბადების ასი წლისთავის აღსანიშნავად, იტალიის საელჩომ, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან თანამშრომლობით, სხვადასხვა ღონისძიება გამართა: გამოფენა "ფედერიკო ფელინის "8½" პოლ რონალდის ფოტოსურათებში", ფედერიკო ფელინის ყველაზე ცნობილი ფილმებისა და, ასევე, ქართველი რეჟისორის მიხეილ მრევლიშვილის მიერ ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით გადაღებული და ტონინო გუერასადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განხორციელდა, რომელიც საქართველოში გუერასა და ფელინის ხელოვნებისადმი დიდ ინტერესს ადასტურებს: ტონინო გუერას სახელობის ფონდის ორგანიზებით, თბილისის ბოტანიკურ ბაღში იტალიური და ქართული კულტურის გამორჩეული წარმომადგენლების სახელზე იტალიიდან სპეციალურად ჩამოტანილი ვაშლისა და ნუშის ხის ძველებური ჯიშის ნერგები დაირგო. თბილისის ბოტანიკური ბაღის ამ კუთხეს, გუერას „დავიწყებული ხილის ბაღის“ მსგავსად, „დავიწყებული ხილის ხეივანი“ დაერქვა.
იტალიელი მუსიკოსები ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე
16 - 18 ოქტომბერი
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის გახსნით კონცერტზე, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა, მონაწილეობა ორმა სახელგანთქმულმა იტალიელმა მუსიკოსმა მიიღო: შესრულების დახვეწილი მანერით გამორჩეულმა ფლეიტისტმა და Alba Music Festival-ის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯუზეპე ნოვამ და სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა, პიანისტმა ანდრეა ბაკეტიმ.
იტალიური ენა სიტყვებსა და გამოსახულებებში: გრაფიტი, ილუსტრაცია, კომიქსი
19 - 25 ოქტომბერი
იტალიური ენის მეოცე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით და კრუსკას აკადემიისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება, მიეძღვნა თემას „იტალიური ენა სიტყვებსა და გამოსახულებებში: გრაფიტი, ილუსტრაცია, კომიქსი“. კვირეულის ფარგლებში ჩვენმა საელჩომ უამრავი ღონისძიება მოამზადა: "კომიქსი მუზეუმებში"; იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის "მინერვას" თაოსნობით კვირეულის განმავლობაში განხორციელებული სასკოლო აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება და თბილისის სხვადასხვა სკოლაში გამართულ სამ კონკურსში და, ასევე, დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ორ კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. ღონისძიების დასასრულს, იტალიური ლიტერატურის ქართულ ენაზე მთარგმნელს, ხათუნა ცხადაძეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას მიერ მინიჭებული იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცა.
გარდა ამისა, "მასწავლებლის სახლის" ორგანიზებით და ონლაინ პლატფორმა Moodle-ის მეშვეობით ჩატარდა კურსი კომიქსებსა და სწავლებაში მათ გამოყენებაზე.
და ბოლოს, აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ "ჰერასთან" თანამშრომლობით, ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით შეიქმნა როდარის ზღაპრების აუდიოდისკი მხედველობადაქვეითებული ბავშვებისთვის.
თბილისის მეორე არქიტექტურული ბიენალე
ოქტომბერი - ნოემბერი
ახალი ურბანისტული ენა, ინდუსტრიული არქიტექტურა, კავშირი ადამიანსა და მის გარშემო არსებულ ურბანულ პეიჟაზს შორის, კოლექტიური სივრცეები, რომლებიც დღევანდელმა რეალობამ დაცარიელებულ და დანაწევრებულ ადგილებად აქცია - ეს და სხვა საინტერესო თემები იყო განხილული თბილისის არქიტექტურულ ბიენალეზე. ვორქშოფების, არქიტექტურული ინსტალაციებისა და სივრცითი ექსპერიმენტების გარდა, ბიენალეზე წარმოდგენილი იყო მილანელ არქიტექტორთა ჯგუფის, "(Ab)Normal"-ის პროექტი „Dicho”, რომლის ფარგლებში მილანსა და თბილისში ერთდროულად შეიქმნა ორი პავილიონი - ერთგვარი საჯარო სივრცე საქართველოს დედაქალაქისა და მილანის ტრიენალეს დასაკავშირებლად.
შეხვედრა იტალიურ კინოსთან ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე
ნოემბერი
საქართველოს კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე, ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით წარმოდგენილი იყო ორი იტალიური ფილმი: კარლო სირონის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი „სოლე“ და დანიელე ტომაზოს დოკუმენტური ფილმი „აღთქმული მიწა“.
იტალიელი მუსიკოსი თბილისის ბაროკოს ფესტივალზე
ნოემბერი
უკვე ტრადიციად იქცა იტალიელ შემსრულებელთა მონაწილეობა თბილისის ბაროკოს ფესტივალზე, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალია. რიგით მეექვსე ფესტივალში მონაწილეობა მიიღო კრიტიკოსთა მიერ თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს ფაგოტისტად აღიარებულმა და ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა მუსიკოსმა სერჯო აცოლინიმ.
იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული
23 - 29 ნოემბერი
იტალიური სამზარეულოს მეხუთე მსოფლიო კვირეულის აღსანიშნავად ჩვენმა საელჩომ საინტერესო და დატვირთული პროგრამა მოამზადა: დააჯილდოვა დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ პასტისგან შექმნილი საუკეთესო სკულპტურის გამოსავლენად ორგანიზებულ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები; მოამზადა ტრადიციული იტალიური კერძების ვიდეორეცეპტები და რუბრიკა ტრადიციული იტალიური კერძების შექმნის ისტორიასა და მომზადების წესებზე. გარდა ამისა, საელჩოს კოორდინირებით იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულში ჩართულმა კომპანიებმა იტალიური კულინარიის მოყვარულებს სპეციალური მენიუ და სხვადასხვა შემოთავაზებები მოუმზადეს.
დიდ მადლობას ვუხდით ჩვენი საელჩოს კულტურული საქმიანობის სპონსორებს: