ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული (2020 წლის 23-29 ნოემბერი)

2020 წლის 23-29 ნოემბერს იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული საქართველოში ბრუნდება! კვირეული იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივით წელს უკვე მეხუთედ იმართება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს იტალიური სამზარეულოსა და კვებითი კულტურის პოპულარიზაციას უცხოეთში. პელეგრინო არტუზის დაბადების 200 წლისთავთან და მისი სახელგანთქმული, იტალიური გასტრონომიული კულტურის სახელმძღვანელოდ ქცეული და ცხრა ენაზე თარგმნილი წიგნის გამოცემის 130 წლისთავთან დაკავშირებით, წლევანდელი კვირეულის მთავარი მიზანი იტალიის რეგიონების „გემოებისა და ცოდნის“ წარმოჩინება იქნება. გასული წლების მსგავსად, წელსაც განსაკუთრებული ყურადღება ხმელთაშუა ზღვის დიეტის უნიკალურ ღირებულებებსა და იტალიური ნაწარმის (“Made in Italy”) დამახასიათებელ ნიშნებს მიექცევა.

კოვიდ-19-ის პანდემიის გამო, იტალიის საელჩო თბილისში წელს ჩვეულ ღონისძიებებსა და საჯარო დეგუსტაციებს არ ჩაატარებს, მაგრამ ტექნოლოგიებისა და ჩვენი ერთგული პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ვცადეთ ქართული საზოგადოებისთვის წარმოგვედგინა გამორჩეული იტალიური სამზარეულო და ამისათვის მრავალფეროვანი პროგრამა მოვამზადეთ: 1) შემოგთავაზებთ ტრადიციული იტალიური კერძების ვიდეორეცეპტებს; 2) იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამახსოვრო საჩუქრებით დავაჯილდოვებთ გამარჯვებულებს კონკურსში ,,მაკარონის ხელნაკეთობები“, რომელიც პასტისგან შექმნილი საუკეთესო სკულპტურის გამოსავლენად იმართება; 3) კვირეულის განმავლობაში იტალიური სამზარეულოს მოყვარულებს სპეციალური მენიუ და სხვადასხვა შემოთავაზებები ელით; 4) წარმოგიდგენთ სპეციალურად შექმნილ რუბრიკას #Italiaincucina, რომელიც ტრადიციული იტალიური კერძების შექმნის ისტორიასა და მომზადების წესებზე მოგითხრობთ. გარდა ამისა, ელჩის მოადგილე ნიკოლა იორიო მონაწილეობას მიიღებს სატელევიზიო არხის „იმედის“ გადაცემაში „საიმედო რეკომენდაცია“, რომელიც იტალიური კულინარიის ჭეშმარიტ დედოფალს, პიცა „მარგერიტას“ მიეძღვნება (გადაცემა ეთერში გავა 2020 წლის 6 დეკემბერს).

თვალყური ადევნეთ ჩვენს ინიციატივებს სოც.ქსელების მეშვეობით.

settimana della cucina 2020 poster