ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიური ენის მეოცე მსოფლიო კვირეული

იტალიური ენის მეოცე მსოფლიო კვირეული

რა არის იტალიური ენის კვირეული?

იტალიური ენის მსოფლიო კვირეულს, რომელიც ყოველწლიურად იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება, დასაბამი 2001 წელს, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა. ინიციატივას, რომლის მიზანია იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია უცხოეთში, მოგვიანებით შვეიცარიის კონფედერაცია შეუერთდა.

წლევანდელი კვირეულის თემა

მეოცე მსოფლიო კვირეული 2020 წლის 19-25 ოქტომბერს ტარდება და მისი თემაა “იტალიური ენა სიტყვებსა და გამოსახულებებში: გრაფიტი, ილუსტრაცია, კომიქსი”. წლევანდელი კვირეულის მიზანია წარმოაჩინოს კავშირი იტალიურ ენასა და ისეთ გამომსახველობით ფორმებს შორის, როგორიცაა კომიქსი, გრაფიკული რომანი, საბავშვო და საყმაწვილო გამოცემები.
კვირეულის თემასთან დაკავშირებით კრუსკას აკადემიამ, გამომცემლობა goWare-თან თანამშრომლობით, გამოაქვეყნა პროფ. კლაუდიო ჩოჩოლასა და პროფ. პაოლო დ’აკილეს მიერ მომზადებული წიგნი.

საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებები

21 ოქტომბერს იტალიურ სკოლა “ცისკარში” ჩატარდება ღონისძიება “კომიქსი მუზეუმებში”. ნაჩვენები იქნება ვიდეორგოლები, რომლებიც კომიქსის მხატვრისა და კომიქსის შექმნა-გამოცემასთან დაკავშირებულ სხვა პროფესიებზე მოგვითხრობს. გაიმართება იტალიური მუზეუმების უჩვეულო პრეზენტაცია, რომლებსაც რამდენიმე ცნობილმა იტალიელმა გრაფიკოსმა 51 ბროშურისგან შემდგარი სერია მიუძღვნა.

23 ოქტომბერს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შიდა ეზოში ჩატარდება იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის “მინერვას” თაოსნობით კვირეულის განმავლობაში განხორციელებული სასკოლო აქტივობების შემაჯამებელი ღონისძიება. დაჯილდოვდებიან მოსწავლეები, რომლებმაც გაიმარჯვეს თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში ჩატარებულ სამ კონკურსში: Ascolta ed illustra (ჯანი როდარის ორი ზღაპრის მოსმენა და ილუსტრაციების შექმნა); 2. GraffITALIA (იტალიის გამოსახვა და ჩვენება გრაფიტის მეშვეობით); Fantasiamo (იტალიისა და იტალიური ენის თემაზე კომიქსების შექმნა, რომლებიც თავმოყრილი იქნება კვირეულისადმი მიძღვნილ ელექტრონულ კრებულში). ასევე, ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ორ კონკურსში (როდარის პოეზიის კითხვა და დასურათება) გამარჯვებული ბავშვები. გამარჯვებულებს იტალიის საელჩოს მიერ მომზადებული ჯილდოები ელით, კონკურსების ყველა მონაწილე კი სამახსოვრო საჩუქარს მიიღებს.
ამავე ღონისძიებაზე ლიტერატურული პრემიით “საბა” ორგზის დაჯილდოებულ და ქართულ ენაზე ეკოს, პაზოლინის, კალვინოს, ტაბუკის, მაცუკოს ნაწარმოებების მთარგმნელს, ხათუნა ცხადაძეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას მიერ მინიჭებული იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენი გადაეცემა.

გარდა ამისა, კვირეულის ფარგლებში “მასწავლებლის სახლის” ორგანიზებით, ონლაინ პლატფორმა Moodle-ის მეშვეობით ნათია ნაცვლიშვილი (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი) ჩაატარებს კურსს კომიქსებსა და სწავლებაში მათ გამოყენებაზე.

და ბოლოს, იტალიური ენის მსოფლიო კვირეულთან და ცნობილი იტალიელი საბავშვო მწერლისა და პედაგოგის, ჯანი როდარის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირ “ჰერასთან” თანამშრომლობით და ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით შეიქმნა როდარის ზღაპრების აუდიოდისკი მხედველობადაქვეითებული ბავშვებისთვის, რომელიც საჩუქრად დაურიგდება უსინათლო ბავშვთა სკოლების მოსწავლეებს.