Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ბუნებისა და ნოსტალგიის პოეტის, ტონინო გუერას გახსენება

თარიღი:

20/11/2019


ბუნებისა და ნოსტალგიის პოეტის, ტონინო გუერას გახსენება

1984 წელს დაწერილი რომანი "თბილი წვიმა" ტონინო გუერამ "ყველა ქართველ მეგობარს და მათ მშვენიერ მიწა-წყალს" მიუძღვნა. დღეს კი ქართველები იხსენებენ იტალიელ პოეტს, მწერალსა და სცენარისტს, რომლის დაბადების ასი წლისთავი მომავალ წელს აღინიშნება. 20 ნოემბერს თბილისში წარმოდგენილი იქნება ქართველი რეჟისორის მიხეილ მრევლიშვილის ფილმი "გამარჯობა, ქარი ქრის", რომელიც ჩვენი საელჩოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.

სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მოგვითხრობს დიდი პოეტის ცხოვრებაზე, რომელმაც თავისი კვალი კინოსაც დაამჩნია. საკმარისია გავიხსენოთ ისეთი ფილმები, როგორიცაა: ანტონიონის "Blow-up", დე სიკას "ქორწინება იტალიურად", ფელინის "ამარკორდი" და ტარკოვსკის "ნოსტალგია". ტონინო გუერა თანამშრომლობდა სახელგანთქმულ რეჟისორებთან, მათ შორის, როზისთან, მონიჩელისთან, ძმებ ტავიანებთან და ანგელოპოლუსთან, მიღებული აქვს უამრავი ლიტერატურული, თეატრალური თუ კინემატოგრაფიული ჯილდო (ფლაიანოს და პირანდელოს პრემიები, სამი დონატელოს "დავითი" საუკეთესო სცენარისა და ერთიც - კინოკარიერისთვის).

"დიდი მაესტროს ხმის გაგონება და მისი გადამდები ოპტიმიზმის გაზიარება დიდი სიამოვნებაა. ეს ფილმი მიგვიძღვება პოეტის სამყაროში, რომელიც მან პენაბილიში, საკუთარი ნააზრევის, ნახატებისა და ინსტალაციების მეშვეობით შექმნა. გუერას საქართველო ძალიან უყვარდა, რადგანაც მშობლიურ მხარეს, რომანიას აგონებდა, მარტივი შტრიხებით შექმნილ პოეზიას, დროისა და მეგობრობის ღირებულებებს და იმ მშვიდ წვიმას ახსენებდა, რომელსაც, მისი თქმით, "უახლოესი მირაჟების ზღურბლთან მივყავართ". ტონინო გუერა იყო და არის ჩვენს ორ ქვეყანას შორის არსებული სიყვარულის ხიდი", - ამბობს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

ფილმის ჩვენება გაიმართება 20 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში (პეკინის ქ. 40).


t p 455


ადგილი:

Tbilisi

1204