Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი თბილისში

თარიღი:

02/10/2019


მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი თბილისში

ჩვენმა საელჩომ და 27-ე საერთაშორისო მუსიკალურმა ფესტივალმა „შემოდგომის თბილისმა" ქართველ მსმენელს განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა: მთელ მსოფლიოში (კარნეგი ჰოლიდან მადრიდის ეროვნულ აუდიტორიამდე, ჟენევის ვიქტორია ჰოლიდან თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმის საკონცერტო დარბაზამდე) უამრავი გასტროლის შემდეგ, მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი თბილისში, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე წარსდგება. "ორკესტრი, რომელიც 1982 წელს შეიქმნა, ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებლებისგანაა დაკომპლექტებული და მისი რეპერტუარი მე-18 საუკუნიდან დღემდე პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ნაწარმოებებისგან შედგება. ეს კონცერტი იმ ინიციატივებით მდიდარი პროგრამის #VivereALL’italiana-ს ნაწილია, რომლებიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება საქართველოსთან მეგობრობის განმტკიცებისა და იტალიური ცხოვრების წესის ფასეულობათა გაზიარებისთვის", - განმარტავს იტალიის ელჩი ანტონიო ბარტოლი.

კონცერტზე ორკესტრთან ერთად დაუკრავს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ვირტუოზი სიმონიდე ბრაკონი, რომელიც სახელგანთქმულმა დირიჟორმა რიკარდო მუტიმ ლა სკალას თეატრის პირველ ალტად შეარჩია.

მუსიკის მოყვარულებს არაჩვეულებრივი საღამო ელით: ვივალდის, გრიგისა და ბრუხის კლასიკური ნაწარმოებების გარდა, შესრულდება პენდერეცკისა და კახიძის თანამედროვე მუსიკალური ნაწარმოებებიც.

გელით 3 ოქტომბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში. არ გამოტოვოთ!

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრის სალაროში და ვებგვერდზე.


simonide braconi


ადგილი:

Tbilisi

1185