Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

რაგუზა იბლადან თბილისში. მუსიკა საზღვრების გარეშე

თარიღი:

06/03/2019


რაგუზა იბლადან თბილისში. მუსიკა საზღვრების გარეშე

არ გამოტოვოთ პრესტიჟული კონკურსის "Ibla Grand Prize" (იტალია) ლაურეატების კონცერტი, რომელიც 8 მარტს, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება!

მუსიკოსთა საერთაშორისო კონკურსი "Ibla Grand Prize" ყოველწლიურად ტარდება UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შესულ, სიცილიის ერთ-ერთ ულამაზეს და უძველეს ქალაქში, რაგუზაში. კონკურსის შემდეგ იმართება გამარჯვებული მუსიკოსების მსოფლიო ტურნე. წლევანდელი გასტროლები სწორედ თბილისში დაიწყება, შემდეგ გაგრძელდება ტაილანდში, იაპონიაში, ინდონეზიასა და კამბოჯაში, მაისში კი გაიმართება კონცერტი სახელგანთქმულ დარბაზში "კარნეგი ჰოლში".


ibla federico ercoli

ჩვენი საელჩოს ხელშეწყობით ორგანიზებულ მნიშვნელოვან კულტურულ ღონისძიებაში სამი ახალგაზრდა და ნიჭიერი იტალიელი პიანისტი მონაწილეობს: ფედერიკო ერკოლი, ანდრეა ბალდის სახ. კონკურსში (ქ. ბოლონია) გამარჯვებული; სხვადასხვა ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი კორადო ნერი, რომლის საკონცერტო გამოცდილება 500-ზე მეტ კონცერტს ითვლის, და სილვია ტესარი, რომელიც მსოფლიოს უდიდეს პრესტიჟულ სცენებზე დიდი წარმატებით გამოდის.


corrado neri

ღონისძიების საპატიო სტუმარია კონკურსის "Ibla Grand Prize" სამხატვრო ხელმძღვანელი და "Ibla Foundation"-ის პრეზიდენტი სალვატორე მოლტისანტი, რომელიც 7 მარტს, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ჩაატარებს ლექციას "ლეონარდო და მუსიკა" (დასაწყისი: 17:00სთ). ლექცია ტარდება იტალიის საელჩოს ორგანიზებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამართული გამოფენის "Leonardo. Opera Omnia" ფარგლებში.

ახალგაზრდა იტალიელ მუსიკოს-შემსრულებლებთან შეხვედრა გელით 8 მარტს, 18:00სთ-ზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში. არ გამოგრჩეთ!

silvia tessari

კონცერტის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.


ადგილი:

Tbilisi

1137