კონკურსი "STEM Study Visit" საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ასოციაციას (COTEC) შორის გაფორმებული შეთანხმების შედეგია. ინიციატივა მიზნად ისახავს სამეცნიერო-ტექნიკური ინოვაციების სფეროში გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობისა და ტექნოლოგიური განვითარების გასაძლიერებლად.
ეს გახლავთ უაღრესად საინტერესო შეთავაზება ინოვატორებისათვის, რომელთა საქმიანობის სფეროა მექანიკური ინჟინერია, ელექტრონული მოწყობილობები და კომპიუტერული უზრუნველყოფა. ინიციატივა გულისხმობს სამთვიან სასწავლო ვიზიტს იტალიაში, ევროპულ ინოვაციურ ცენტრში Kilometro Rosso, სადაც გამარჯვებული კონკურსანტი ცენტრის იტალიელ მკვლევარებთან ერთად შეისწავლის მექატრონული სისტემების დინამიკას და მათი დაგეგმარების, შექმნისა და ტესტირების სხვადასხვა ეტაპებს გაეცნობა. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი კანდიდატურა უნდა წარადგინონ 25 თებერვლამდე, გამარჯვებულს კი იტალიის საელჩოს, GITA-სა და COTEC-ის წარმომადგენლებლისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.
"Parco Scientifico Kilometro Rosso" 2003 წელს, ქ. ბერგამოში (ლომბარდია) დაარსდა და თავისი არსებობის მანძილზე უამრავი ინოვაციური კვლევა და პროექტი განახორციელა სხვადასხვა დარგებში (მათ შორის, ფარმაციაში, აერონავტიკასა და რობოტიკა-ელექტრონიკაში), მაგ. 2017 წელს 1870 სამეცნიერო პუბლიკაცია გამოაქვეყნა და გასცა 61 პატენტი. "Kilometro Rosso"-ს კონცეფცია გულისხმობს კვლევებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების წახალისებასა და ხელშეწყობას, სხვადასხვა დარგებში სამეწარმეო აქტივობებს, კვლევით ცენტრებს, ლაბორატორიებს, პროფესიულ სერვისებს, საგანმანათლებლო ტრენინგებს და სხვ.