Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისის ტრიენალე"

თარიღი:

26/10/2018


თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

2018 წლის 1 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე "თანამედროვე ხელოვნების ცენტრი-თბილისი"-ს ორგანიზებით საქართველოს დედაქალაქში იმართება თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "თბილისის ტრიენალე", რომელიც საერთაშორისო ბიენალეების ასოციაციის ასოცირებული წევრია, წელს კი, უკვე მესამედ ჩატარების შემდგომ, ასოციაციის სრულუფლებიანი წევრის სტატუსი მიენიჭება.

ტრიენალეს მთავარი თემაა "ნება". მის ფარგლებში იმართება 30-მდე ღონისძიება, მათ შორის, გამოფენები, ინსტალაციები, ვორქშოპები და პერფორმანსები, რომლებიც ასახავს ინდივიდუალურ, სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ და გლობალურ კონტექსტში "ნების", როგორც ცვლილებებისა და ევოლუციური პროცესების განმსაზღვრელი ფენომენის, განსხვავებულ ფორმებს.


triennale poster

იტალიის საელჩოს ხელშეწყობით, ტრიენალეს ფარგლებში იმართება ვორქშოპი თემაზე "მშენებლობა ნუბიური კომპასით", რომელსაც უძღვება იტალიელი არქიტექტორი ლუიჯი დი პიეტრო, ფაბრიციო კაროლას სტუდიის ხელმძღვანელი (ფაბრიციო კაროლა თანამედროვე არქიტექტურის მნიშვნელოვანი ფიგურა გახლავთ, რომელმაც ნუბიური კომპასის გამოყენების ტექნიკა დანერგა და არქიტექტურა ხმელთაშუაზღვისპირეთის ტრადიციული ელემენტებით, თაღებითა და გუმბათებით გაამდიდრა).

ვორქშოპი ტარდება 22 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე ბაკურციხეში და მის 15 მონაწილეს შესაძლებლობა აქვს, დაეუფლოს ფაბრიციო კაროლას ტექნიკას, რომელიც ერთგვარი მოდელია საზოგადოებისა და გარემოს ურთიერთკავშირის მეშვეობით სხვადასხვა სოციალური დანიშნულების მქონე ნაგებობების (სკოლების, საავადმყოფოების, სასტუმროებისა თუ ტექნოლოგიური სტუდიების) შესაქმნელად.

ვორქშოპი ფაბრიციო კაროლას სტუდიის მიერ საქართველოში განხორციელებული პირველი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც გამოცდილების გაზიარებისა და გაცვლის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

1


ადგილი:

Tbilisi

1090