Questo sito usa cookie per fornirti un'esperienza migliore. Proseguendo la navigazione accetti l'utilizzo dei cookie da parte nostra OK

ელჩი ბარტოლი ლეონარდო და ვინჩის გაცოცხლებულ ნახატზე "საიდუმლო სერობა" წმინდა პეტრეს ანსახიერებს

თარიღი:

18/05/2018


ელჩი ბარტოლი ლეონარდო და ვინჩის გაცოცხლებულ ნახატზე

ვენეციის ბიენალეს დევიზის ("გაუმარჯოს ცოცხალ ხელოვნებას") პერიფრაზს თუ მოვიშველიებთ - "ხელოვნება ცოცხალია. გაუმარჯოს ხელოვნებას!" რას არ გავაკეთებთ ჩვენი შედევრების პოპულარიზაციისთვის?! მართალია, ლეონარდო და ვინჩისა და მის ნახატს "საიდუმლო სერობა" რეკლამა არ სჭირდება, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ ინიციატივას ავიტაცებთ, რომელიც დაგვეხმარება, ადამიანები ხელოვნებას დავუახლოვოთ და კულტურა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. და აი, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი წმინდა პეტრეს ანსახიერებს პოპულარული ქართული ფეისბუქპროექტის @justanotherexibition მიერ ლეონარდო და ვინჩის გაცოცხლებულ ნახატზე "საიდუმლო სერობა".


cenacolo1 r

"ორი წლის წინ თბილისში ჩამოვიტანეთ არაჩვეულებრივი სპექტაკლი "Chiaroscuro" ("შუქჩრდილები"), რომელიც კარავაჯოს ეძღვნებოდა, მაგრამ ამ სპექტაკლში პროფესიონალი მსახიობები მონაწილეობდნენ... როდესაც მკითხეს, რომელი პერსონაჟის განსახიერებას ვისურვებდი, ეჭვიც არ შემპარვია, რომ წმინდა პეტრეს როლი უნდა ამერჩია. პროექტის ზოგიერთ მონაწილეს (განსაკუთრებით, ქრისტეს როლის შემსრულებელს) გრიმი სულ არ სჭირდებოდა, ჩემ შემთხვევაში კი ხელოვნური წვერის, ჭაღარა თმისა და რთული გრიმის გაკეთება გახდა საჭირო. ამას თან საკმაოდ დამქანცველი პოზაც დაერთო - დიდი ხნის განმავლობაში წელში მოხრილი ვიდექი, წმ. იოანესაკენ გაწვდილი ერთი ხელით, მეორე ხელში კი დანა მეჭირა. დამღლელი იყო, მაგრამ ძალიან სახალისო", - გვიამბობს ელჩი ბარტოლი.

ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობა" (4,60X8,80მ, მილანი, სანტა მარია დელე გრაციეს მონასტერი) მშრალ ბათქაშზე შერეული ტექნიკით შესრულებული ნახატია, რომელიც 1495-1498 წლებით თარიღდება და 1980 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაშია შეტანილი.


cenacolo vero2

ნახატზე ვხედავთ ქრისტეს და ოთხ, სიმეტრიულად განთავსებულ სამკაციან ჯგუფად წარმოდგენილ მოციქულებს. ლეონარდო და ვინჩიმ წმინდა იოანეს სახარებაში აღწერილი მომენტი გამოსახა, როდესაც ქრისტეს უკვე ნათქვამი აქვს, რომ მას ერთ-ერთი მოციქულთაგანი გასცემს. მისი მოწაფეების რეაქცია ამ სიტყვებზე სხვადასხვაგვარია: მოძრაობაში გამოსახული თითოეული მათგანი თითქოს ჟესტების მეშვეობით ამბობს: "არა, ეს მე არ ვარ, ამას მე არასდროს ჩავიდენ". უძრავნი მხოლოდ ქრისტე და იუდა არიან. "საიდუმლო სერობის" სიუჟეტის რენესანსის ეპოქისთვის დამახასიათებელი იკონოგრაფიის თანახმად, ამ ნახატზეც წმინდა პეტრეს მარჯვენა ხელში დანა უჭირავს, მარცხენა ხელი კი წმინდა იოანესკენ გაუწვდენია და ეკითხება: "თქვი, ვის გულისხმობს". იგრძნობა პეტრე მოციქულის განზრახვა, დანით, რომელიც ხელში უჭირავს, მოღალატე სიცოცხლეს დაუყოვნებლივ გამოასალმოს.


cenacolo frammento

ამ კომპოზიციის შესაქმნელად, ლეონარდომ განათების ახლებურად გადმოცემის ხერხი გამოიყენა: სამ დიდ ფანჯარაში მოსჩანს ნათელი პეიზაჟი, ფანჯრებიდან შემოსული შუქი კი ფიგურებს უკანა მხრიდან და გვერდებიდან ანათებს. ამგვარი უჩვეულო პერსპექტივა ფლორენციული სკოლისათვის დამახასიათებელი სივრცითი და შუქ-ჩრდილების მეშვეობით შექმნილი პერსპექტივების ნაზავს წარმოადგენს. ამ ნახატმა მხატვრობის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინა, რომელსაც შემდგომში ბევრი მხატვარი თავს ვერასდროს დააღწევს და ლეონარდოს კომპოზიციის დეტალების გამეორებას ეცდება.


ადგილი:

Tbilisi

1060