ეს საიტი იყენებს ტექნიკურ, ანალიტიკურ და მესამე მხარის ქუქიებს.
დათვალიერების გაგრძელებით თქვენ ეთანხმებით ქუქიების გამოყენებას.

Preferences cookies

იტალიელმა სპეციალისტებმა კაცხის სვეტის ტოპოგეოდეზიური კვლევა ჩაატარეს. ელჩი ბარტოლი სამუშაოებს დაესწრო

გასულ 19-23 მარტს კომპანია “GST”-ს (რეჯო ემილია) ექსპერტების ჯგუფმა, ამზომველ-გეოდეზისტის მარკო კამორანის ხელმძღვანელობით, კაცხის სვეტის სამგანზომილებიანი კარტოგრაფირებისათვის ტოპოგეოდეზიური სამუშაოები ჩაატარა.

კაცხის სვეტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში მდებარე 40 მეტრის სიმაღლის კლდეა, რომლის ზედა ბაქანზე განდეგილის სამყოფელი და მომცრო ზომის ეკლესიაა. სვეტის წვერზე მოხვედრა შესაძლებელია 131 საფეხურიანი რკინის კიბის მეშვეობით. სვეტზე ასვლა და ეკლესიაში შესვლა ქალებს ეკრძალებათ.

იტალიელი ექსპერტების მისიის მიზანს კლდის შესწავლა და ვირტუალური ტურის შექმნა წარმოადგენდა. ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი მისიას 21 მარტს ეწვია. “მადლობას ვუხდი კომპანია “GST”-ს, რომელმაც ეს პროექტი განახორციელა. იტალიელი სპეციალისტების მიერ გაწეულ სამუშაოს სამი ძირითადი მიზანი აქვს: პირველი მათგანი კლდის დღევანდელი მდგომარეობის “აღბეჭდვაა”, რათა შესაძლებელი იყოს მისი შედარება ასეთი უჩვეულო ბუნებრივი ძეგლის მონიტორინგისთვის მომავალში განხორციელებული კვლევების შედეგებთან. მეორე მიზანი კლდის ვირტუალური მოდელის შექმნაა, რომელიც გეოლოგებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ დამაზიანებელი მოვლენების (მათ შორის, ატმოსფერული, სეისმური თუ წყალდიდობით გამოწვეული) ზემოქმედება და შესაბამისი დაცვითი ზომები მიიღონ. მესამე მიზანი პოპულარიზაციაა: დრონით გადაღებული გამოსახულებებისა და ლაზერული აპარატურის მეშვეობით შესაძლებელია თბილისის მუზეუმში ან სხვა რომელიმე ადგილას სპეციალური ინსტალაცია შეიქმნას, რაც ტურისტებს საშუალებას მისცემს, კაცხის სვეტი და მისი შემოგარენი დაათვალიერონ ვირტუალურად, იმერეთის მონახულების გარეშე (მართალია, ვურჩევდი იმერეთსაც ესტუმრონ, რომელიც ულამაზესი რეგიონია)”, – აღნიშნა ელჩმა ბარტოლიმ.

იტალიელი ექსპერტების მისია ხორციელდება იტალიისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულის სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში. ამჟამად ქართველ სპეციალისტებს იტალიის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში იტალიის კონსერვაცია-რესტავრაციის უმაღლესი ინსტიტუტის მიერ შემოთავაზებულ კურსებზე სხვადასხვა ტრენინგები უტარდებათ ისეთ სპეციალობებში, როგორიცაა გარემოს დაცვა, სამგანზომილებიანი კარტოგრაფირება, ძეგლებზე გარემოს დაბინძურების გავლენის შესწავლა და სხვ.