იტალიური ენის ოცდამეხუთე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში, იტალიის საელჩომ თანამედროვე ლიტერატურის მოყვარულებს შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა: გუშინ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ცნობილ იტალიელ მწერალთან, პოეტსა და ესეისტთან, დაჩა მარაინისთან.
არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით დაჯილდოებულმა მწერალმა, წარადგინა ქართულ ენაზე გამოცემული წიგნი „წერის სიყვარული“ და ღონისძიების სტუმრებთან, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან, სამყაროსა და მწერლობის საკუთარ ხედვაზე ისაუბრა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ერეკლე ასტახიშვილმა, დაჩა მარაინი უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.
„ლიტერატურა ერთგვარი სარკეა, რომელშიც ერის სული, მსოფლმხედველობა და კოლექტიური მეხსიერება ირეკლება“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, – „მსოფლისთვის ჩვენი ქვეყნის კულტურის გასაცნობად საუკეთესო საშუალება იტალიური ლიტერატურაა. იტალიის საელჩო მოხარულია, რომ დღეს აქ, საქართველოში იმყოფება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე იტალიელი მწერალი და პოეტი, რომლის შემოქმედებამ თანამედროვე ლიტერატურას ღირებული კვალი დაამჩნია და რომლის ნაწარმოებები თარგმნილია ოცზე მეტ ენაზე, მათ შორის, ქართულ ენაზეც. იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, უკანასკნელ წლებში ქართულ ენაზე დაჩა მარაინის სამი რომანი ითარგმნა”.