ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

2024, ღონისძიებები, რომლებიც იტალიის საელჩოს ორგანიზებით ან მხარდაჭერით გაიმართა

banner 2024

იტალიური დიზაინის დღე
მარტი, თბილისი
იტალიური არქიტექტურისა და დიზაინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის ფარგლებში, იტალიის საელჩომ საქართველოში, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით, გამართა ღონისძიება “აწარმოე ღირებული. ინკლუზიურობა, ინოვაცია და მდგრადობა”. ღონისძიება მოიცავდა ორ ციფრულ გამოფენას, ფუქსასის არქიტექტურული ბიუროს წამყვანი არქიტექტორის ჯოვანი პოდესტას ლექციას, მარანგონის ინსტიტუტის პროფ. კარლოს როდრიგესის პრეზენტაციასა და ახალგაზრდა ქართველ დიზაინერთა დაჯილდოებას, რომლებმაც მარანგონის ინსტიტუტის მიერ იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვეს.

 

 

იტალიური წარმოების ეროვნული დღე
აპრილი, თბილისი
იტალიური წარმოების დღე, რომელიც “იტალიური წარმოების, კულტურული მემკვიდრეობისა და ოსტატობის წარმოჩინებასა და პოპულარიზაციას“ ეძღვნებოდა, თბილისში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებით აღინიშნა. ღონისძიების სტუმრებს სილამაზის, ხარისხისა და გემოვნების ნამდვილი კალეიდოსკოპი – იტალიელი მეწარმეების პრეზენტაციები და მრავალფეროვანი იტალიური სასურსათო პროდუქციის დეგუსტაცია, იტალიის სიამაყედ ქცეული Alfa Romeo-ს ავტომობილების ექსპოზიცია და ცნობილი ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა ისტორიული ბრენდის კოლექციები – დახვდათ.

 

 

იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღის აღნიშვნა საქართველოში
აპრილი, თბილისი
ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში, რომლის მიზანი კვლევებისა და ინოვაციების დარგში იტალიური მიღწევების პოპულარიზაციაა, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, იტალიის ტექნოლოგიური ინოვაციების ფონდისა (COTEC) და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი ქართველი ინოვატორებისთვის “STEM Study Visit”.
იტალიური ინოვაციებისა და კვლევების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სხვადასხვა პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ორი ქართველი ინოვატორის დაჯილდოება, რომლებმაც სამეცნიერო-ტექნიკური კვლევების სფეროში ქართველი ინოვატორების გამოცდილების გამდიდრებისა და იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით გამართულ კონკურსში გაიმარჯვეს.

 

ევროპის დღე 2024
მაისი, თბილისი
იტალიის საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპის დღის აღნიშვნაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც იტალიური ენისა და კულტურის ცენტრ “მინერვასა” და დანტე ალიგიერის საზოგადოება – თბილისის კომიტეტთან თანამშრომლობით ჩატარდა, უამრავი მოზარდი დაესწრო.

 

 

პაოლო პელეგრინის “საოჯახო ალბომი და საქართველო” ფესტივალზე “ქოლგა თბილისი ფოტო”
მაისი, თბილისი
“ქოლგა თბილისი ფოტო” ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიელი ფოტორეპორტიორის, სახელგანთქმული სააგენტო Magnum-ის ფოტოგრაფის პაოლო პელეგრინის ნამუშევრების გამოფენა “საოჯახო ალბომი და საქართველო”. იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებული გამოფენის გახსნას ფოტონამუშევრების ავტორიც დაესწრო.

 

 

ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილი გამოფენა ქ. ვანში
მაისი – სექტემბერი, ვანი
ხუთი თვის განმავლობაში გამოფენას „ეტრუსკების სამყარო. საგანძური კიუზის, კიანჩანოს და ფლორენციის მუზეუმებიდან“, საქართველოს დედაქალაქის შემდეგ, სადაც ექსპოზიცია ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში იყო წარმოდგენილი, ხუთი თვის განმავლობაში ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი მასპინძლობდა.
იტალიის სამი მუზეუმის (კიუზის ეტრუსკული, კიანჩანო ტერმეს არქეოლოგიური და ფლორენციის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმების კოლექციების) გასაოცარი არქეოლოგიური მასალის გამოფენა საქართველოში განხორციელდა იტალიის საელჩოს მიერ, ტოსკანას მუზეუმების რეგიონულ დეპარტამენტთან თანამშრომლობით და იტალიური კომპანია “Glocal Project Consulting“-ისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საორგანიზაციო ხელშეწყობით.

 

 

იტალიის ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნა საქართველოს დედაქალაქში
ივნისი, თბილისი
იტალიის საელჩოსა და იტალიის საგარეო ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს (ITA) ორგანიზებით გამართულ იტალიის ეროვნული დღის აღმნიშვნელ საზეიმო წვეულებაზე მოსულ მრავალრიცხოვან სტუმრებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ: ნიჭიერი ახალგაზრდა მეცო სოპრანო ნინო კიკილაშვილის მიერ შესრულებული ეროვნული ჰიმნები; ქართველი მომღერალი ელენე კალანდაძის მიერ შესრულებული ჯაზ-კომპოზიციები; გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის” მოცეკვავეების მიერ წარმოდგენილი ნაწყვეტები საბალეტო სპექტაკლიდან „ბეატრიჩე“ (მუსიკის ავტორი იტალიელი კომპოზიტორი დარიო მარიანელი); იტალიური დიზაინერული ნაკეთობები (ავეჯი, მრავალფეროვანი აქსესუარები და Alfa Romeo-ს ავტომობილები); სახელგანთქმული ენოგასტრონომიული პროდუქცია; იტალიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოტანილი დელიკატესები და ორი იტალიელი შეფ-მზარეულის, ენცო ნერისა და დიეგო ბუტილიონეს მიერ მომზადებული დესერტი. დღესასწაულის ღამეს თბილისის სატელევიზიო ანძა იტალიის დროშის მწვანე, თეთრ და წითელ ფერებში აინთო.

 

 

ორი შესანიშნავი ღონისძიება, რომლებიც ფესტივალ „მწვანე საღამოების“ ფარგლებში გაიმართა
ივნისი, თბილისი
თბილისში ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები“ დაბრუნდა, რომლის ფარგლებში, ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებითა და საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, ორ ღონისძიება გაიმართა: ქართველი რეჟისორის მიხეილ მრევლიშვილის მიერ გადაღებული და ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური ფილმის “გამარჯობა, ქარი ქრის” ჩვენება და კონცერტი ცნობილი იტალიელი აკორდეონისტის, სიმონე ძანკინის მონაწილეობით, რომელმაც ქართველი მსმენელი სხვადასხვა ჟანრის (ჯაზი, ტანგო და ფოლკლორული) მუსიკით მოაჯადოვა.

 

 

#FareCinema, იტალიური კინოს მეშვიდე მსოფლიო კვირეული
ივნისი, თბილისი
იტალიის საელჩომ საქართველოში იტალიური კინოს მეშვიდე მსოფლიო კვირეული კინემატოგრაფისადმი მიძღვნილი ღონისძიებით აღნიშნა და იტალიური კინოს მოყვარულებს გაბრიელე სალვატორესის მიერ გადაღებული და უამრავი პრესტიჟული ჯილდოს, მათ შორის, „ოსკარის“, “დონატელოს დავითისა” და “ვერცხლის ფირის” მფლობელი ფილმი “Mediterraneo“ წარმოუდგინა.

 

 

ლეგენდარული მთასვლელი რეინოლდ მესნერი საქართველოში
ივლისი, მესტია
მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების მე-4 საერთაშორისო ფესტივალმა, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა, ლეგენდარულ იტალიელ ალპინისტს, მკვლევარს, მოგზაურ, უამრავი წიგნის ავტორსა და რეჟისორს, რეინოლდ მესნერს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მესნერის (ადამიანის, რომელმაც პირველმა შეძლო ევერესტზე ასვლა ჟანგბადის აპარატისა და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე და დედამიწის თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა) ფილმის „ნანგა პარბატი – ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მთა“ ჩვენება და მასტერკლასი რეჟისორებისა და კინემატოგრაფისტებისთვის.

 

 

დაუვიწყარი კონცერტები იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით

აგვისტო – სექტემბერი, ბორჯომი, ბათუმი, თბილისი
სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიანას ისაკაძის მიერ დაარსებული მე-16 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის “ღამის სერენადები“ ფარგლებში, რომელიც იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა, საქართველოს სამ ქალაქში გაიმართა კონცერტები ნიჭიერი იტალიელი მუსიკოსების მონაწილეობით: მსმენელის წინაშე წარსდგნენ კარგად ნაცნობი ვირტუოზი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და სახელგანთქმული იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი.

 

იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა წინანდლის ფესტივალზე
აგვისტო – სექტემბერი, წინანდალი
იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართული წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონის ფარგლებში, სახელგანთქმული იტალიელი დირიჟორის, ჯანანდრეა ნოზედას მონაწილეობით ორი კონცერტი ჩატარდა. ფესტივალის გახსნით კონცერტზე აჟღერდა ჯუპეზე ვერდის „რექვიემი“ იტალიელი სოპრანო ერიკა გრიმალდისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდის შესრულებით, რომელიც სპეციალურად ამ კონცერტისთვის არენა დი ვერონას გუნდის ქორმაისტერმა რობერტო გაბიანიმ მოამზადა, მეორე კონცერტზე კი ჰენრიხ ვენიავსკისა და გუსტავ მალერის მუსიკა შესრულდა.

 

 

სახელგანთქმული იტალიელი კლარნეტისტი ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე
სექტემბერი, ბათუმი
ბათუმის ხელოვნების მე-11 საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც იუნესკოს მაღალი პატრონაჟით ყოველწლიურად იმართება, იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზებულ გახსნით კონცერტში მონაწილეობა მიიღო კამერული მუსიკის არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო კონკურსის ლაურეატმა, იტალიელმა კლარნეტისტმა კლაუდიო მანსუტიმ.

 

 

იტალიური ფილმები ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალზე
სექტემბერი, ბათუმი
ბათუმის საავტორო კინოს XIX საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF), რომელიც ტრადიციულად იტალიის საელჩოს მხარდაჭრით იმართება, ორი იტალიური კინოსურათი იყო წარმოდგენილი: უამრავი პრემიით დაჯილდოებული იტალიელი რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის, არაერთი ცნობილი ფილმის („გომორა“, „დოგმენი“ და „პინოქიო“) ავტორის, მატეო გარონეს სრულმეტრაჟიანი კინოსურათი „მე კაპიტანი“ და იტალიელი რეჟისორის ალიჩე რორვახერის ფილმი „ქიმერა“.

 

 

იტალიური სპორტის მსოფლიო დღის აღნიშვნა საქართველოში
სექტემბერი, თბილისი
იტალიური სპორტის მსოფლიო დღის აღნიშვნამ საქართველოში დიდი წარმატებით ჩაიარა: მასში მონაწილეობა მიიღო განსაკუთრებულმა სტუმარმა, ლუკა ტონიმ (2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულმა და პირველმა იტალიელმა ფეხბურთელმა, რომელიც „ოქროს ბუცის“ მფლობელი გახდა).
იტალიური სპორტის მსოფლიო დღის აღნიშვნა დაიწყო ლუკა ტონის შეხვედრით საქართველოს ინტერის აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან; გაგრძელდა იტალიის რეზიდენციაში გამართული წვეულებით, სადაც იტალიის ელჩმა დ’ანტუონომ იტალიელ სტუმარს, გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელებს, სპორტის დარგის პროფესიონალებსა და სპორტული ინდუსტრიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, და დასრულდა პადელის ტურნირის, რომელშიც, ლუკა ტონისთან ერთად, მონაწილეობა ქართველმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა მიიღეს.

 

 

გაცოცხლებული სურათები: „მიქელანჯელო და რაფაელი: გენიალური და ღვთაებრივი“
სექტემბერი, თბილისი
კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროგრამის ფარგლებში, იტალიის საელჩომ ქართველ მაყურებელსა და საქართველოს დედაქალაქის სტუმრებს შესანიშნავი საჩუქარი მოუმზადა: მიქელანჯელოს გენიალური ქანდაკებებისა და რაფაელის ღვთაებრივი ფერწერისადმი მიძღვნილი წარმოდგენა, რომელმაც თეატრი, სახვითი ხელოვნება და მუსიკა გააერთიანა.
20 წლიანი ისტორიის მქონე ექსპერიმენტულმა თეატრალურმა დასმა “Teatri 35” იტალიური რენესანსის ორი უდიდესი წარმომადგენლის შედევრები ჟესტების, ფერების, გამოსახულებებისა და მუსიკის მეშვეობით გააცოცხლეს.
წარმოდგენა გაიმართა ბაროკოს დიდებული მუსიკალური ნაწარმოებების თანხლებით, რომლებიც თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სინფონიეტამ“ სოლისტებთან ერთად შეასრულა.

 

 

თბილისში მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი დაბრუნდა
სექტემბერი, თბილისი
32-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი “შემოდგომის თბილისის” ფარგლებში იტალიის საელჩოს ხელშეწყობით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 1982 წელს შექმნილმა, ბრწყინვალე მუსიკოს-შემსრულებლებისგან დაკომპლექტებულმა და ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობმა მილანის ლა სკალას ოპერის თეატრის კამერულმა ორკესტრმა.

 

 

იტალიური ფილმები საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე “თაობა”
სექტემბერი, ქუთაისი
მე-7 საერთაშორისო ახალგაზრდულ კინოფესტივალზე „თაობა“ იტალია ორი კინოსურათით იყო წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნა უამრავი კინოპრემიით, მათ შორის, ოქროს გლობუსით და არაერთი ვერცხლის ფირით და დონატელოს დავითით დაჯილდოებული ფილმი „C’è ancora domani“ (რეჟ. სახელგანთქმული იტალიელი მსახიობი პაოლა კორტელეზი) და ცნობილი იტალიელი რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის, მარიო ტულიო ჯორდანას ფილმი “La vita accanto”.

 

 

ცნობილი იტალიელი პოეტი ლაურა აჩერბონი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე
სექტემბერი, თბილისი
თბილისის მე-9 საერთაშორისო ლიტერატურულმა ფესტივალმა, რომელიც საქართველოს პენცენტრის ორგანიზებით და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა, იტალიური ლიტერატურის მოყვარულებს არაჩვეულებრივი საჩუქარი მოუმზადა: ფესტივალის სტუმარი გახლდათ არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიით (მათ შორის, Lerici Pea giovani, il Molinello, Piero Alinari და Achille Marazza Opera Prima-ს პრემიებით) დაჯილდოებული იტალიელი პოეტი ლაურა აჩერბონი, რომლის ლექსები თვრამეტ ენაზეა ნათარგმნი და სხვადასხვა იტალიურ და საერთაშორისო ჟურნალში იბეჭდება.

 

 

#SLIM2024, იტალიური ენის ოცდამეოთხე მსოფლიო კვირეული
ოქტომბერი
იტალიური ენის 24-ე მსოფლიო კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას ინიციატივით იმართება, წელს მიეძღვნა თემას „იტალიური ენა და წიგნი: სამყარო სტრიქონებს შუა“.
კვირეულის ფარგლებში იტალიის საელჩოს ორგანიზებით, კოორდინირებითა და ხელშეწყობით უამრავი ღონისძიება გაიმართა, მათ შორის:

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის (სტუ) სტუდენტებისთვის იტალიური ენის უფასო კურსების მეორე ციკლის იფიციალური გახსნა, რომელიც დანტე ალიგიერის საზოგადოების რომის სათაო ოფისის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ხორციელდება;
  • იტალიის ელჩის მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იტალიური კულტურის ცენტრის პროფესორ-მასწავლებლებთან და ცენტრის ხელმძღვანელის, პროფ. ნოდარ ლადარიას ლექცია.
  • ღონისძიება „იტალიური წიგნი და იტალიელი ავტორები“, რომელზეც მომხსენებლებად იტალიური კულტურის ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები წარსდგნენ.
  • საქართველოს 60-ზე მეტ საჯარო და კერძო ქართულ სკოლაში ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას“ მიერ განხორციელებულ სასკოლო აქტივობებში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. სხვადასხვა კონკურსებში გამარჯვებული ბავშვები იტალიისა და შვეიცარიის საელჩოებმა პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.
  • იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას მიერ მინიჭებული იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენის გადაცემა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძისა და ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას” ხელმძღვანელი მაია ჯიჯავასთვის, რომლებსაც ეს ჯილდო ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში იტალიური ენის სწავლების განვითარებასა და გავრცელებაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭათ.

 

 

შეხვედრა ბაროკოს დიდებული ეპოქის მუსიკასთან
ნოემბერი, თბილისი
უკვე ტრადიციად იქცა იტალიელ შემსრულებელთა მონაწილეობა ამიერკავკასიის რეგიონში ბაროკოს მუსიკის ერთადერთი ფესტივალზე – თბილისის ბაროკოს ფესტივალზე, რომელიც ჩვენი საელჩოს მხარდაჭერით იმართება. მეათე ფესტივალის გახსნით კონცერტზე, რომელიც ვენეციულ ბაროკოს მიეძღვნა, მსმენელის წინაშე წარსდგა ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი შესანიშნავი იტალიელი ვიოლონჩელისტი დავიდე ამადიო, რომელმაც ბაროკოს ეპოქის დიდი კომპოზიტორების, ალბინონის, ვივალდის, პლატის, მარჩელოს, ტარტინისა და გალუპის მუსიკალური შედევრები შეასრულა. მეორე კონცერტზე, რომელიც ქართულ და ევროპულ საეკლესიო მუსიკას მიეძღვნა, შესანიშნავმა იტალიელმა საოპერო მომღერლებმა, ქრისტინა ფანელიმ (სოპრანო) და ბენედეტა მაცუკატომ (კონტრალტო) ბახისა და ზელენკას მუსიკალური ნაწარმოებები შეასრულეს.

 

 

ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალისაჩუქარი 2024: GIFT Biennale college“, კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის
ნოემბერი, თბილისი
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის “საჩუქარი” ფარგლებში საქართველოს დედაქალაქი ყოველწლიურად მასპინძლობს თეატრალურ დასებსა და ხელოვანებს საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
წლევანდელ, რიგით 27-ე ფესტივალის ფარგლებში, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა, ამოქმედდა ვენეციის ბიენალეს ახალგაზრდული პროგრამის ანალოგი პროექტი „GIFT Biennale college“, რომელიც მოიცავს კონკურსს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის. პროექტის პრეზენტაციას ვენეციის ბიენალეს თეატრალური მიმართულების სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი და დრამატურგი ჯანი ფორტე და ფესტივალის საერთაშორისო დირექტორი მიქელე პანელა უძღვებოდნენ.

 

 

#SCIM2024, იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული
ნოემბერი, თბილისი
იტალიური სამზარეულოს მე-9 მსოფლიო კვირეული საქართველოში აღინიშნა იტალიის საელჩოს მიერ კამპანიის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული პროექტის ფარგლებში და კამპანიის რეგიონის სამზარეულოს მიეძღვნა. იტალიის საელჩომ, იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტო ICE-ITA-სთან თანამშრომლობით, საინტერესო და დატვირთული პროგრამა მოამზადა:

  • საჯარო ღონისძიება, რომელიც იტალიური სამზარეულოს სიმბოლოდ ქცეულ კერძს, პიცასა და ნეაპოლური პიცის მომზადების ხელოვნებას ეძღვნებოდა და ცომის მომზადების მასტერკლასს, შეჯიბრს საქართველოს დედაქალაქის პიცერიების პროფესიონალ მზარეულებს შორის და სხვადასხვა სახეობის პიცის დეგუსტაციას მოიცავდა;
  • საზეიმო ვახშამი, რომლის სტუმრებს მიშლენის ვარსკვლავით დაჯილდოებული რესტორნის „Mammà“ შეფ-მზარეული სალვატორე ლა რაჯონემ სპეციალურად შექმნილი მენიუ შესთავაზა. ღონისძიება კლასიკური ნეაპოლური მუსიკალური ნაწარმოებების თანხლებით გაიმართა;
  • შეფ-მზარეული დიეგო ბუტილიონესა და სახელგანთქმული ფქვილის მწარმოებელი იტალიური კომპანია Molino Casillo-ს წარმომადგენლების მასტერკლასი მომავალი კულინარებისთვის;
  • Consorzio Tutela Mozzarella di Bufala Campana-ს (კამპანიის კამეჩის რძისგან დამზადებული მოცარელას კონსორციუმის) პრეზიდენტი დომენიკო რაიმონდოს სემინარი ენოგასტრონომიული დარგის, კერძოდ, რესტორნებისა და საუპერმარკეტების ქსელების სპეციალისტებისთვის და კამპანიის რეგიონის დელიკატესების დეგუსტაცია. ღონისძიება მოიცავდა, ასევე, დანტე ალიგიერის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ მაკარონისგან შექმნილი სკულპტურების გამოფენასა და გამარჯვებული ნამუშევრების ავტორების დაჯილდოვებას;
  • შეფ-მზარეული სალვატორე ლა რაჯონესა და კომპანია Molino Casillo-ს კულინარიული შოუ და მასტერკლასი რესტორატორებისა და გასტრონომიული დარგის სპეციალისტებისთვის;
  • კომპანია Molino Casillo-ს წარმომადგენლებისა და იტალიელი შეფ-მზარეულების, სალვატორე ლა რაჯონეს და დიეგო ბუტილიონეს მასტერკლასი და კულინარიული შოუ, რომელსაც უამრავი სტუმარი (მათ შორის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები) დაესწრო.
  • ახალი იტალიური კერძები, სპეციალური მენიუ და სხვადასხვა ღონისძიებები საქართველოს დედაქალაქის მსხვილი სუპერმარკეტების ქსელებსა და იტალიურ რესტორნებში.