ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

მედეა ეტრურიაში

მედეას შესახებ მითი ამოუწურავია. ძველი ბერძნული ნაწარმოებებით დაწყებული, მითმა ჩვენამდე მრავალი ლიტერატურული, მხატვრული, მუსიკალური თუ კინემატოგრაფიული ინტერპრეტაციით მოაღწია.

მედეას ისტორიას, რომელიც იასონსა და არგონავტებთან არის დაკავშირებული, ყველა მითის მსგავსად მრავალი ვერსია ჰქონდა და მათ თავდაპირველად მოგზაური მომღერლები – აედები ავრცელებდნენ. მოგვიანებით, როცა იწყება ლიტერატურულ ნაწარმოებში მითების წერილობითი ფიქსაცია, ყველაზე ფართოდ გავრცელდა ევრიპიდეს ვერსია, რომელმაც თავის ცნობილ ტრაგედიაში მკვეთრად შეცვალა მითის სიუჟეტი. ევრიპიდეს მედეა გრძნეული ჯადოქარია, რომელმაც თავის სამშობლოს უღალატა, თავისი ძმის სხეული დაანაწევრა და საკუთარი შვილებიც დახოცა მას შემდეგ, რაც იასონმა უღალატა. მიუხედავად მცდელობისა, რომ იგი უარყოფით გმირად იქნეს გამოყვანილი, ნაწარმოების სიდიადემ მედეა ერთერთ ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად აქცია.

ამის საპირისპიროდ, ეტრუსკული ხელოვნების ნიმუშებში, ისევე როგორც არგონავტების მითის სხვა ადრეულ ბერძნულ გამოსახულებებში, მედეა წარმოდგენილია როგორც მკურნალი და გრძნეული – შემკული იმ თვისებებით, რომელთა ახსნაც შეიძლება მის სახელშიც ვეძებოთ, თუ მას ბერძნულ ზმნას – „medomai” – „ფიქრი“, „ზრუნვა“ დავუკავშირებთ.

ძვ. წ. VII საუკუნის მესამე მეოთხედის თიხის ამფორაზე გამოსახულია იშვიათი სცენა, სადაც ჯადოქრისთვის დამახასიათებელი გრძელთავსაბურავიანი მედეა სამთავიან გველს აჯადოებს.

ძვ. წ. 630 წლით დათარიღებული ცნობილი ბუკეროს ოლპე ჩერვეტერიდან, რომელზეც მედეას გამოსახულება დადასტურებულია ეტრუსკული წარწერით metaia, იგი კვლავ გრძნეულის სახითაა წარმოდგენილი სამფეხა ქვაბში მოთავსებული ჭაბუკის, სავარაუდოდ, იასონის გაახალგაზრდავების კარგად ცნობილი სასწაულის მოხდენისას. ბრძენი კოლხი ქალი ფლობს ადამიანების გაახალგაზრდავების და განკურნების საიდუმლო ცოდნას. ოლპეზე მედეასთან ერთად გამოსახულნი არიან დედალოსი ფრთებზე წარწერით taitale და არგონავტები, რომლებსაც უჭირავთ გრძელი საგანი წარწერით kanna ან kauna – შესაძლოა კუნძულ ლემნოსზე გამართულ თამაშებში ჯილდოდ მიღებული ქსოვილი.

ლემნოსის თამაშების სიუჟეტს უკავშირდება ასევე ორი მოკრივის გამოსახულება. ეს ორი ნაკეთობა დამზადებულია ჩერვეტერიში, სადაც ბერძნული მითები და თქმულებები შეითვისეს და ეტრუსკულ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს მიუსადაგეს. მედეა წარმოდგენილია არა როგორც შვილების მკვლელი, არამედ როგორც ქალი, რომელიც მრავალმხრივ ცოდნასთან ერთად, „წამლების დამამზადებელი“ ეტრუსკების მსგავსად, ფლობს სამკურნალო ხელოვნებას. მედეას ეტრუსკული გამოსახულებები ძვ. წ. VII საუკუნის ეტრუსკული ელიტის იმ განსაკუთრებული ინტერესის გამოძახილია, რომელსაც ის იჩენდა შორეული ზღვაოსნობისა და სავაჭრო ურთიერთობებისადმი.