ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტი: ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის 2023 წლის არქეოლოგიური მისია დასრულდა

ერთთვიანი კვლევითი სამუშაოების შემდეგ, დასრულდა ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია, რომელიც ლაგოდეხის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტის (GILAP) ფარგლებში ხორციელდებოდა.

მეცნიერთა ჯგუფმა, ლაგოდეხის მუზეუმთან თანამშრომლობით, დაამთავრა ჭიაურის არქეოლოგიურ ლოკაციასა და ზოგადად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი მასალის აღრიცხვა-დოკუმენტირება. ასევე, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივად, ჩატარდა ალაზნის ველის გეოარქეოლოგიური კვლევა. განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა ანანაურის ერთ-ერთი ყორღანის გეომაგნიტური პროსპექცია, რომელმაც მომცრო ნამარხების კომპლექსური სისტემის, სხვადასხვა რიტუალისა თუ ნაგებობის კვალი გამოავლინა.

გარდა ამისა, 2018 წელს დაწყებულმა არქეოლოგიურმა მისიამ ახალი ბიძგი მისცა იტალიასა და საქართველოს შორის არქეოლოგიის დარგში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, კერძოდ, ვენეციის კა’ ფოსკარის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს ბორჯომის რეგიონში არსებულ შუა საუკუნეების მონასტრებში ადამიანთა ნაშთების პირველადი კვლევა, სამომავლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ამ რეგიონის შესწავლის მიზნით.

საფუძველი ჩაეყარა სხვა ამბიციურ პროექტებსაც, მათ შორის, საქართველოში მომთაბარე მესაქონლეობის ტრადიციული მარშრუტების კვლევას (პრეისტორიის გვიანდელ პერიოდში ადამიანთა გადაადგილებასთან დაკავშირებულ მონაცემებთან შედარებისთვის) და, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივად პალეოგარემოს შესწავლასა და სხვა არქეოლოგიურ პროექტებს.

თვალყური ადევნეთ ჩვენს სოც. ქსელებს იტალიურ არქეოლოგიურ მისიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად.