ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

პომპეური ბაღი: დასვენება ბუნებაში

პომპეიში საშუალო ფენის სახლების უკან მდებარე სივრცე ხშირად ბაღად და ბოსტნად გამოიყენებოდა. ახ.წ. 62 წლის მიწისძვრის შემდეგ, ამ სივრცეთა უმრავლესობა იმ ქანდაკებებითა და მარმარილოს დეკორით მორთულ ბაღებად იქცა, რომლებიც მანამდე სახლების პერისტილიუმს ამშვენებდა. გამდიდრებული მოქალაქეები ცდილობდნენ, მათ საცხოვრებელში ბუნებაც ყოფილიყო, რომელიც ყოველდღიური მოვალეობებისგან გათავისუფლებასთან, სიმშვიდესა და მოსვენებასთან იყო დაკავშირებული. ამგვარად, საიმპერატორო რომის პერიოდის “ნუვორიშებს” საკუთარი ქონების ჩვენება შეეძლოთ, რომელიც გვიანდელი რესპუბლიკის პერიოდის პატივსაცემი პომპეელების ვილებში ფუფუნებით აღსავსე ცხოვრების წესს მოგვაგონებს.

ავგუსტუსის დროს აშენებული აკვედუკის წყალობით, ბაღების გამდინარე წყლით მორწყვა და გეომეტრიული ფორმის ყვავილნარების გაშენება გახდა შესაძლებელი. ამ დროს სულ უფრო ხშირად ჩნდება ქანდაკებიანი შადრევნები და აუზები. პომპეის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბაღი ოქტავიუს კვარციუსის სახლის ბაღია, სადაც სახლის უკან მდებარე სივრცეში ტრიკლინიუმი იყო განთავსებული და იქ ვახშმობისას სტუმრებს არხებში მოჩუხჩუხე წყლის ხმით ტკბობა შეეძლოთ. მთავარი არხის გასწვრივ ამ ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ქანდაკებები იდგა, რომლებიც ეგვიპტურ გავლენასა და, ასევე, დიონისეს კულტისთვის დამახასიათებელ პერსონაჟებსა და ცხოველებზე მიანიშნებდა. სკულპტურები ისეთნაირად იყო განლაგებული ტრიკლინიუმსა და ბიკლინიუმს შორის, რომ სტუმრებს ვახშმობისას მათი ცქერა და მათზე მსჯელობა შეეძლოთ.