ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) იტალიური ფლაგმანი ITS Fasan შემოვიდა

2020 წლის 7-9 აპრილს ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები, საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან ერთად, ნატო-საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ წრთვნებს ჩაატარებენ.

ეს ხომალდებია: იტალიის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ფლაგმანი ITS Fasan (იტალია), HMCS Fredericton (კანადა), TCG Salihreis (თურქეთი), ROS Regina Maria (რუმინეთი) და BGS Verni (ბულგარეთი).

როგორც ITS Fasan-ს მეთაური კონტრ-ადმირალი პაოლო ფანტონი აღნიშნავს, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთმოქმედების დონის ამაღლების კუთხით.

შენაერთის ვიზიტი ხორციელდება კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების საპრევენციო ზომებისა და ეკიპაჟებისა და მოსახლეობის უსაფრთხოების სრული დაცვით.

იტალია ამაყობს იმით, რომ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში უკვე მეორედ მეთაურობს ამგვარ საპორტო ვიზიტს და სასწავლო-საწრთვნელ აქტივობას, რომელიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია (შეგახსენებთ, რომ ნატოს მუდმივმოქმედი მეორე შენაერთის საფლაგმანო ხომალდი „Vesuvio” საქართველოს პორტს გასული წლის ოქტომბერში ესტუმრა).