ფერარის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მისია სამცხის რეგიონში
უცნობი ნეკროპოლი მესხეთის მიწაზე
ანტიკური კოლხეთის განაპირა მხარეს, სამცხის რეგიონში, რომელიც მოიცავს ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ასპინძისა და ახალქალაქის რაიონებს, არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებენ ლივიო ძერბინი (ფერარის უნივერსიტეტი) და ვახტანგ ლიჩელი (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
ასპინძის რაიონში, ხერთვისის ციხე-სიმაგრიდან (რომელიც მრავალი საუკუნის მანძილზე – ძვ.წ.აღ-ის IV საუკუნიდან ახ.წ.აღ-ის XVIII საუკუნემდე ამ მხარის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამაგრებული ციხე-სიმაგრე იყო) რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონში, საოცრად ლამაზი პეიზაჟების ფონზე, გაკეთდა მნიშვნელოვანი აღმოჩენა. ეს აღმოჩენა ცხადად გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია არქეოლოგიას, თვალწინ ახალი ჰორიზონტები გადაგვიშალოს. უდავოდ, ლაპარაკია ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო არქეოლოგიურ არეალზე: ვრცელ ნეკროპოლზე, რომელიც მზერას მოშორებული ველის სიღრმეში მდებარეობს და მრავალრიცხოვანი სამარხებისგან შედგება.
სამცხე, რომელიც თანამედროვე საქართველოს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, უმდიდრესი ისტორიის მქონე რეგიონია, რომლისთვისაც დამახასიათებელია არაჩვეულებრივი ხედები, თვალწარმტაცი პეიზაჟები და კულტურული სიმდიდრე.
ქართულ ენაზე სიტყვა „სამცხე” ნიშნავს ადგილს, სადაც უძველესი ქართული ტომი – მესხები სახლობდნენ.
ანტიკურ ეპოქაში სამხრეთ საქართველოს ეს ტერიტორია მესხეთად იწოდებოდა. მისი მაცხოვრებლების, ანუ მესხების სახელი, დაკავშირებულია ბიბლიასა და ასირიულ ლურსმულ წარწერებთან. ანტიკურ წყაროებში მესხებს მოიხსენიებენ, როგორც მოსოხებს, ხოლო მესხეთს – როგორც მუსხეთს.
დღეს მესხეთი გარკვეულწილად მივიწყებული ტერიტორიაა. აქაური ბუნებრივი პირობები საკმაოდ მკაცრია, ჭარბობს მთაგორიანი, ღრმა ხეობებით დასერილი ლანდშაფტი.
სწორედ აქედან, ძვ.წ.აღ-ის 66 წელს, სომხეთის მეფის ტიგრან II-ის დამარცხების შემდეგ, ლეგიონების სათავეში მდგარი რომაელი სარდალი პომპეუსი კოლხეთში შევიდა. სავარაუდოდ, ის თავისი ჯარით მდინარე მტკვრის ნაპირზე დაბანაკდა.
მას შემდეგ, რაც პომპეუსმა მტკვრის გასწვრივ დაბლობი გადალახა, სწორედ ამ რეგიონიდან დაიწყო უძველესი მიწის, იბერიის დაპყრობა. ეს დასტურდება არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ნიმუშებით.
ხელუხლებელი ბუნების პეიზაჟების ნახვის შემდეგ, იმ გზის გასწვრივ, რომელიც მდინარე მტკვრის ხეობას მიუყვება და რომელსაც ვარძიის კლდეში ნაკვეთ თვალწარმტაც კომპლექსამდე მივყავართ, სოფლებს წუნდასა და თმოგვს შორის გზის შუაგულში, მიუდგომელ ტერიტორიაზე, დიდებული ზეგანისა და ბორცვებიანი შემაღლების ცენტრში, დაუმუშავებელი ქვის უზარმაზარი და ურიცხვი მასების შუაში განლაგებულია სხვადასხვა ფორმისა და ფაქტურის რამდენიმე ასეული სამარხი.
მონუმენტური სამარხები, რომლებიც მთელ მასივზეა გაშლილი და დაფარულია დაუმუშავებელი ქვის ლოდებით და, აგრეთვე, წრიულად განლაგებული, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქვებით, წარმოადგენს სამი-ოთხი მეტრის სიღრმეზე მდებარე დასაკრძალ დარბაზ დრომოსით.
პირველმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომელიც 2009 წლის სექტემბერში ფერარის უნივერსიტეტის პროფესორის ლივიო ძერბინის ხელმძღვანელობით ჩატარდა, კიდევ უფრო გააღრმავა უჩვეულო ინტერესი ამ ნეკროპოლის მიმართ. ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სამარხების ადგილმდებარეობისა და მრავალრიცხოვნობის თვალსაზრისით, არამედ დროის იმ მონაკვეთის გამოც, რაც ძვ.წ.აღ-ის IV-III ათასწლეულებით იწყება და ახ.წ.აღ-ის II-III საუკუნეებით მთავრდება. გათხრებისას აღმოჩენილი იქნა მდიდრული ნივთები, რომლებიც მიცვალებულებს ჩაატანეს და, ასევე, ხარის რქების გამოსახულებიანი ხის სკულპტურა. სკულპტურა, რომელიც სავარაუდოდ, შესაწირად იყო დამზადებული, მიეკუთვნება ბრინჯაოს ხანის შუა პერიოდს და მას უდიდესი სამეცნიერო მნიშვნელობა აქვს.
2010 წლის ოქტომბერში დასრულდა მეორე არქეოლოგიური ექსპედიცია. რამ განაპირობა, რომ ეს ადგილი ასე მჭიდროდ იყო დასახლებული უძველეს დროში? რატომ დასახლდა სწორედ აქ ამდენი ადამიანი და რატომ აირჩიეს მათ სამარხად ასეთი მიუდგომელი ადგილი? ვინ იყო ეს ხალხი? მას შემდეგ 6 ათასწლეულმა განვლო.
ყველა ამ შეკითხვას კონკრეტულ პასუხს გასცემს ადგილზე ჩატარებული სათანადო და სისტემური არქეოლოგიური გათხრები, რაც ამ აღმოჩენას ახალ შუქს მოჰფენს და კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ კოლხეთში მითსა და ისტორიას შორის ზღვარი ძალიან მცირეა.
იქნებ სწორედ ამ მიწაზე, სადაც ევროპა და აღმოსავლეთი ერთმანეთს ხვდება, შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლური ცივილიზაციების თემები და მოტივები. ამის შედეგად კი, გავიაზრებთ, რომ ანტიკურ სამყაროში განსხვავებულ კულტურებს შორის დიალოგი გაცილებით უფრო ცოცხალი იყო, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია.
ბიბლიოგრაფია:
- ლ. ძერბინი, „არქეოლოგიური გათხრები საქართველოში. წინასწარი ანგარიში პირველი კამპანიის შესახებ ასპინძის რაიონში” (გამოცემა იტალიურ და ინგლისურ ენებზე), Rubbettino, 2010.
- ლ. ძერბინი, „არქეოლოგიური გათხრები საქართველოში. წინასწარი ანგარიში მეორე კამპანიის შესახებ ასპინძის რაიონში” (გამოცემა იტალიურ და ინგლისურ ენებზე), Rubbettino, 2012.
- ამ გათხრებს უამრავი სტატია მიეძღვნა, მათ შორის პოპულარული ხასიათის (მაგ. სტატია, რომელიც Repubblica.it-ზე გამოქვეყნდა).