ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ისტორიული ექსკურსი

მოგზაურთა ცნობები

საქართველოს – ანტიკური კოლხეთის, რომის იმპერიის აღმოსავლეთ უკიდურეს საზღვართან მდებარე ქვეყნისა და ევროპასა და აზიას შორის ისტორიული სავაჭრო დერეფნის, – მოსანახულებლად ხშირად ჩამოდიოდნენ იტალიელი მოგზაურები, მეტწილად, ვაჭრები და მისიონერები. მეცამეტე საუკუნის საქართველოს მოკლე, მაგრამ შთამბეჭდავი აღწერა გვხვდება მარკო პოლოს მონათხრობში.
ევროპისთვის ქართული კულტურის გაცნობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი მეჩვიდმეტე საუკუნეში იტალიელმა მისიონერებმა, კერძოდ, 1626 წლის მაისში რომის პაპის დავალებით ჩამოსულმა თეატინელთა ორდენის წევრებმა შეიტანეს. თეატინელ მისიონერთა მიერ შეგროვებულ ცნობათა უმრავლესობა საქართველოს იმდროინდელ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაზე, დაცულია ვატიკანისა და იტალიის არქივებსა და მუზეუმებში. პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, სტეფანო პაოლინისა და ქართველი ნიკიფორე ირბახის მიერ შექმნილი “ქართულ-იტალიური ლექსიკონი” 1629 წელს ქ. რომში დაიბეჭდა. 1643 წელს ქ. რომში დაიბეჭდა თეატინელი მისიონერის ფრანჩესკო მარია მაჯოს მიერ შედგენილი “ქართული ენის გრამატიკა”.

ქ. გენუაში 1600 წელს დაბადებული, ქ. პალერმოში გაზრდილი და 1659 წელს პალერმოშივე გარდაცვლილი მისიონერი ქრისტოფორე კასტელი მრავალრიცხოვანი წერილების, რუკებისა და ქართველების ადათ-წესების ამსახველი ნახატების ავტორია. ამ ხელნაწერებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან გვაძლევს ზუსტ და დეტალურ ცნობებს იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობისა და ცხოვრების შესახებ.

1950-1953 წლებში ბეთლემის მახლობლად ბირ-ელ-ქუთის მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს, რომლებსაც ფრანცისკანელი ბერი და არქეოლოგი ვირჯიო კორბო (1918-1991წწ.) ხელმძღვანელობდა, აღმოჩენილ იქნა ქართული ქარწერა, რომელიც მიჩნეულია დღეისათვის ნაპოვნ უძველეს ქართულ წარწერად.

საქართველოს ბუნებისა და ტრადიციების შესახებ უმდიდრეს ინფორმაციას შეიცავს იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას (1859-1943წწ.) ფოტომემკვიდრეობა. ვიტორიო სელამ 1889, 1890 და 1896 წლებში სამი ექსპედიცია მოაწყო კავკასიონზე. ვიტორიო სელას რაჭასა და სვანეთში გადაღებული ფოტოები უდიდესი მნიშვნელობის მქონეა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი იტალიელი ფოტოგრაფი და მკვლევარი ვიტორიო რონკეტი (1874-1944წწ.), რომელმაც 1907-1913 წლებში ცენტრალურ კავკასიაში ხუთი ექსპედიცია მოაწყო. მისი არქივი, რომელიც შეიცავს ამ მოგზაურობების დროს გადაღებულ ათასობით ფოტოსურათს, წარმოადგენს რონკეტის ხანგრძლივი კვლევების ნაყოფს და უმდიდრეს დოკუმენტურ მასალას კავკასიის შესახებ.

 

ხუროთმოძღვრება

საქართველოში იტალიელი არქიტექტორები მეცხრამეტე საუკუნიდან მოღვაწეობდნენ. მათ შორის აღსანიშნავია:

ჯოვანი სკუდიერი (1817-1851წწ.), რომელმაც ქ. თბილისში დააპროექტა მთელი რიგი შენობა-ნაგებობები, მათ შორის ძველი ოპერის თეატრი (1851), ქალაქის მუნიციპალიტეტის შენობა და ძველი ქარვასლა (1850). დედაქალაქის ურბანული რეკონსტრუქციის გამო ამ ნაგებობათა დიდი ნაწილი არ შემოინახა.

ედოარდო ანდრეოლეტი, რომელმაც ქართველ არქიტექტორებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ქ. თბილისში ქაშვეთის ეკლესიის მშენებლობაში (კერძოდ, ეკლესიის ფასადის მოპირკეთების სამუშაოებში);

ანჯელო ანდრეოლეტი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კავკასიის სამხედროთა ეკონომიკური ასოციაციის შენობის აგებაში (1910), სადაც დღეს განთავსებულია TBC ბანკი.

რამოდენიმე წლის წინ ქ. თბილისში თანამედროვე იტალიელი არქიტექტორის, მიქელე დე ლუკის მიერ დაპროექტებული “მშვიდობის ხიდი” აშენდა.

 

მუსიკა

საქართველოს დედაქალაქში ოპერის სიყვარული მანამდეც არსებობდა, სანამ 1851 წელს თბილისის შუაგულში, დღევანდელი თავისუფლების მოედანზე აშენდა არქიტექტორ ჯოვანის კუდიერის მიერ დაპროექტებული პირველი საოპერო თეატრი, “იტალიური თეატრის სახლი”. პირველი სეზონი გაიხსნა 1851 წლის 9 ნოემბერს გაეტანო დონიცეტის ოპერით “ლუჩია დი ლამერმურ”.

იმავე წლის გაზაფხულზე თეატრის დირექციამ მოიწვია იტალიელი მუსიკოსების ჯგუფი, რომელსაც მაესტრო ბარბიერი დირიჟორობდა. ამ ორკესტრმა სულ რაღაც სამი თვის განმავლობაში 12 სპექტაკლი წარმოადგინა. მას მერე საქართველოში საოპერო მუსიკისადმი სიყვარული არ განელებულა და ეს სიყვარული იტალიასა და საქართველოს აერთიანებს.

 

ბალეტი 

ქართული ბალეტისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა იტალიელი მოცეკვავის მარია პერინის (1873-1939წწ.) მიერ 1916 წელს პირველი საბალეტო სტუდიის გახსნა. ეს სტუდია 1920 წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ კლასიკური ბალეტის სახელმწიფო სკოლად გარდაიქმნა. ამ სკოლაში მარია პერინის ხელმძღვენლობით (რომელმაც საქართველოში ორმოცდარვა წელიწადი გაატარა), ქართველ მოცეკვავეთა თაობები აღიზარდა, რომელთა შორის ისეთი სახელები გვხვდება, როგორიცაა; მეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი მოცეკვავე ვახტანგ ჭაბუკიანი, თ. ჭაბუკიანი, ნ. რამიშვილი, ვ. ვრონსკი, ლ. გვარამაძე, ი. ალექსიძე, დ. ალექსიძე, ი. სუხიშვილი, ს. სერგეევი, ი. არბატოვი, ს. ვირსალაძე, ლ. ჩიკვილაძე, ა. წერეთელი, კ. ნადარეიშვილი და სხვები.
2010 წლის 10 მარტს სამხატვრო ხელოვნების აკადემიის იტალიური პროექტის მიხედვით რესტავრირებულ დარბაზში გაიხსნა მარია პერინისადმი მიძღვნილი გამოფენა.

დოკუმენტური კინემატოგრაფი

აღსანიშნავია დიდი ქართველი რეჟისორი, მწერალი და თვალსაჩინო საზოგადოებრივი მოღვაწე რეზო თაბუკაშვილი. სწორედ მისი დამსახურებაა ვატიკანის ბიბლიოთეკაში არსებული ქართული ხელნაწერების აღმოჩენა და საქართველოში დაბრუნება, აგრეთვე, იმ დოკუმენტებისა და მასალების მოძიება-შესწავლა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშიზმისგან იტალიის განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილე იტალიელი პარტიზნების გვერდიგვერდ მებრძოლ ქართველებს ეხება.
რეზო თაბუკაშვილმა შექმნა იტალიისა და საქართველოს ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტური ფილმები: “ვიტორიოს სელა”, იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის მოღვაწეობის შესახებ და “ალპური ვარსკვლავი”, რომელიც ეძღვნება იტალიის ფაშიზმისგან განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილე ქართველ პარტიზნებს.