დასრულდა სამცხე-ჯავახეთის ქართულ-იტალიური არქეოლოგიური პროექტის მეოთხე ეტაპი, რომელსაც ხელმძღვანელობენ პროფ. ვახტანგ ლიჩელი (ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი/საქართველოს არქეოლოგიური ასოციაცია) და პროფ. რობერტო დანი (ტუშას უნივერსიტეტი/ISMEO).
ბერთაყანის დიდი კომპლექსი მდ. მტკვრის ხეობაში
იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და იტალიის ხმელთაშუაზღვისპირეთისა და აღმოსავლეთის კვლევათა საერთაშორისო ასოციაციის (ISMEO) მიერ დაფინანსებული არქეოლოგიური ექსპედიციის დროს (11-31 ივლისი), არქეოლოგებმა გამოიკვლიეს ჯავახეთის ზეგანისა და მდ. მტკვრის ხეობის ტერიტორია და აღნუსხეს 76 არქეოლოგიური ძეგლი, რომლებიც თარიღდება პალეოლითიდან შუა საუკუნეებამდე პერიოდით და მათი ნაწილი შეუსწავლელია. კერამიკული არტეფაქტების მიხედვით, ამ არქეოლოგიური ძეგლების უმრავლესობა პროტოისტორიულ პერიოდს, ადრეული ბრინჯაოს ხანასა (მტკვარ-არაქსის კულტურას) და რკინის ხანის სხვადასხვა პერიოდებს განეკუთვნება.
მცირე მეგალითური კომპლექსი სოფ. ბუზავეთთან
არქეოლოგიური პროექტის მიზანია რეგიონის პირველი არქეოლოგიური რუკის შედგენა; პროტოისტორიული პერიოდიდან მოყოლებული, რეგიონის სოციალური და საბრძოლო განვითარების პროცესების შესწავლა; მეგალითური ნაგებობების ქრონოლოგიური და ტიპოლოგიური კლასიფიკაცია; მატერიალური კულტურისა და არქიტექტურის კუთხით, კოლხეთის, ურარტუსა და შემდგომ, აქემენიდების იმპერიის ზეგავლენის განსაზღვრა.
ფარავნის ტბაში სანახევროდ ჩაძირული საფორტიფიკაციო ნაგებობა
პროტოისტორიულ პერიოდში ამ რეგიონში რთული პროცესების გასაგებად, უმნიშვნელოვანეს არქეოლოგიურ ძეგლებად მიჩნეულია 2017 და 2019 წლის არქეოლოგიური ექსპედიციების დროს შესწავლილი აბულისა და შაორის მეგალითური ციხე-სიმაგრეები, რომლებიც ჯავახეთში არსებული თავდაცვითი და დროებითი თავშესაფრის დანიშნულების მქონე ნაგებობათა უაღრესად მნიშვნელოვან ნიმუშებს წარმოადგენს. ეს მეგალითური კომპლექსები, აქ აღმოჩენილი ასეულობით ნაგებობის მსგავსად, გამოიყენებოდა ადგილობრივი მოსახლეობისა და პირუტყვის დასაცავად, სხვადასხვა მხრიდან, განსაკუთრებით კი ჩრდ. კავკასიიდან ხშირი შემოსევების დროს.
საფორტიფიკაციო ნაგებობა მდ. განძისხევის ხეობაში
მომავალში დაგეგმილია ტერიტორიის კვლევის გაგრძელება, სისტემური არქეოლოგიური გათხრების დაწყება და, ასევე, არქეოლოგიური მისიის პირველ სამ წელიწადში (2017-2019წწ.) განხორციელებული საქმიანობისადმი მიძღვნილი მონოგრაფიის გამოცემა, რომელიც ამჟამად მომზადების პროცესშია.
ავჭალის დიდი ციხე