ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალია-საქართველოს თანამშრომლობა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის, კონსერვაციისა და დაცვის დარგებში

1

იტალიისა და იტალიური გამოცდილების როლი კულტურული მემკვიდრეობის შეფასებასა და დაცვის საქმეში; არქეოლოგია, როგორც კულტურული დიპლომატიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი; იტალიასა და საქართველოს შორის ცოდნის გაზიარება; საქართველოში მომუშავე იტალიელი ექსპერტების საქმიანობის დეტალური პრეზენტაცია – ამ და სხვა საკითხებს მიეძღვნა სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, 29 იანვარს, საქართველოს მუზეუმის აუდიტორიუმში გაიმართა. ღონისძიებას არქეოლოგები, მეცნიერები, ხელოვნებათმცოდნეები და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და დაცვის სპეციალისტები დაესწრნენ.

სიმპოზიუმი სახელწოდებით „იტალია-საქართველოს თანამშრომლობა: ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, კონსერვაცია და წარმოჩენა“, გახსნეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, საქართველოში იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავამ და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა.

იტალიის ელჩმა დ’ანტუონომ ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა და ისაუბრა იტალიის როლზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვისა და რესტავრაციის საქმეში და არქეოლოგიური მისიების, როგორც კულტურათაშორისი დიალოგის მძლავრი ინსტრუმენტის, მნიშვნელობაზე. „ძალიან დიდი ხანია, რაც იტალია ჩართულია იმ მისიების ორგანიზებასა და დაფინანსებაში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არქეოლოგიური, ანთროპოლოგიური, ეთნოლოგიური, პალეონტოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია-რესტავრაციის სფეროებში მუშაობენ. ერთ მაგალითს მოვიყვან: 2025 წელს იტალიამ, დაფინანსებისა და თუ სხვადასხვა ინსტიტუციური დახმარების სახით, მხარი 282 ასეთ მისიას დაუჭირა“, აღნიშნა ელჩმა დ’ანტუონომ, – „იტალიასა და საქართველოს შორის კულტურული თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას ყოველთვის წარმოადგენდა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული არქეოლოგიური მისიები, რომლებიც, წლებია, საქართველოში მუშაობენ ამ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის – წარსულის დანატოვარი ფასდაუდებელი სიმდიდრის – შესწავლისა და დაცვისათვის“.

ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა: პირველი ნაწილი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის (გელათის მონასტრისა და კლდეში ნაკვეთი ქალაქების) კონსერვაციასა და რესტავრაციას მიეძღვნა, მეორე ნაწილი კი დაეთმო საქართველოს არქეოლოგიური, პალეონტოლოგიური და ეთნოარქეოლოგიური მემკვიდრეობის შესწავლასა და დაცვასთან დაკავშირებულ პროექტებს, რომლებიც დმანისში, გონიოში, სამცხე-ჯავახეთში, თუშეთში, ბორჯომსა და გარდაბანში ხორციელდება. უამრავი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა სწორედ ამ პროექტებში ჩართული არქეოლოგებისა და სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ფასდაუდებელი მუშაობის შედეგია.

პროგრამის სანახავად დააჭირეთ აქ.

#DiplomaziaCulturale