ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

ემილია-რომანია რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული ღონისძიებების დიდი წარმატება

Emilia Romagna-banner

2025 წელს საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით 36 კულტურული ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, არაერთი თეატრალური თუ საბალეტო წარმოდგენა, გამოფენა, კონცერტი, კინოჩვენება და ლიტერატურული საღამო. რამდენიმე მათგანი იტალიის საელჩოს მიერ ემილია-რომანიას რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებული პროექტის ფარგლებში ჩატარდა. იტალიის ამ უაღრესად საინტერესო რეგიონის კულტურული მრავალფეროვნების წარმოსაჩენად, ღონისძიებები სხვადასხვა დარგებს – განათლებას, თეატრსა და სამზარეულოს – მიეძღვნა.


განათლება:

სექტემბერში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინიტროს, მასწავლებელთა ეროვნულ ასოციაციას, Modus College-სა და იტალიურ ორგანიზაცია Reggio Children-ს შორის. Reggio Children ინოვაციური საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომლის მიზანი ბავშვების განვითარების თანამედროვე მიდგომების შემუშავება და რეჯო-ემილიაში დანერგილი მეთოდის პოპულარიზაციაა.

ოქტომბერში გაიმართა ევროპაში უძველესი ბოლონიის უნივერსიტეტის დელეგაცის ვიზიტი, რომელსაც ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორი ჯოვანი მოლარი ხელმძღვანელობდა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა (BTU) და განათლების ცენტრი „მინერვას“ მიერ ორგანიზებული ვიზიტი მიზნად ისახავდა მსჯელობას ისეთ ერთობლივ ინიციატივებსა და პროექტებზე, როგორიცაა სამხრეთ კავკასიაში პირველი კვანტური კომპიუტერის შექმნა და ბიზნესის ადმინისტრირებისა და მართვის, ეკონომიკის, საინფორმაციო მეცნიერებებისა და ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი კურსების ორგანიზება. ვიზიტის დროს გაიმართა ორივე უნივერსიტეტის პრეზენტაცია და, ასევე, დელეგაციის შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან.

დეკემბერში აღინიშნა “საქართველო-იტალიის ინოვაციების დღე“, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ, იტალიის საელჩოსთან და განათლების ცენტრ მინერვასთან თანამშრომლობით გაიმართა. კვანტური გამოთვლების დარგში ერთობლივი პროექტების ხელშეწყობის მიზნით გამართულ ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთო ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი ელიზა ერკოლესი.


თეატრი:

ნოემბერში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა “საჩუქარი”, რომელიც ტრადიციულად იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, მაყურებელს შესთავაზა სპექტაკლებით, თეატრალური სახელოსნოებითა და კინოჩვენებებით მდიდარი „იტალიური ფოკუსი“, კერძოდ:

  • იტალიური თეატრალური კომპანია Kepler-452-ის მიერ, ემილია რომანიას კულტურული ფონდი ATER-ს მხარდაჭერით შექმნილი დოკუმენტური სპექტაკლის პრეზენტაცია;
  • სახელგანთქმული თეატრალური დასი Teatro delle Albe-ს დამფუძნებლის, რეჟისორისა და დრამატურგის, მარკო მარტინელის ფილმის “ER” ჩვენება;
  • თეატრალური სახელოსნო-სემინარი „პოეტთა განსაწმენდელი“, რომელიც იტალიური ენის 25-ე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გაიმართა და მას რავენას თეატრი Teatro delle Albe-ს დამფუძნებლები, მარკო მარტინელი და ერმანა მონტანარი უძღვებოდნენ;
  • Teatro delle Albe/Ravenna Teatro-ს Primavera dei Teatri-სთან თანამშრომლობით შექმნილი წარმოდგენა „დედა“, ბრწყინვალე მსახიობი ერმანა მონტანარის მონაწილეობით;


სამზარეულო:

ნოემბერში ჩატარდა იტალიური სამზარეულოს მე-10 მსოფლიო კვირეულის საქართველოში აღმნიშვნელი ღონისძიებები, რომლებიც იტალიის საელჩომ იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოსთან (ICE-ITA) თანამშრომლობით მოამზადა და, გასტრონომიის კუთხით იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და საინტერესო რეგიონის, ემილია-რომანიის სამზარეულოს მიუძღვნა:

  • საქართველოს დედაქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო რესტორან „დიუმაში“ გამართული საზეიმო ვახშამი, რომელიც იტალიური სამზარეულოს საერთაშორისო სკოლა ALMA-ს შესანიშნავმა შეფ-მზარეულებმა, სტეფანო სკარსომ, ალმოს გალეოტიმ და დანიელა ანტონიოტიმ მოამზადეს;
  • იტალიური გასტრონომიის და მუსიკის ორდღიანი ფესტივალი, რომლის მრავალრიცხოვან სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაესინჯათ იტალიური ნაწარმი და ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი იტალიური კერძები. დეგუსტაციების გარდა, ფესტივალზე გაიმართა იტალიელი და ქართველი შეფ-მზარეულების მასტერკლასები და მუსიკალური პერფორმანსი, რომელსაც ცნობილი იტალიელი და ქართველი დიჯეები უძღვებოდნენ.

#DiplomaziaCulturale