13-19 ოქტომბერს მთელ მსოფლიოში აღინიშნება იტალიური ენის ოცდამეხუთე კვირეული, რომელიც იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება. ამ ყოველწლიურ ინიციატივას, რომლის მიზანი უცხოეთში იტალიური ენობრივი და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციაა, დასაბამი 2001 წელს იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროსა და კრუსკას აკადემიას შორის შეთანხმების საფუძველზე მიეცა, მოგვიანებით კი მას შვეიცარიის კონფედერაციაც შეუერთდა.
იტალიური ენის მსოფლიო კვირეული, რომლის თემა ყოველ წელს განსხვავებულია, დიდი წარმატებით სარგებლობს და მის ფარგლებში იმართება კონფერენციები, გამოფენები, შეხვედრები და საჯარო ლექციები. წლევანდელი კვირეულის თემაა „იტალოფონია: ენა საზღვრებს მიღმა“. კვირეული ეძღვნება იტალიის ლინგვისტურ, კულტურულ და სოციალურ გარემოს და იმ ადამიანებს მთელ მსოფლიოში, რომლებსაც ჩვენი ენისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარული აერთიანებს.
კვირეულთან დაკავშირებით კრუსკას აკადემიამ, გამომცემლობა goWare-თან თანამშრომლობით, გამოსცა ანალიზა ნეზისა და ბრუნო მორეტის მიერ მომზადებული წიგნი, რომელიც ხელმისაწვდომია ციფრულ ფორმატში.
იტალიის საელჩო საქართველოში გთავაზობთ მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომლებიც იტალიური ენის ოცდამეხუთე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გაიმართება (დასწრება თავისუფალია).
კვირეულის პროგრამა:
13 ოქტომბერს, 16:00სთ-ზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებულ სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიურ ბიბლიოთეკაში (რომელიც 2016 წელს იტალიის საელჩოს მიერ საჩუქრად გადაცემული 4700-ზე მეტი წიგნის ბაზაზე შეიქმნა) გაიმართება ლილიანა ნობილეს პოეტური კრებულის “Angoli remoti” პრეზენტაცია და ავტორთან შეხვედრა.
15 ოქტომბერს, 16:00სთ-ზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება და პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის იტალიური ენის უფასო კურსების ჩატარებას ითვალისწინებს. ღონისძიებას იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე დაესწრებიან.
16 ოქტომბერს, 11:30სთ-ზე, 1996 წელს დაარსებულ სკოლა „ცისკარში“, სადაც იტალიური ენა ისწავლება, როგორც პირველი უცხო ენა ყველა სავალდებულო საგნისთვის და მას 250-ზე მეტი მოსწავლე ეუფლება, გაიმართება ვიდეოს „რომი და საქართველო“ პრეზენტაცია და კვირეულის თემისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. კონკურსში გამარჯვებულები იტალიის საელჩოსგან საჩუქრად იტალიელი ავტორების ქართულ ენაზე თარგმნილ წიგნებს მიიღებენ.
17 ოქტომბერს, 12:00სთ-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ჯოვანი ბოკაჩოს გარდაცვალების 650-ე წლისთავს მიეძღვნება. კონფერენციაში მონაწილეობას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები მიიღებენ.
21 ოქტომბერს, 16:00სთ-ზე, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ჩატარდება იტალიური ენის კვირეულის განმავლობაში ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას“ მიერ საქართველოს 62-ზე მეტ საჯარო და კერძო ქართულ სკოლაში ორგანიზებულ სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება. კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები იტალიის საელჩოსა და შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მიერ მომზადებული პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.
21 ოქტომბერს, 18:00სთ-ზე, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გაიმართება ქართულ-იტალიური განათლების ცენტრი „მინერვას“ მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელსაც ქ. ნეაპოლის ფედერიკო II-ს სახ. უნივერსიტეტის დოცენტი ფრანჩესკა დოვეტო გაუძღვება.
24 ოქტომბერს, 12:00სთ-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შეხვედრა ცნობილ იტალიელ მწერალთან, პოეტსა და ესეისტთან, დაჩა მარაინისთან და ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნის „წერის სიყვარული“ პრეზენტაცია. თანამედროვეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს იტალიელ მწერლად აღიარებული მარაინი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან სამყაროსა და მწერლობის საკუთარ ხედვაზე ისაუბრებს.
4-7 ნოემბერს, თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრში გაიმართება თეატრალური სახელოსნო-სემინარი „პოეტთა განსაწმენდელი“, რომელსაც გაუძღვებიან მარკო მარტინელი და ერმანა მონტანარი რავენას თეატრიდან „Teatro delle Albe“. სახელოსნო-სემინარი გაიმართება ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ იტალიური ფოკუსის ფარგლებში.
თვალყური ადევნეთ ჩვენს ინიციატივებს სოც. ქსელების მეშვეობით!
