შარშანდელი წარმატების შემდეგ, იტალიური სპორტის მსოფლიო დღე (იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ინიციატივა, რომლის მიზანი, სპორტისა და სპორტსმენების მეშვეობით, იტალიური სპორტული ინდუსტრიებისა და მათთან დაკავშირებული სფეროების პოპულარიზაციაა) თბილისში იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიებებით ბრუნდება.
პირველი ღონისძიების მიზანია სპორტში ჩართული ახალგაზრდული კომპონენტის მნიშვნელობისა და სპორტის აღმზრდელობითი ფუნქციის წარმოჩენა AC Milan-ის უნიკალური გამოცდილების მეშვეობით: დღეს საქართველოს დედაქალაქში გაიხსნა AC Milan-ის პირველი ახალგაზრდული საფეხბურთო ბანაკი, რომელიც იტალიის საელჩოს, AC Milan-ისა და Sports Corporation LLC-ს ორგანიზებით ხორციელდება.
„სპორტი ჩვენთვის – მიზანსწრაფული სპორტსმენებისა თუ გულმხურვალე ქომაგებისთვის – იტალიის იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს: ჩვენი ჩემპიონები გვეამაყება და ის ემოციები გვაერთიანებს, რომლებსაც სპორტი გვჩუქნის“, – აღნიშნა იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, „მაგრამ სპორტი მხოლოდ ჯილდოების მოპოვებას არ ნიშნავს. სპორტი ყოველთვის იყო და არის თანამშრომლობის, დიალოგისა და დიპლომატიის ხელშემწყობი ინსტრუმენტი. ჯანსაღი კონკურენცია, ურთიერთპატივისცემა, მშვიდობა და მეგობრობა ის ღირებულებებია, რომელსაც იტალიური სპორტის დღე ეფუძნება. დღეს ჩვენ AC Milan-ის ახალგაზრდულ ბანაკს ვხსნით, სადაც პატარა ქართველი ფეხბურთელების წრთვნებს „მილანის“ წარმატებული წითელ-შავი საფეხბურთო კლუბის წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ“.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის მერი კახა კალაძე, Sports Corporation LLC-ს დამფუძნებლები ლორენცო ჩიპრიანი და გიორგი ფოფხაძე და AC Milan Academy-ს ტექნიკური კოორდინატორი, მწრთვნელი ფაბიო ვანონი.
AC Milan-ს ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც თბილისში 8-14 სექტემბერს გაიმართება, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ფეხბურთის ნიჭით დაჯილდოებული მოზარდების გამოვლენას და მათთვის „მილანის“ კლუბის ფილოსოფიის გაზიარებას, არამედ ფეხბურთისთვის დამახასიათებელი თვისებების – შრომისმოყვარეობის, თავდადებისა და გუნდურობის – განვითარებას.
თვალყური ადევნეთ ჩვენს სოც.ქსელებს და არ გამოგრჩეთ ღონისძიებები, რომლებსაც იტალიის საელჩო სექტემბერში მოგიმზადებთ, რათა ერთად აღვნიშნოთ იტალიური სპორტის დღე და გავიზიაროთ ის სიხარული, რომელსაც სპორტი გვჩუქნის.
#DiplomaziaSportiva