ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების მეხუთე ფესტივალი, რომელიც წელს საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით ტარდება, იტალიურ ფოკუსს უმასპინძლებს. იტალიური კინოს მოყვარულებს იტალიური ფოკუსის ფარგლებში არაერთი კინოჩვენება, შეხვედრა და საინტერესო ლექცია ელით.
28 სექტემბერს გაიმართება:
- დიდი იტალიელი პოეტის, მწერლის, რეჟისორის, მსახიობისა და სცენარისტის, პიერ პაოლო პაზოლინის გარდაცვალების 50 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება – პაზოლინის ფილმის „რიკოტა“ ჩვენება და საჯარო ლექცია, რომელსაც მთარგმნელი, პრესტიჟული ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი და საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტი ხათუნა ცხადაძე ჩაატარებს;
- იტალიელი ჟურნალისტისა და კინოკრიტიკოსის, ტომაზო ტოჩის ლექცია ახალგაზრდა კინოკრიტიკოსებისთვის;
- ბენიამინო ბარეზეს 2019 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის „დედაჩემის გაუჩინარება“ ჩვენება, რომელიც რეჟისორმა დედას, ბენედეტა ბარცინის მიუძღვნა – ცნობილ მოდელსა და ჟურნალისტს, ცნობილი ფოტოგრაფებისა და მხატვრების (მათ შორის, ინვინგ პენი, რიჩარდ ავედონის, ენდი უორჰოლისა და სალვადორ დალის) მუზას, გასული საუკუნის 60-იანი წლების მოდის სახეს და პირველ იტალიელ ტოპ-მოდელს, რომელიც სახელგანთქმული ჟურნალის „Vogue“-ის გარეკანზე გამოჩნდა. კინოჩვენებას ფილმის რეჟისორი და თავად ბენედეტა ბარცინი დაესწრებიან.
29 სექტემბერს დაგეგმილია:
- ყველა დროის ერთ-ერთ უდიდესი რეჟისორის, ფედერიკო ფელინის ფილმის „ორკესტრის რეპეტიცია“ ჩვენება და ფელინის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია.
30 სექტემბერს ჩატარდება:
- იტალიური კინოს კიდევ ერთი გენიალური წარმომადგენლის, მიქელანჯელო ანტონიონის ფილმის „ფოტოგადიდება“ ჩვენება და ლექცია, რომელიც მიეძღვნება ტონინო გუერას – პოეტს, მწერალსა და სცენარისტს, რომელმაც უამრავ სახელგანთქმულ რეჟისორთან ითანამშრომლა და მსოფლიო კინემატოგრაფს განსაკუთრებული კვალი დაამჩნია.
#DiplomaziaCulturale