ეს ვებგვერდი იყენებს ტექნიკურ (აუცილებელ) და ანალიტიკურ ქუქი-ფაილებს (Cookies).
ნავიგაციის გასაგრძელებლად დაადასტურეთ, ეთანხმებით თუ არა მათ გამოყენებას.

იტალიური მონაწილეობა მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალზე

1

29 ივლისიდან 3 აგვისტომდე კავკასიონის სამხრეთ ქედის კალთებზე მდებარე, ულამაზესი ბუნებით, მდიდარი ისტორიითა და უნიკალური კულტურით გამორჩეული საქართველოს რეგიონი, სვანეთი, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების რიგით მეხუთე ფესტივალს მასპინძლობს, რომელიც საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერით იმართება.

მთის თემატიკაზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან წარმოდგენილი მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმების გარდა, ფესტივალს იტალიიდან განსაკუთრებული სტუმრები ეწვივნენ, მათ შორის, მე-19 საუკუნის ბოლოს კავკასიაში გამართული ექსპედიციების დროს გადაღებული უნიკალური ფოტოსურათების ავტორის, საქართველოში კარგად ნაცნობი იტალიელი მთასვლელისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას ბიძის, კვინტინო სელას მიერ 1863 წელს დაარსებული იტალიის ალპური კლუბის (CAI) წარმომადგენლები ალდო აუდიზიო და ლეონარდო ბიძარო.

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალის ფარგლებში ორი იტალიური ფილმის ჩვენება გაიმართა: 30 ივლისს რეჟისორმა ძაძარამ წარმოადგინა 2023 წელს აბრუცოში გადაღებული ფილმი “სხეული და სული”, რომელიც მოგვითხრობს დღემდე არსებულ ძველ ტრადიციაზე – „ფეხშიშველთა რბოლაზე“. 31 ივლისს ალდო აუდიზიომ და ლეონარდო ბიძარომ წარადგინეს 1955 წელს გადაღებული ფილმის „იტალია K2” აღდგენილი ვერსია. რეჟისორ მარჩელო ბალდისა და ოპერატორ მარიო ფანტინის მიერ შექმნილი კინოსურათი ამ სიმაღლეზე გადაღებული პირველი ფილმია კინემატოგრაფის ისტორიაში. ფილმი „იტალია K2” მოგვითხრობს იტალიელი მთასვლელების ექსპედიციაზე არდიტო დეზიოს ხელმძღვანელობით, რომლებმაც 1954 წელს დედამიწის სიმაღლით მეორე (ევერესტის შემდეგ) მწვერვალი K2 დაიპყრეს.

ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე, რომელმაც იტალიასა და საქართველოს შორის კულტურისა და კინემატოგრაფის სფეროში ურთიერთობებისა და ურთიერთგაცვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.