მრავალფეროვანი ღონისძიებებით, სიურპრიზებითა და უამრავი ემოციით აღსავსე 2023 წელი სრულდება 26-ე საერთაშორისო ფესტივალით “საახალწლო მუსიკალური შეხვედრები”, რომელსაც წელს მისი დამაარსებლის, პროფ. მანანა დოიჯაშვილის სახელი მიენიჭა. იტალიის საელჩოს მხარდაჭერით გამართულ კონცერტში, ქართველ პიანისტ ნინო ფავლენიშვილთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ცნობილი იტალიელი საოპერო მომღერალი (ბანი) რობერტო სკანდიუცი, რომელიც თანამშრომლობდა სახელგანთქმულ დირიჟორებთან (მათ შორისაა კლაუდიო აბადო, ზუბინ მეტა, რიკარდო მუტი და ლორინ მააზელი) და დღესაც წარმატებით გამოდის მსოფლიოს ისეთი პრესტიჟული თეატრების სცენებზე, როგორიცაა ვენეციის “ლა ფენიჩე”, ნიუ-იორკის “მეტროპოლიტენ-ოპერა”, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრი, ვენის სახელმწიფო ოპერა და პარიზის ბასტილიის საოპერო თეატრი.
კონცერტზე, რომელიც 20 დეკემბერს, 19:00სთ-ზე, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება, აჟღერდება ვინჩენცო ბელინის, შარლ გუნოს, სტეფანო დონაუდის, ჟიულ მასნეს, ჟორჟ ბიზეს, ფრანჩესკო პაოლო ტოსტისა და სხვა კომპოზიტორების მუსიკა.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ.